Accessibility links

logo-print

შენგენის ზონა სასაზღვრო კონტროლით?


ბრიუსელი: ევროკომისარი სესილია მალმსტრომი 4 მაისის პრესკონფერენციაზე

ბრიუსელი: ევროკომისარი სესილია მალმსტრომი 4 მაისის პრესკონფერენციაზე

ევროპის დიდ ნაწილში სასაზღვრო კონტროლის გაუქმება, რისი საფუძველიც ლუქსემბურგის ქალაქ შენგენში 1985 წელს გაფორმებულმა შეთანხმებამ შექმნა, ევროპული ინტეგრაციის ერთ-ერთ მთავარ და ძლიერ სიმბოლოდ არის აღიარებული. მაგრამ დღეს ევროპის კომისია გამოვიდა წინადადებით, რომელიც ეხება შენგენის ზონაში პასპორტების შემოწმების განახლებას გარკვეული გარემოებების გათვალისწინებით. რა არის ევროკომისიის ინიციატივის მიზეზი და რა შეიძლება გახდეს მისი შედეგი?

ევროკომისიის წინადადებით, შენგენის ზონაში შემავალ ქვეყნებს უნდა მიეცეთ უფლება, გამონაკლის შემთხვევებში აღადგინონ საკუთარი საზღვრების კონტროლი. ამ წინადადების მხარდაჭერის შემთხვევაში, შეიცვლება წესები შენგენის ზონაში - ანუ, კონტინენტური ევროპის უდიდეს ნაწილში, სადაც ვიზების გარეშე გადაადგილების პრინციპი მოქმედებს.

მიზეზად სახელდება პრობლემა, რომელიც უკავშირდება ათასობით იმიგრანტს ჩრდილოეთ აფრიკიდან: ხალხს, რომელიც არეულობას გაურბის და თავშესაფარს ევროპაში ეძებს.

ევროკომისარი საშინაო საკითხებში, სესილია მალმსტრომი როგორც აცხადებს, სასაზღვრო კონტროლის აღდგენა შეზღუდული და დროებითი ზომა იქნება: „ჩვენ განვიხილავთ (ამჟამად მოქმედი წესების) შეჩერების მექანიზმის ამუშავების საკითხს. ის იმოქმედებს ძალიან მკაცრი პირობების დაცვით, ევროპულ დონეზე მონიტორინგით“.

ევროკომისია არ აზუსტებს, რა პირობების დაცვით უნდა იყოს შესაძლებელი შენგენის წევრებს შორის საზღვრებზე კონტროლი. მალსტრომის მტკიცებით, მასშტაბი შეზღუდული იქნება. „ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ძირი არ გამოეთხაროს შენგენის მთელს იდეას, რომ ეს არ გაკეთდეს ცალხმრივი წესით, რომ დაეფუძნოს ძალიან ნათლად განსაზღვრულ კრიტერიუმებს, რომლებიც დროშია შეზღუდული და რომ იყოს ევროპული გადაწყვეტილება ამ საკითხის გარშემო. სხვაგვარად, ვფიქრობ, საფრთხეს შევუქმნიდით მთელს სისტემას“, - ამ მოსაზრებას გამოთქვამს ევროკომისარი საშინაო საკითხებში, სესილია მალმსტრომი.

შენგენის ზონის წევრებს (მათ მიეკუთვნება ევროკავშირის ყველა ქვეყანა ბრიტანეთის,ირლანდიის, ბულგარეთის და რუმინეთის გარდა) აქამდეც ჰქონდათ საზღვრების გაკონტროლების უფლება გარკვეულ შემთხვევებში. ამ უფლებას განსაკუთრებით ხალხმრავალი ღონისძიებების დროს იყენებენ ხოლმე: იქნება ეს, დავუშვათ, საფეხბურთო მატჩი, თუ სამეფო ქორწილი...

მაგრამ წინადადება, რომლითაც ოთხშაბათს გამოვიდა ევროკომისია, მიჩნეულია პირველ მცდელობად, რომ წესები შეიცვალოს იმიგრაციის გამო. საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ და იტალიის პრემიერ-მინისტრმა სილვიო ბერლუსკონიმ ბრიუსელს გასულ კვირაში მიმართეს შენგენის წესებში ცვლილების შეტანის თხოვნით მას შემდეგ, რაც ერთმანეთში უთანხმოება მოუვიდათ იმიგრანტების გადაადგილების გარშემო.

საფრანგეთმა კონტროლი დააწესა იტალიასთან საზღვარზე, რათა არ დაეშვა თავის ტერიტორიაზე ტუნისელი მიგრანტების შესვლა. იტალია კი ჩივის, რომ სათანადო მხარდაჭერას არ უწევენ მიგრანტების პრობლემასთან გასამკლავებლად. ჩრდილოეთ აფრიკაში საპროტესტო აქციებისა და არეულობების დაწყების შემდეგ, ევროპაში, ამ დროისთვის 25 000-მდე არალეგალური მიგრანტია ჩასული, მათი უმრავლესობა სწორედ იტალიაში და მალტაზე.

ევროკავშირის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრები 12 მაისს შეიკრიბებიან ბრიუსელში, შენგენის წესების შეცვლის თაობაზე ევროკომისიის წინადადების განსახილველად.
XS
SM
MD
LG