Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 4 მაისი, 2011


4 მაისს გამოსული გაზეთების უმეტესობამ პირველ გვერდზე გამოიტანა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის ვასილ სანოძის საეჭვო ვითარებაში დაჭრის ისტორია.

„ახალი თაობისათვის“ მიცემულ ინტერვიუში ნანა კაკაბაძე, ხელმძღვანელი ორგანიზაციისა „პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის“, გამოთქვამს ვარაუდს, რომ მომხდარი უშუალო კავშირშია გირგვლიანის საქმესთან. ამასთან, ნანა კაკაბაძე არც მკვლელობის მცდელობას გამორიცხავს და არც თვითმკვლელობისას: „თუ სანოძის თვითმკვლელობის ფაქტთან გვაქვს საქმე, მას ამ მდგომარეობამდე ხელისუფლება მიიყვანდა. სანოძე არის ის პიროვნება, რომელსაც მნიშვნელოვანი ინფორმაცია გააჩნია სანდრო გირგვლიანის მკვლელობასთან დაკავშირებით.“ მომხდარის ვერსიებზეა ლაპარაკი „რეზონანსის“ ფურცლებზეც.

სტატიაში, რომლის სათაურია „შინაგან საქმეთა სამინისტრო თვითმკვლელობის ვერსიას ურყოფს“, კახა კუკავა ამბობს: „ჩემი აზრით, ეს იყო სანოძის დაშინების ან მკვლელობის მცდელობა. რა თქმა უნდა, მერაბიშვილის მხრიდან. მე, როგორც იურისტი, გეტყვით, რომ მძიმე კატეგორიის დანაშაულში, რომელიც ჩადენილია ჯგუფის მიერ, გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ თანამონაწილეებს შორის ყოველთივს იწყება წინააღმდეგობა.“

გაზეთი „ვერსია“ კი ცესკოს თავმჯდომარისათვის ჩამორთმეული ექსკლუზიური ინტერვიუთი ეხმიანება საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით ოპოზიციურ „რვიანსა“ და ხელისუფლებას შორის დაწყებული მოლაპარაკების ჩიხში შესვლას. ვრცელი, თითქმის ერთგვერდიანი ინტერვიუდან მკითხველი შეიტყობს, რომ ზურაბ ხარატიშვილი ოპტიმისტურადაა განწყობილი. „დარწმუნებული ვარ, პროცესი წინ აუცილებლად წავა. შეთანხმებაც შედგება, მაგრამ დროა საჭირო. პროცესის გაგრძელებას ალტერნატივა არ აქვს. ასე რომ არ იყოს, ყველა წააგებს“, ამბობს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.

4 მაისის გაზეთი „ვერსია“, ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით, აქვეყნებს ვრცელ მასალას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტის მერაბ ჟორდანიას პოლიტიკურ გეგმებზე. სტატიაში „მერაბ ჟორდანია რომან აბრამოვიჩის ფულით ოპოზიციას დააფინანსებს“ ანონიმური წყარო აცხადებს, რომ რუსმა ოლიგარქმა რომან აბრამოვიჩმა მიიღო პუტინის შეკვეთა, დააფინანსოს ქართული ოპოზიციის პრორუსული ფრთა: „ჟორდანია აბრამოვიჩისათვის იდეალური ვარიანტია - მეგობრობს, ენდობა, საქმიანი პარტნიორია, თანაც ჟორდანიას თავისი პრეტენზიები აქვს ამ ხელისუფლებასთან“. სტატიის მიხედვით, არ არის გამორიცხული ჟორდანიამ პოლიტიკური პარტია შექმნას და თავად გახდეს მისი ლიდერი. გაზეთ „ვერსიის“ რედაქცია მკითხველს შეახსენებს, რომ ერთი წლის წინ ფეხბურთის კლუბი, არნჰემის „ვიტესი” მერაბ ჟორდანიამ რომან აბრამოვიჩის სახსრებით შეიძინა.

ფეხბურთზე, უფრო სწორად, ქართულ ფეხბურთში „ჩაწყობილი თამაშების“ შესახებ წერს 4 მაისის „24 საათი“. საუბარია ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით გამართულ შეხვედრაზე, რომლის მონაწილეებსაც „ჩაწყობილი თამაშები“ და მათში ჩართული ფეხბურთელების საქციელისადმი ერთიანი საპროტესტო პოზიცია უნდა ჩამოეყალიბებინა, თუმცა, გაზეთის ცნობით, შეხვედრა ვეტერანი ფეხბურთელების ერთი ნაწილისა და ფეხბურთის ფედარაციის პრეზიდენტის დაპირისპირების ფონზე წარიმართა.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG