Accessibility links

logo-print

2012 წლის ბიუჯეტზე საჯარო დისკუსია დაიწყო


ბიუჯეტის შესახებ დისკუსია გორში

ბიუჯეტის შესახებ დისკუსია გორში

2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შედგენამდე რეგიონებში საჯარო კონსულტაციები დაიწყო.

გორში ადგილობრივ მოსახლეობას პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის, ფინანსთა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების ხელმძღვანელები შეხვდნენ. ამ ინიციატივის მიზანია ადრეულ ეტაპზე უზრუნველყოს მოქალაქეების ჩართულობა საბიუჯეტო პროცესში.

კომიტეტი შეაჯამებს მოსახლეობის მიერ საჯარო შეხვედრებზე გამოთქმულ რეკომენდაციებს, რაც საფუძვლად დაედება 2012 წლის ბიუჯეტის ძირითადი მიმართულებების დოკუმენტს.

მოკლე პრეზენტაციების შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. გორელები სოციალური სფეროსა და სოფლის მეურნეობის განვითარებას მოითხოვდნენ. რეგიონში კვლავ მოუგვარებელი რჩება სარწყავი წყლის პრობლემა. სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბაკურ კვეზერელმა აღნიშნა, რომ წვეთოვანი სისტემების გარდა, ნიქოზის კაშხალზე სპეციალური ტუმბოები მონტაჟდება, რაც მთელ რეგიონს სარწყავით უზრუნველყოფს.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრი, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი გურამ ჩახვაძე მიიჩნევს, რომ ასეთი შეხვედრები მოსახლეობის საბიუჯეტო პროცესში ჩართულობას მაქსიმალურად უზრუნველყოფს, ხელისუფლება კი ვალდებულია ბიუჯეტის შედგენისას საზოგადოების მიერ გამოთქმული ყველა წინადადება გაიზიაროს.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ მელიქიშვილი აცხადებს, რომ შიდა ქართლისთვის სოფლის მეურნეობის განვითარება პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება, ამიტომ ხელისუფლებამ ამ მიმართულებით დაფინანსება უნდა გააგრძელოს, რაც ომით დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობას გააუმჯობესებს.

შეხვედრაზე ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფლების მცხოვრებლებმა ომის დროს დაზიანებული სახლების აღდგენა მოითხოვეს. ერგნეთელი ლია ჩლაჩიძე ხელისუფლების პასუხებით უკმაყოფილო დარჩა.

მომავალი წლის ბიუჯეტის საჯარო კონსულტაციების პროექტს საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.
XS
SM
MD
LG