Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს წარმომადგენელს მანდატი შეუნარჩუნდება


უკვე ცნობილია 4 მაისს გალში დაგეგმილი შეხვედრის გადადების მიზეზი, რომელიც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში იგეგმებოდა. როგორც რადიო თავისუფლების რუსულენოვანმა პროგრამამ, ”ეხო კავკაზამ”, გაარკვია, შეხვედრა გადაიდო გაეროს წარმომადგენლის, ანტი ტურუნენის, მოთხოვნის საფუძველზე. საკითხი უკავშირდება ტურუნენის მუშაობის მანდატს, რომლის გარშემოც საქართველოსა და რუსეთის მხარეებს შორის რამდენიმეთვიანი დავა მიმდინარეობდა. დავა წარმოიშვა გაეროს ბიუჯეტის დაგეგმვის ფარგლებში და კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა - გაუგრძელდებოდა თუ არა და რა სახელწოდების მანდატით გაუგრძელდებოდა უფლებამოსილება გაეროს წარმომადგენელს რეგიონში. აქტუალური იყო სადავო შეკითხვა - იქნებოდა ის წარმომადგენელი საქართველოში თუ აფხაზეთში. როგორც ცნობილია, ანტი ტურუნენი ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს როგორც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე, ასევე გალის შეხვედრებზე. როგორც გაეროს წარმომადგენელმა ანტი ტურუნენმა უთხრა რადიო თავისუფლების რუსულენოვან პროგრამას, ”ეხო კავკაზას”, ამ ეტაპზე დავა ამოწურულია, რადგანაც გასული კვირის მიწურულს ნიუ-იორკში მხარეებმა საერთო ენა გამონახეს. ისინი შეთანხმდნენ, რომ გაეროს წარმომადგენლის მანდატი ძველებური ფორმით, გეოგრაფიული კუთვნილების გარეშე გახანგრძლივდება. ”პოლიტიკური შეთანხმებაა მიღწეული საქართველოსა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის და ეს ფაქტი მეტად მნიშვნელოვანია, რადგანაც, ჩემი აზრით, 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ მხარეებმა პირველად მიღწიეს შეთანხმებას გარკვეული პოლიტიკური საკითხის გარშემო”, - უთხრა ”ეხო კავკაზას” ტურუნენმა. რადგანაც შეთანხმების მიღწევა მხოლოდ რამდენიმე დღის წინ გახდა შესაძლებელი, გაეროს წარმომადგენელმა საჭიროდ ჩათვალა გალის შეხვედრის გადადება. ბოლო ინფორმაციით, შეხვედრა 20 მაისისთვის გადაიდო.
XS
SM
MD
LG