Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიტვის პრეზიდენტი: მხარს ვუჭერთ საქართველოს ბრძოლას ტერიტორიული მთლიანობისთვის


ლიტვა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და ქვეყნის სწრაფვას გაწევრიანდეს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში, - ამ აქცენტების შემცველი განცხადებები ლიტვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ 4 მაისს, თბილისიდან გამგზავრების წინ, საერთაშორისო აეროპორტში გააკეთა. ”ჩვენ მხარს ვუჭერდით და მომავალშიც დავუჭერთ საქართველოს ბრძოლას ტერიტორიული მთლიანობისათვის, ხალხისა და ქვეყნის კეთილდღეობისათვის. ჩვენ მხარს დავუჭერთ საქართველოს მცდელობას ევროკავშირში გაწევრიანებისათვისაც. საქართველოში მე ჩამოვედი ასევე როგორც ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის ლიდერი. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში არსებული მდგომარეობა. ჩვენი სურვილია გამოირიცხოს ყოველგვარი შეიარაღებული დაპირისპირება. ეს არავის სურს”, - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას დალია გრიბაუსკაიტემ. საქართველოში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ლიტვის პრეზიდენტმა მხარდაჭერა ასევე გამოხატა ქვეყნის დემოკრატიული განვითარების კუთხითაც და აღნიშნა, რომ საქართველოს შემდგომი პროგრესი სწორედ დემოკრატიული რეფორმების წარმატებაზეა დამოკიდებული. თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ლიტველი კოლეგა პრეზიდენტმა სააკაშვილმა გააცილა და საქართველოს განსაკუთრებული მხარდაჭერისთვის განსაკუთრებული მადლობაც გადაუხადა. პრეზიდენტ სააკაშვილისა და თავისი ლიტველი კოლეგის პირველი შეხვედრა 3 მაისს შედგა. 4 მაისს კი მათ ერთად დაათვალიერეს ძველი თბილისი. სტუმარმა ასევე მოინახულა მცხეთის ღირსშესანიშნაობები და ოკუპაციის მუზეუმი თბილისში. დალია გრიბაუსკაიტე საქართველოს კავკასიური ტურნეს ფარგლებში 2 დღით სტუმრობდა. თბილისიდან ის ერევანში გაემგზავრა.
XS
SM
MD
LG