Accessibility links

logo-print
თბილისში არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა. ღონისძიება სისხლის სამართლის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინიციატივითა და ევროკავშირის პროექტის "კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში" ორგანიზებით შედგა. შეხვედრაზე სხვადასხვა უწყებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა იმ ქმედითი ღონისძიებების დაგეგმვაზე იმსჯელეს, რომელიც არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციას შეუწყობს ხელს და მათ ციხეებში მოხვედრას აარიდებს.

უკანასკნელ ხანებში კანონის დამრღვევ არასრულწლოვანთა მიმართ სახელმწიფოს დამოკიდებულების ლიბერალიზაცია შეინიშნება. ამის დასტურად გამოდგება გასული წლის 15 ნოემბერს ამუშავებული განრიდების პროგრამაც, რომელიც ნაკლებად მძიმე დანაშაულში ბრალდებულ ან დანაშაულის პირველად ჩამდენ არასრულწლოვანთა ნაწილის მიმართ პასუხისმგებლობის ალტერნატიული ფორმების გამოყენებას გულისხმობს. კერძოდ, ჩადენილი დანაშაულის სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოხდის სანაცვლოდ, არასრულწლოვანი რეაბილიტაციისა და საზოგადოებაში რეინტეგრაციის ღონისძიებებში ერთვება. პროგრამა საქართველოს 4 ქალაქში - თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში - ამოქმედდა.

დღეს, 4 მაისს, გამართულ კონფერენციაზე, რომელიც იუსტიციის სამინისტროს სისხლის სამართლის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინიციატივით ჩატარდა, ითქვა, რომ მნიშვნელოვანია არასრულწლოვანთა შორის დანაშაულის ჩადენის პრევენციაც. პრევენციის აუცილებლობა არასრულწლოვან დამნაშავეთა სტატისტიკის ზრდით არ არის განპირობებული, პრევენციის აუცილებლობა დანაშაულის გამომწვევი მიზეზების წინააღმდეგ ბრძოლით აიხსნებაო, ამბობს იუსტიციის სამინისტროს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი რუსუდან მიხელიძე. მისი განმარტებით, იუსტიციის სამინისტრო ახალ პროექტს იწყებს, რომელიც საჯარო სკოლებში განხორციელდება:
ქართული კვლევით, მაღალი რისკის ოჯახი აღმოჩნდა ის ოჯახი, სადაც პატიმარი ან ყოფილი პატიმარია; ოჯახი, სადაც ძალიან ახალგაზრდა ან მარტოხელა დედაა...

”დავიწყეთ პროგრამა ”არჩევანი შენზეა”, რომელიც დაგეგმვის სტადიაშია. პროგრამის მიხედვით, ეს გახლავთ სკოლებში ამავე სკოლის გამოშვებიდან წარმატებული ადამინების ვიზიტი. ეს ადამიანები მოუყვებიან მოსწავლეებს, რა დაედო საფუძვლად მათ წარმატებას, რა გზა გაიარეს და როგორ მიაღწიეს ცხოვრებაში დასახულ მიზნებს. ეს, ჩვენი აზრით, იქნება ძალიან დადებითი ეფექტის მქონე და ეს არის მრავალ ქვეყანაში აპრობირებული მეთოდი”, აცხადებს რუსუდან მიხელიძე და დასძენს, რომ პროექტს სხვა სამინისტროებთან ერთად განახორციელებენ, რაც ზემოთ ნახსენები პროგრამის პარალელურად მოზარდების არასასკოლო პროგრამებში ჩართულობასაც ითვალისწინებს. მთავარი მიზანი კი იმაში მდგომარეობს, რომ არასრულწლოვანს თვითრეალიზაციის არეალი გაუფართოვდეს და რაც შეიძლება ნაკლები დრო დარჩეს კანონსაწინააღმდეგო ქცევისათვის.

ფსიქოლოგი ნინო მახაშვილი, დირექტორი არასამთავრობო ორგანიზაციისა „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში“, ამბობს, რომ არასრულწლოვან დამნაშავეთა სტატისტიკური მაჩვენებელი ეპიდემიოლოგიურად არ გაზრდილა, მაგრამ, მისი მონაცემებით, გაიზარდა რისკჯგუფები და, მათ შორის, ე.წ. მაღალი რისკის ოჯახები, რაც არასრულწლოვანთა შორის დანაშაულის მატების საფუძველს ქმნის:

”მაღალი რისკის ოჯახებს მიეკუთვნება ოჯახები, სადაც ძალიან მძიმე სიდუხჭირეა; ომის ტრავმის მქონე ოჯახები, გადაადგილებული ოჯახები... ქართული კვლევით, მაღალი რისკის ოჯახი აღმოჩნდა ის ოჯახი, სადაც პატიმარი ან ყოფილი პატიმარია; ოჯახი, სადაც ძალიან ახალგაზრდა ან მარტოხელა დედაა; ოჯახი, რომელიც ძალიან მრავალშვილიანია... ძალიან ბევრია რისკფაქტორი და ჩვენს სინამდვილეში ისინი კიდევ უფრო ძლიერდება”, - აცხადებს ფსიქოლოგი ნინო მახაშვილი.


იმ ქვეყანაში, სადაც ეს კვლევაა ჩატარებული, იქ ამბობენ, რომ განმეორებითი დანაშაულის პროცენტული მაჩვენებელი არის 80%...
არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი დანაშაულის მიხედვით, საქართველო გამორჩეული არ არის და საშუალო სტატისტიკური მონაცემების ქვეყანაა, ამბობს იუნისეფის ბავშვთა დაცვის პროგრამების ხელმძღვანელი აარონ გრინბერგი. მისი აზრით, საქართველოს სხვა ქვეყნებისგან არასრულწლოვანთა დასჯის სისტემა განასხვავებს:

”არასრულწლოვანებს, თუკი ისინი პირველად ჩაიდენენ დანაშაულს, საქართველოში ხშირად პირობით სასჯელს უსჯიან ან ციხეში აგზავნიან და ეს დამოკიდებულება ძალიან ნელა იცვლება. მსოფლიოს ბევრ სხვა ქვეყანაში პირველ დანაშაულზე არასრულწლოვანს საერთოდ არ ასამართლებენ, მათ არიდებენ სასამართლო სისტემას. ეს ტენდენცია საქართველოშიც შეინიშნება, რაც პოზიტიური ნიშანია, თუმცა ეს პროცესი საჭიროებს დაჩქარებას და ის უნდა გაგრძელდეს.”
იუნისეფის ბავშვთა დაცვის პროგრამების ხელმძღვანელის აარონ გრინბერგის განცხადებით, მათი ორგანიზაცია საქართველოს ხელისუფლებას პრევენციის სტრატეგიის განსაზღვრაში დაეხმარება და შედეგების ანალიზს აწარმოებს.

სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს მონაცემებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში 100-მდე არასრულწლოვანი იხდის სასჯელს. საქართველოში არსებობს სტატისტიკა, თუ როგორია დანაშაულის განმეორების რიცხვი იმ არასრულწლოვან პატიმართა შორის, რომლებმაც ერთხელ უკვე მოიხადეს სასჯელი, ამბობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კრიმინოლოგიისა და კრიმინალისტიკის ინსტიტუტის, კრიმინოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელი მორის შალიკაშვილი. ის ასახელებს გერმანიაში ჩატარებული კვლევის მონაცემებს, რის საფუძველზეც აცხადებს, რომ საქართველოშიც კანონი მეტად ლიბერალური უნდა გახდეს:

”იმ ქვეყანაში, სადაც ეს კვლევაა ჩატარებული, იქ ამბობენ, რომ განმეორებითი დანაშაულის პროცენტული მაჩვენებელი არის 80%. ეს კომპონენტიც მიუთითებს, რომ სისხლის სამართლის პოლიტიკა უნდა გალიბერალურდეს.”

მორის შალიკაშვილის განცხადებით, არასრულწლოვანთა დასჯა სხვა არასრულწლოვანებისთვის დანაშაულის პრევენციად არ გამოდგება. მისი აზრით, ასევე დამოკიდებულება უნდა შეიცვალოს საზოგადოებამ, რომელიც კანონის დამრღვევის მიმართ ძალიან მკაცრია და მის სამართლებრივ პასუხისმგებლობას მოითხოვს. მორის შალიკაშვილი ფიქრობს, რომ დანაშაულის პრევენციის უკეთესი გზა იქნება, მეტი პასუხისმგებლობა თავად საზოგადოებამ იტვირთოს.
XS
SM
MD
LG