Accessibility links

მულტიფუნქციური ID


იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე

იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე

მიმდინარე წლის ზაფხულში საქართველოში პირადობის ელექტრონული მოწმობების შემოღება იგეგმება. ახალი მოწმობა პლასტიკური ბარათის ტიპის იქნება და მასზე ელექტრონული ხელმოწერის სერტიფიკატი განთავსდება. ახალი საიდენტიფიკაციო ბარათები არსებითად გაამარტივებს მოქალაქეებთან სახელმწიფო და კერძო სექტორის ურთიერთობას, - აღნიშნავენ იუსტიციის სამინისტროში. სამინისტროს ორგანიზებით ელექტრონული პირადობის მოწმობის შემოღების საკითხზე თბილისში ორდღიანი კონფერენცია მიმდინარეობს.
გავუმარტივოთ მოსახლეობას, გავუმარტივოთ კერძო ბიზნესს ურთიერთობა სახელმწიფოსთან - ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი და ეს მართლაც გაკეთდა სხვადასხვა რეფორმების მიხედვით...

კონფერენციის პირველი დღე ელექტრონული პირადობის მოწმობის პრეზენტაციას დაეთმო. კონფერენციის მონაწილეებს ნიმუში კომპანია ”მიულბაუერის” წარმომადგენელმა უჩვენა. ქართული ელექტრონული პირადობის მოწმობების დამზადებისა და პერსონალიზაციის სისტემის დანერგვას სწორედ ეს გერმანული კომპანია ახორციელებს. წინასწარი ინფორმაციით, ელექტრონული პირადობის მოწმობების გაცემა საქართველოში 1 ივლისიდან დაიწყება, თუმცა მას სავალდებულო ხასიათი არ ექნება. არსებული პირადობის მოწმობების შეცვლის კონკრეტული ვადები ჯერ დათქმული არ არის, თუმცა ვრცელდება ცნობა იმის შესახებ, რომ 2011-დან 2016 წლამდე ხელისუფლება 3 მილიონი ელექტრონული პირადობის მოწმობის დარიგებას გეგმავს. ახალი მოწმობა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მთავრობის გათვლებით, არსებითად შეცვლის სახელმწიფო და კერძო სექტორის ურთიერთობას მოქალაქეებთან.
გაამარტივებს ჩვენს ყოველდღიურ პროცედურებს: ყველა სერვისი შესაძლებელი იქნება ონლაინში, ყველა სერვისი შესაძლებელი იქნება ბიზნესის მხრიდანაც ონლაინში...

”გავუმარტივოთ მოსახლეობას, გავუმარტივოთ კერძო ბიზნესს ურთიერთობა სახელმწიფოსთან - ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი და ეს მართლაც გაკეთდა სხვადასხვა რეფორმების მიხედვით. როგორც საგადასახადო რეფორმა, ასევე პოლიციის რეფორმა, ასევე იუსტიციის სამინისტროს რეფორმა ამას აჩვენებს. ახლა შემდეგი ნაბიჯი უკვე არის ელექტრონული ბარათი, რომელიც კიდევ ერთი გადადგმული ნაბიჯია ამ რეფორმების გზაზე”, განაცხადა მედიასთან ელექტრონული პირადობის მოწმობის პრეზენტაციაზე მყოფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა.

როგორც იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე განმარტავს, ახალი პირადობის მოწმობების პროექტი უნიკალურია მსოფლიო მასშტაბით და 2-3 წელიწადში მთლიანად შეცვლის საქართველოს მოქალაქეების ცხოვრებას:

”გაამარტივებს ჩვენს ყოველდღიურ პროცედურებს: ყველა სერვისი შესაძლებელი იქნება ონლაინში, ყველა სერვისი შესაძლებელი იქნება ბიზნესის მხრიდანაც ონლაინში, ანუ როგორც სახელმწიფო, ასევე ბიზნესსექტორი ონლაინში გააკეთებს სერვისებს. ვფიქრობთ, რომ ეკონომიკურ ზრდაზეც საკმაოდ სერიოზულ გავლენას იქონიებს და, რაც ყველაზე მთავარია, ყოველდღიური ცხოვრება ყველა მოქალაქეს გაუმარტივდება და, კიდევ ერთი: ჩვენ ისედაც სამაგალითო რეფორმები გვაქვს ძალიან ბევრი მიმართულებით და ID ბარათი რეგიონში მხოლოდ ჩვენ გვექნება. მსოფლიო მასშტაბით ორმაგი ინტერფეისით ბარათი მხოლოდ ორ ქვეყანას აქვს და მესამე არის საქართველო და, შესაბამისად, ჩვენ ვიქნებით სამაგალითო ამ კუთხით.”

ელექტრონული პირადობის მოწმობა, გიორგი ვაშაძის განმარტებით, არის დოკუმენტი, რომელიც ერთდროულად თავის თავში რამდენიმე ფუნქციას აერთიანებს. ბარათზე დატანილი იქნება ორი სახის ელექტრონული ჩიპი - კონტაქტური და უკონტაქტო. კონტაქტური მატარებელი ელექტრონული ხელმოწერებისათვის გამოიყენება. ახალი პირადობის მოწმობის საფუძველზე, პირს, მაგალითად, განაცხადის შეტანა, პლასტიკურ ბარათზე დატანილი ელექტრონული ხელმოწერით დამოწმების შემდეგ, ნებისმიერ სახელმწიფო უწყებაში ელექტრონული ფოსტით შეეძლება. ახალი ტიპის პირადობის მოწმობაზე არსებული მეორე ჩიპი განკუთვნილია იმ სერვისებისათვის, რომელთაც მოქალაქე ყოველდღიურ ცხოვრებაში იყენებს. მომავალში ბარათი შეითავსებს, მაგალითად, საბანკო, სადაზღვევო, ტრანსპორტის სამგზავრო და სხვა დოკუმენტების ფუნქციასაც.

ითქვა ისიც, რომ სიახლე გამორიცხავს საარჩევნო სიების უზუსტობას. ცნობილი საარჩევნო „რვიანი“ ბარათის მულტიფუნქციურობაში ერთი კონკრეტული ფუნქციის დამატებასაც მოითხოვს.

”ამ ბარათში დატანილი უნდა იქნეს ბიომეტრიული მონაცემები - ამას ვგულისხმობთ ჩვენ”, ამბობს ახალი მემარჯვენე მამუკა კაციტაძე.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კი აღნიშნავს, რომ მომავალ არჩევნებში ელექტრონული ბარათებით მონაწილეობის ეფექტურობა დიდწილადაა დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენი ბარათის გაცემა მოესწრება არჩევნებამდე.

”არჩევნებში მთავარია საარჩევნო სისტემისადმი ნდობა. და რაც ამას გააუმჯობესებს, ყველაფერი კარგია. ერთი ცალიც რომ გაიცეს, უკვე რაღაცა ნდობის გაუმჯობესებისკენ გადადგმული ნაბიჯია. პანაცეა, რა თქმა უნდა, არ არის, მაგრამ რაღაცას ხელს შეუწყობს.”

ელექტრონული პირადობის მოწმობის საფასური 30 ლარს შეადგენს, სოციალურად დაუცველთათვის კი უფასოა.

ამავე თემაზე

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG