Accessibility links

logo-print

ორგანიზებული დანაშაული ორგანიზების ფორმას იცვლის


ევროპოლის შენობა ჰააგაში

ევროპოლის შენობა ჰააგაში

ორგანიზაცია „ევროპოლი“ავრცელებს ახალ ანგარიშს, რომელშიც დანაშაულის ევროპული დინამიკა, მარშრუტები და მეთოდებია აღწერილი. დოკუმენტში საქართველო რამდენიმე ადგილასაა ნახსენები. მათგან უმთავრესი სავარაუდოდ საქართველოზე გამავალი ავღანური ჰეროინის მარშრუტია. თუმცა დოკუმენტი გაცილებით მეტს ამბობს მსოფლიო დანაშაულის დინამიკაზე.

წარმოიდგინეთ ევროპა როგორც ქსელი, რომელშიც დანაშაული მსხვილი არხებით - ’არტერიებით’ და ’ვენებით’ - შეედინება. დანაშაულის სახეები, ფორმები, მარშრუტები ცნობილია, დადგენილია და ამ მსხვილი არხების კონტროლი და მონიტორინგი ხდება. ახლა წარმოიდგინეთ ევროპა, რომელშიც დანაშაული სულ უფრო წვრილი, ერთმანეთთან გადაჯაჭვული ’კაპილარებით’ შეედინება, რომლებიც სულ უფრო მრავლდება. ბუნებრივია, ახალ-ახალი კაპილარების გაჩენის გამო, დანაშაულის ნაკადების კონტროლი და მონიტორინგი რთულდება. მაგალითად, დოკუმენტის მიხედვით, ცნობილი ნარკოტიკული ნივთიერება სუბოტექსის 24 სინთეტური ახალი მოდიფიკაცია შეიქმნა, რაც ნიშნავს, რომ ხშირ შემთხვევაში „ევროპოლმა“ ისიც კი არ იცის, არის თუ არა დანაშაულის ფაქტი. მსგავსი სურათია აღწერილი ყველა დოკუმენტში ნახსენები დანაშაულის ფორმების განხილვისას. მთავარი ფაქტორი ამ ყველაფერში ინფორმაციის სწრაფი და იაფი გავრცელებაა. ადვილად ვრცელდება ინფორმაცია, ანუ ცოდნა, არა მარტო ქიმიური მეთოდებისა, რომლებიც ახალი ნარკოტიკების დასამზადებლად გამოიყენება, არამედ, მაგალითად, ცოდნა იმის შესახებ, თუ როგორ დამზადდეს ყალბი დოკუმენტაცია საზღვრის უკანონოდ გადასალახად. ინფორმაციის გამარტივებული ნაკადები იწვევს იმას, რომ დანაშაულში სულ უფრო მეტი ადამიანი ერთვება თავად ევროკავშირის ქვეყნებიდანაც. იკარგება წარსულში არსებული ეთნიკური იდენტობა დანაშაულისა. მოკლედ, „ევროპოლს“ ინტერნეტმა სერიოზული თავსატეხი გაუჩინა. დოკუმენტში ვკითხულობთ: ”განსხვავების დადგენა შიდა და გარე საფრთხეებს შორის სულ უფრო ჭირს.”

თუმცა „ევროპოლი“ ამას მაინც ცდილობს. დოკუმენტში აღწერილია ძველი, ტრადიციული მარშრუტები ან მათი დივერსიფიცირებული მოდიფიკაციები, აქ ვხვდებით პირველად საქართველოს. შავი ზღვის მარშრუტი ავღანური ჰეროინისთვის. ჰეროინი მოდის ირანიდან, გაივლის აზერბაიჯანს, საქართველოს, უკრაინას, რუმინეთს, ბალტისპირეთს და, ბოლოს, ჩადის სკანდინავიის ქვეყნებში. ალექსანდრე კუხიანიძე, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში ორგანიზებულ დანაშაულზე ლექციებს კითხულობს და ასევე წარსულში ხელძღვანელობდა ტრანსნაციონალური დანაშაულის კვლევით ცენტრს, ამბობს, რომ, დანაშაულის კლების მიუხედავად, ჯერ კიდევ სერიოზული პრობლემაა საქართველოს ნარკო-სატრანზიტო პოტენციალი:

„გადაზიდვის ერთ-ერთი მეთოდი, სავარაუდოდ, არის ტრაილერები, რომლებიც გადიან საქართველოზე ტრანზიტით, სწორედ ამით გადააქვთ ეს ჰეროინი ავღანეთიდან ევროპისკენ - ირანის, აზერბაიჯანის, საქართველოს გავლით.“

დოკუმენტში საქართველო ნახსენებია კიდევ ორი ფაქტორის მიმოხილვისას. პირველი, მომავალში - ევროკავშირთან, სავარაუდოდ, გამარტივებული სავიზო რეჟიმის პირობებში - საქართველო, ისევე როგორც რიგში მდგომი სხვა ქვეყნები, შესაძლოა კრიმინალური ნაკადების წყარო გახდესო, ამბობს დოკუმენტი. მეორე ფაქტორი ორგანიზებული დანაშაულია, განხილული სხვა ქვეყნების დანაშაულებრივ ჯგუფებთან ერთად. მაგალითად, აქაც საქართველო ჩამონათვალში ერთ-ერთია. საქართველოს წინ ნახსენებია ლიტვის დანაშაულებრივი ჯგუფი. საქართველოს შემთხვევაში საინტერესოა, რომ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფების მცირე აღწერისას ნათქვამია, რომ ჯგუფები საკმაოდ იერარქიულად მართული სისტემაა, რომელიც ევროპის უმრავლეს ქვეყნებში მოქმედებს. კონკრეტიკა დოკუმენტში არაა. არსებითად „ევროპოლის“ 38-გვერდიან საჯარო დოკუმენტს კონკრეტული სახელების ან დანაშაულთა ფაქტების ასახვის ფუნქცია არცა აქვს. დოკუმენტი ანალიზია მთლიანი სურათისა, რომლის მიზანია ”გავიგოთ ორგანიზებული დანაშაულის ევოლუციის დინამიკა ევროკავშირში“ (ფრაგმენტი დოკუმენტიდან).

ორგანიზებული დანაშაულის ევოლუციის ანალიზისას დოკუმენტი ასკვნის, რომ ორგანიზებულ დანაშაულს აქვს სულ უფრო ნაკლებად დადგენილი და შემოსაზღვრული სტრუქტურა (მაგალითად, ისეთი, რომელიც საქართველოს დანაშაულებრივ ჯგუფს მკვეთრად გამოარჩევს). ქსელი ფართოვდება და მრავალფეროვნდება. ეს ღია კომუნიკაციის მედლის მეორე მხარეაო, ამბობდა „ევროპოლის“ დირექტორი რობ უეინრაითი ერთ-ერთ საკმაოდ ვრცელ ვიდეომოხსენებაში 2008 წელს:

„დღეს ჩვენ ვცხოვრობთ გლობალურ საზოგადოებაში. მაგრამ ბენეფიტები ამ გლობალური საზოგადოებისა კრიმინალურ ექსპლუატაციას ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს. კონკრეტულად, გაადვილებული საკომუნიკაციო მეთოდები, რომლებიც ხელმისაწვდომია ჩვენთვის, ამავე დროს, გამოყენებულია კრიმინალების მიერ.“

რამდენიმე კონკრეტული მაგალითი დოკუმენტიდან: გაადვილებულმა და გაიაფებულმა კომუნიკაციამ, უფასო სატელეფონო კავშირების, ქსელური წვდომის სხვა მეთოდების გამოყენებამ დანაშაულებრივ ჯგუფებს ტერიტორიების დაზვერვისა და შორიდან კონტროლის საშუალება მისცა (მაგალითად, დანაშაულებრივ სტრუქტურებს, დოკუმენტის მიხედვით, შეუძლიათ შეაღწიონ სისტემაში და გამოიყენონ ვიდეოკამერების სისტემა, რომელიც კონკრეტულ ადგილებში რეალურ რეჟიმში მიმდინარე პროცესების დანახვაში დაეხმარებათ). ასევე, ინტერნეტით ადვილდება მოძიება მცოდნე ადამიანებისა, რომელთა ჩართვა კრიმინალურ საქმიანობაში ქსელითვე ხდება (მაგალითად, უნივერსიტეტებიდან პროგრამისტების მოძიება და ასე შემდეგ). ამას ემატება ინტერნეტინფორმაცია ფულადი ნაკადების შესახებ, პირადი მონაცემებისა თუ საბანკო მონაცემების მოპარვა და ეს ყველაფერი მხოლოდ მცირე ნაწილია დოკუმენტში აღწერილი მეთოდებისა. თუმცა ტენდენცია ერთია: ორგანიზებული დანაშაული სულ უფრო ნაკლებად იმართება მოძველებული ვერტიკალურ-იერარქიული მეთოდით, თანამედროვე დანაშაული სულ უფრო მეტად ქსელურად დეცენტრალიზებულია.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG