Accessibility links

logo-print

თეთრი სახლი გადაწყვეტს, გამოაქვეყნოს თუ არა ბინ ლადენის სურათი


შეერთებული შტატების დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს დირექტორის, ლიონ პანეტას განცხადებით, შესაძლოა, ახლო მომავალში გამოქვეყნდეს სურათი, რომელიც სიკვდილის შემდეგ გადაუღეს ოსამა ბინ ლადენს. თუმცა, პანეტას თქმით, თეთრ სახლზეა დამოკიდებული ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღება. თეთრმა სახლმა გუშინ გაავრცელა ბინ ლადენის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული გარემოებების ახალი დეტალები. თეთრი სახლის პრესმდივან ჯეი კარნის განცხადებით, ბინ ლადენი შეიარაღებული არ იყო, მაგრამ მაინც გასწია წინააღმდეგობა მისი დაკავების მცდელობისას, რის შემდეგაც ის მოკლეს. „ბინ ლადენი და მისი ოჯახის წევრები შენობის მეორე და მესამე სართულებზე იპოვეს. შეშფოთებას იწვევდა ის, რომ ბინ ლადენი წინააღმდეგობას გაუწევდა მისი შეპყრობის ოპერაციას და მან მართლაც გასწია წინააღმდეგობა. ოთახში ბინ ლადენთან ერთად მყოფი ქალი - ბინ ლადენის მეუღლე - ამერიკელ მოიერიშეს მივარდა და მას ფეხში ესროლეს, მაგრამ არ მოუკლავთ. ამის შემდეგ ბინ ლადენს ესროლეს და მოკლეს. ის შეიარაღებული არ ყოფილა", - თქვა თეთრი სახლის პრესმდივანმა. აშშ აცხადებს, რომ გაარკვევს, პაკისტანი ეხმარებოდა თუ არა ოსამა ბინ ლადენს შეპყრობისათვის თავის არიდებაში, სანამ მას ამერიკელების სპეცოპერაციის შედეგად მოკლავდნენ.
XS
SM
MD
LG