Accessibility links

თეთრი სახლი ბინ ლადენის განადგურების ოპერაციის დეტალებს ამჟღავნებს


„ალ ყაიდის“ ლიდერის, ბინ ლადენის მოძებნისა და ლიკვიდაციის ოპერაცია, რომელიც 1 მაისს წარმატებით დასრულდა, ოთხი წლის განმავლობაში გრძელდებოდა. ნომერ პირველი ტერორისტის კვალზე კი ამერიკის დაზვერვის სამსახური გაიყვანა საპატიმროში მყოფმა სავარაუდო ტერორისტმა, რომელმაც ბინ ლადენთან დაახლოებული მეკავშირის სახელი გათქვა.

ამერიკის დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს თანამშრომლებმა ჯერ ბინ ლადენის ყველაზე უფრო სანდო მეკავშირის მეტსახელი დაადგინეს. ეს გახლდათ აბუ აჰმედ ალ კუვეიტი. იგი ასრულებდა კურიერის მოვალეობას, შეჰქონდა და გამოჰქონდა ინფორმაციები სამყაროსგან მოწყვეტილი ბინ ლადენის კონსპირირებული თავშესაფრიდან. თუმცა, როგორც ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში შეერთებული შტატების პრეზიდენტის თანაშემწე ჯონ ბრენანი განმარტავს, რამდენიმე ურთიერთდაკავშირებული ინფორმაციის ანალიზმა ცხადყო, რომ ბინ ლადენი სწორედ საგანგებოდ აშენებულ სასახლეში უნდა ყოფილიყო და არა საარაკოდ ქცეულ მთის გამოქვაბულში:

„ბინ ლადენთან შუამავლურ ურთიერთობაში მყოფი ამ კურიერებისა და ცალკეული პირების შესახებ მოპოვებული საერთო ხასიათის ინფორმაციების შედეგად, მხოლოდ გარკვეული დროის შემდეგ შევძელით ერთად მოგვეყარა თავი დამატებითი ინფორმაციისათვის: გავიგეთ სახელი, რომლითაც კურიერი მოქმედებდა, მისი მეტსახელი და, საბოლოოდ, გავედით მის ნამდვილ სახელზე; შემდეგ დავადგინეთ ის, თუ ვისთან ჰქონდა კავშირები ამ სახელის მქონე პირს და ჩავუდექით კვალში, ვიდრე არ მივადექით ობიექტს ქალაქ აბოტაბადთან.“

ჩვენ შესაძლებლობა გვქონდა რეალურ დროში გვედევნებინა თვალი ოპერაციის წარმატებით განვითარებისათვის - მისი დასაწყისიდან საბოლოო მიზნამდე...
სადაზვერვო სამსახურების გულმოდგინე კვლევა-ძიების შედეგად, დადგინდა კურიერის მეტსახელი - შეიხ აბუ აჰმედი. ეს მოხდა 2007 წელს, თუმცა მხოლოდ 2010 წლის აგვისტოში გახდა შესაძლებელი დადგენილიყო, რომ ბინ ლადენთან დაახლოებული პირის ადგილსამყოფელი ისლამაბადთან ახლოს მდებარეობდა. ბარაკ ობამას ადმინისტრაციის მაღალი რანგის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მრავალწლიანი ძიების განმავლობაში სწორედ ეს ინფორმაცია იქცა გარდატეხის მომენტად ბინ ლადენის ადგილსამყოფლის დასადგენად. 2001 წლის თორა ბორას ბრძოლებში „ალ ყაიდის“ ლიდერმა დატყვევებას სასწაულებრივად დააღწია თავი, რის შემდეგაც მას გულმოდგინედ ეძებდნენ ამერიკისა და სხვა ქვეყნების სადაზვერვო სამსახურები.

გარედან თვალთვალით დადგინდა, რომ ბინ ლადენისათვის ახალი საგანგებო ობიექტი აშენდა 2005 წელს. რეზიდენციას გარს ერტყა 6 მეტრი სიმაღლის მესერი, რომელსაც გარს შემოვლებული ჰქონდა მავთულხლართები. გარდა ამისა, კიდევ 2 მეტრიანი კედლით იყო დაცული აივანი. დადგინდა, რომ ობიექტის მობინადრეები მთელ ნაგავს ეზოში წვავდნენ, შენობა მოკლებული იყო სატელეფონო და ინტერნეტკავშირს.

ობიექტის დამატებითი შესწავლის შედეგად, 2010 წლის სექტემბერში დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს ხელმძღვანელობამ მოახსენა ბარაკ ობამას, რომ მათ, სავარაუდოდ, დაადგინეს ბინ ლადენის ადგილსამყოფელი. ობამა დაეთანხმა ანალიზის შედეგად მიღებულ დასკვნას და მწვანე შუქი აუნთო „გადამჭრელი მოქმედების გეგმას“, - ამბობს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უსაფრთხოებსი საკითხებში ჯონ ბრენანი:

აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა, ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი და ადმინისტრაციის სხვა წევრები თვალს ადევნებენ პაკისტანში განხორციელებული ოპერაციის მიმდინარეობას
„როდესაც პრეზიდენტი ობამა დადგა შესაძლებლობის წინაშე, რომ ემოქმედა, არაფერი ადასტურებდა, რომ ამ ობიექტში ბინ ლადენი იმყოფებოდა. შესაბამისად, პრეზიდენტს უნდა შეეფასებინა მიღებული ინფორმაციის მნიშვნელობა და შემდეგ მიეღო გადაწყვეტილება, რომელიც, ჩემი აზრით, ყველაზე გაბედული გადაწყვეტილება იყო მათ შორის, რაც კი ბოლო ხანს რომელიმე პრეზიდენტს მიუღია.“

მარტის შუა რიცხვებიდან ობამამ რეგულარულად დაიწყო ეროვნული უშიშროების საბჭოს შეხვედრების გამართვა და ოპერაციის დაგეგმვა. შემდგომი ექვის კვირის განმავლობაში ხუთი ასეთი შეხვედრა გაიმართა. უშიშროების საბჭოს წევრები კამათობდნენ, უნდა დაებომბათ თუ არა ობიექტი, სადაც, მათი აზრით, 22 ადამიანი ცხოვრობდა. მაგრამ ობამამ მხარი დაუჭირა ასეთ მიდგომას - მას სურდა ბინ ლადენის მოკვლაც, ოღონდ რაც შეიძლება მინიმალური მსხვერპლით.

ოპერაციის ჩატარება დაევალა შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალების სპეცდანიშნულების ნაწილს. 19 აპრილს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ სპეცოპერაციის დაწყების ბრძანება გასცა.

ლოგიკურად, ვაშინგტონს უნდა ეცნობებინა ისლამაბადისათვის, რაც იცოდნენ და რასაც გეგმავდნენ. მაგრამ ოპერაცია გასაიდუმლოებული იყო და პაკისტანის არც ერთმა ოფიციალურმა პირმა ამის შესახებ არაფერი იცოდა. ჯონ ბრენანის თქმით, 29 აპრილს ბინ ლადენის ლიკვიდაციის ოპერაციის მართვა ობამამ დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს დირექტორს ლეონ პანეტას დაავალა, რომელიც ერთი დღით ადრე თავდაცვის მინისტრის შემცვლელად დასახელდა.

ლეონ პანეტა დაზვერვის ცენტრალური შტაბიდან უშუალოდ ხელმძღვანელობდა სპეცდანიშნულების რაზმს.
როგორც ჯონ ბრენანი ამბობს, თეთრ სახლში მყოფი პირები ყოველწუთიერად ღებულობდნენ ინფორმაციას ობიექტზე რაზმის შეჭრის, ბინ ლადენის მიერ წინააღმდეგობის გაწევისა და მისი ლიკვიდაციის შესახებ, რასაც დაზვერვის ცენტრალურ სამმართველოში აპლოდისმენტები მოჰყვა.

„ჩვენ შესაძლებლობა გვქონდა რეალურ დროში გვედევნებინა თვალი ოპერაციის წარმატებით განვითარებისათვის - მისი დასაწყისიდან საბოლოო მიზნამდე, ნეშტის წამოღებიდან სპეცრაზმის ობიექტიდან გამოსვლამდე. ჩემი აზრით, ალბათ ეს იყო მღელვარებით აღსავსე პერიოდი იმ ადამიანების ცხოვრებაში, რომლებიც შეკრებილნი ვიყავით აქ გუშინწინ.“

ოპერაცია 30 აპრილისთვის იგეგმებოდა, მაგრამ უამინდობის გამო შტურმი ბინ ლადენის სავარაუდო ადგილსამყოფელზე 1 მაისამდე გადაიდო. ოპერაციის მსვლელობისას შვეულმფრენმა, რომელზეც საგანგებო რაზმი იმყოფებოდა, ვარდნა დაიწყო, მაგრამ შეძლო აფეთქებამდე უსაფრთხოდ დაშვება.

იერიშის დროს ამერიკის სამხედრო-საზღვაო ძალების სპეცრაზმის წევრებმა თავის არეში გასროლით მოკლეს ბინ ლადენი. შეაგროვეს ნივთმტკიცებები, რისი მოპოვებაც სახლში მოხერხდა, გადაუღეს ფოტოსურათი მოკლულის გვამს და შემდეგ სათადარიგო შვეულმფრენებით უკან, ბაზაზე დაბრუნდნენ. ბინ ლადენს ამერიკის შეერთებული შტატები 10 წლის განმავლობაში ეძებდა, მის განადგურებას კი სულ რაღაც 45 წუთი დასჭირდა.
XS
SM
MD
LG