Accessibility links

logo-print

ჰამასი და ფატაჰი შერიგდნენ


პალესტინელთა ავტონომიის პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა და ჰამასის ლიდერმა ხალედ მეშაალიმ შეთანხმება გააფორმეს

პალესტინელთა ავტონომიის პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა და ჰამასის ლიდერმა ხალედ მეშაალიმ შეთანხმება გააფორმეს

პალესტინელთა მოწინააღმდეგე ჯგუფებმა - ჰამასმა და ფატაჰმა - ეგვიპტეში გააფორმეს ოფიციალური შეთანხმება შერიგების თაობაზე. ამით ჯგუფებს შორის ოთხწლიანი მწვავე დაპირისპირება დასრულდა და გზა გაეხსნა კოალიციური მთავრობის ფორმირების პერსპექტივას.

პალესტინელებს ვაუწყებთ, რომ სამუდამოდ გადავშლით გაყოფის ბნელ ფურცელს...
პალესტინელთა მეტოქე ჯგუფებმა - ფატაჰმა და ჰამასმა -ოთხშაბათს შერიგების თაობაზე მნიშვნელოვანი შეთანხმება გააფორმეს, რომელიც ეგვიპტის შუამავლობით შემუშავდა.

ღაზის ქუჩებში ათასზე მეტი პალესტინელი გავიდა და შერიგება იზეიმა.

დოკუმენტი კაიროში, ეგვიპტის სადაზვერვო სამმართველოს შტაბბინაში გაფორმდა.

პალესტინელთა ავტონომიის პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა განაცხადა, ამ შეთანხმებით დასრულდა „ოთხი შავი წელიწადი“, რომელმაც პალესტინელთა ინტერესები დააზარალაო: „პალესტინელებს ვაუწყებთ, რომ სამუდამოდ გადავშლით გაყოფის ბნელ ფურცელს. ამ სასიხარულო ცნობას გაუწყებთ ეგვიპტიდან, რომელიც მუდამ გრძნობდა თავის ეროვნულსა და ისტორიულ პასუხისმგებლობას პალესტინელი ხალხის წინაშე. ოთხმა პირქუშმა წელიწადმა ზიანი მოუტანა პალესტინელთა ინტერესებს. ახლა ჩვენ შევხვდით ერთმანეთს, რათა საერთო მისწრაფება გამოვხატოთ.“
ჩვენ ერთი ხალხი ვართ და ერთი მთავარი ამოცანა გვაქვს. შესაბამისად, უნდა გვქონდეს ერთი ორგანიზებული ხელისუფლება...

აბასმა დასძინა, რომ „მალე“ მოინახულებს ჰამასის კონტროლის ქვეშ მყოფ ღაზის სექტორს.

ხელშეკრულებაში გათვალისწინებულია ერთობლივი დროებითი მთავრობის შექმნა მომავალი წლის საყოველთაო არჩევნებამდე. დოკუმენტში ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი არ არის წამოჭრილი (მაგალითად, ვინ გააკონტროლებს უსაფრთხოების ძალებს) და არც ისრაელთან სამშვიდობო მოლაპარაკებებია ნახსენები.

კაიროში გამართულ ცერემონიაზე განცხადებით ჰამასის ლიდერი, ხალედ მეშაალიც გამოვიდა: „ჩვენ ერთი ხალხი ვართ და ერთი მთავარი ამოცანა გვაქვს. შესაბამისად, უნდა გვქონდეს ერთი ორგანიზებული ხელისუფლება და გადაწყვეტილებასაც ერთად უნდა ვიღებდეთ. ჩვენი მიზანია, შევქმნათ პალესტინის თავისუფალი და სრულიად სუვერენული სახელმწიფო დასავლეთ ნაპირსა და ღაზის სექტორში, დედაქალაქით იერუსალიმში, ებრაელი მოსახლეების გარეშე და მიწის თუნდაც ერთი სანტიმეტრის დაუთმობლად და პალესტინელი ლტოლვილების დაბრუნების უფლებაზე უარის უთქმელად.“

ისრაელმა შეთანხმება კაიროში გამართულ ცერემონიამდე დაგმო, ექსტრემისტული ჰამასის მხრიდან ისრაელის სამიზნეებზე განხორციელებული თავდასხმების მრავალწლიანი ისტორიის გამო. ისრაელი შეთანხმებას მშვიდობისკენ სწრაფვის უარყოფად აფასებს.

აშშ-სა და ევროკავშირის მსგავსად, ისრაელი ჰამასს ტერორისტულ ორგანიზაციას უწოდებს და აცხადებს, რომ არ გამართავს მოლაპარაკებას პალესტინელთა სამომავლო მთავრობასთან, რომელშიც ეს ირანისა და სირიის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფი იქნება წარმოდგენილი.

ჰამასი უარს ამბობს აღიაროს ისრაელის არსებობის უფლება.

ჰამასსა და ფატაჰს შორის დაპირისპირება 2007 წლის ივნისში გამწვავდა, როცა ჰამასმა ღაზაზე დაამყარა კონტროლი. ორ ჯგუფს შორის არაოფიციალური, დაძაბული ზავი 2009 წლის იანვარში შედგა - ტერიტორიაზე ისრაელის სამხედრო ოპერაციების შემდეგ.

ახლო აღმოსავლეთის შუამავალთა ოთხეული - აშშ, ევროკავშირი, გაერო და რუსეთი - ჰამასისგან ძალადობაზე უარის თქმას და ისრაელის აღიარებას მოითხოვენ.

დასავლეთის მთავრობებს ჯერჯერობით არ უთქვამთ, დაამყარებენ თუ არა კავშირებს კოალიციურ მთავრობასთან, რომლის ფორმირებაც შერიგების შეთანხმებას უნდა მოჰყვეს.
XS
SM
MD
LG