Accessibility links

logo-print

აქციების კიდევ ერთი ფრონტი 9 მაისს გაიხსნება


ოპოზიციის საპროტესტო აქცია თბილისში, 2009 წლის 26 მაისი

ოპოზიციის საპროტესტო აქცია თბილისში, 2009 წლის 26 მაისი

”სახალხო კრების” მიერ დაანონსებული საპროტესტო აქციების დაწყების თარიღს, 21 მაისს, კიდევ ერთი, ამჯერად ”ქართული პარტიის” მიერ რეჟიმის შეცვლის მიზნით დაგეგმილი აქციების თარიღიც დაემატა - 9 მაისი. ცნობილი გახდა ისიც, რომ ოპოზიციური პარტიებიდან ქუჩის გამოსვლებს შეუერთდება პარტია ”თავისუფალი საქართველო” და მისი ლიდერი კახა კუკავა. ე.წ. რადიკალური ოპოზიციის საგაზაფხულო გააქტიურება ხელისუფლებასა და ოპოზიციურ „რვიანს“ შორის შეწყვეტილი მოლაპარაკებების განახლების მცდელობას დაემთხვა.
„ქართული პარტია“ პირველ მასშტაბურ აქციას გამართავს კახეთში. ჩვენ ჩავდივართ საგარეჯოში, გურჯაანში, თელავში, შემდეგ საერთო აქცია გვექნება ყვარლის ცენტრში და შემდეგ - ლაგოდეხსა და ახმეტაში...

ფაშიზმზე გამარჯვების დღეს, 9 მაისს, ”ქართული პარტია” აქციებს კახეთიდან დაიწყებს და საპროტესტო მუხტი საქართველოს სხვა რეგიონებშიც გადაინაცვლებს - ეს თარიღი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ეროსი კიწმარიშვილმა, დაასახელა:

”9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯევების დღეს, ”ქართული პარტია” იწყებს თავის აქტივობას, როგორც მოქმედი, სტრუქტურირებული, ძლიერი პოლიტიკური ძალა, რომელსაც აქვს უნარი შეცვალოს საქართველოში რეჟიმი და აიღოს პასუხისმგებლობა ხვალინდელ წარმატებულ საქართველოზე. „ქართული პარტია“ პირველ მასშტაბურ აქციას გამართავს კახეთში. ჩვენ ჩავდივართ საგარეჯოში, გურჯაანში, თელავში, შემდეგ საერთო აქცია გვექნება ყვარლის ცენტრში და შემდეგ - ლაგოდეხსა და ახმეტაში. ამას მოჰყვება თბილისი, სხვა რეგიონებიც. იქნება მასშტაბურიც, თემატურიც ჩვენი მოქმედებები. თუმცა მიზანი ერთია - მაქსიმალურად სწრაფად შევქმნათ პირობები ამ რეჟიმის გასაშვებად.”

ამ ეტაპზე ნათელია, რომ ”ქართულ პარტიას” აქვს საკუთარი, სხვა ოპოზიციური ძალებისაგან დამოუკიდებელი გეგმები, რაც საზოგადოებამ ორშაბათიდან უნდა დაინახოს. თუმცა ეროსი კიწმარიშვილი განმარტავს, რომ ყველა ბრძოლის საბოლოო მიზანი ერთია:
”ქართული პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი ეროსი კიწმარიშვილი

”ყველა გზა რომში მიდის. ყველა ფრონტი (და ჩვენ არ ვაყენებთ ეჭვქვეშ ამ ბრძოლაში ნონა გაფრინდაშვილის ან სხვების გულწრფელობას) ამ რეჟიმის შეცვლას ემსახურება.”

9 მაისს დაგეგმილ აქციას ეჭვით უყურებს ნინო ბურჯანაძის პოლიტიკური ძალის, ”დემოკრატიული მოძრაობის” წევრი ვახტანგ ყოლბაია. როგორც ცნობილია, ეს ძალა უერთდება 21 მაისს „სახალხო კრების“ მიერ დაგეგმილ აქციას.

”ასე სპონტანურად აქციის წამოწყება 9 მაისს, მეეჭვება, რომ რეალურ ქმედებებზე იყოს გათვლილი. მე ავტობუსით ვმგზავრობ და ვიცი ხალხის განწყობა. საპროტესტო მუხტი მართლაც არსებობს, მაგრამ ამ ხალხის მობილიზებას და ამ მუხტის აკუმულირებას დრო უნდა და ვფქირობ, დასახელებული თარიღისათვის - 21 მაისისათვის - ეს განწყობა მომწიფებული იქნება.”
ჩვენი პარტია მონაწილეობას მიიღებს ყველა იმ მასობრივ საპროტესტო აქციაში, რომელიც მიმართული იქნება რეჟიმის შეცვლისაკენ...

ასე სჯერათ 21 მაისის აქციის ორგანიზატორებსაც. შეგახსენებთ, რომ
„სახალხო კრების“ აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ ნონა გაფრინდაშვილმა ამ დღეს აქციაში მონაწილეობის მსურველებს თავისუფლების მოედანზე მისვლისაკენ მოუწოდა.

5 მაისს მომავალ აქციებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა ”თავისუფალი საქართველოს” ლიდერმა კახა კუკავამაც. მან თქვა, რომ ხელისუფლების შეცვლა და თავისუფალი არჩევნების ჩატარებაც შესაძლებელი იქნება მხოლოდ საპროტესტო აქციების გზით:
”თავისუფალი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი კახა კუკავა

”ჩვენი პარტია მონაწილეობას მიიღებს ყველა იმ მასობრივ საპროტესტო აქციაში, რომელიც მიმართული იქნება რეჟიმის შეცვლისაკენ, მიუხედავად იმისა, თუ ვინ იქნება ამ აქციის ორგანიზატორი. მაგრამ თუ ასეთი აქციის ნაცვლად ჩვენ კიდევ ერთხელ ვიხილავთ ერთდღიან ან ორდღიან პარტიულ ყრილობებს, რომელიც გადაიდება გაურკვეველი მომავლისათვის, ვფიქრობ, პოლიტიკურმა ძალებმა და ლიდერებმა უნდა ავუხსნათ საზოგადოებას, რატომ ხდება რევოლუციების დაანონსება და შემდეგ რატომ არ იმართება მწვავე პოლიტიკური აქციები.”

ხელისუფლება კი დარწმუნებულია, რომ რომელ რიცხვშიც უნდა დაინიშნოს საპროტესტო აქცია, მას მოსახლეობის მხარდაჭერა არ ექნება. სწორედ ეს განუცხადა რადიო თავისუფლებას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ლაშა თორდიამ:

”გინდა 2-ში იყოს, გინდა 21-ში ეს აქცია, პუტინთან მორბენალ პარტიებს ქართულ საზოგადოებაში მხარდაჭერა არ ექნებათ.”

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG