Accessibility links

logo-print

ცხინვალი ულტიმატუმს უყენებს თბილისს


სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საინფორმაციო სააგენტო ”რესის” ცნობით, 11 მაისს სოფელ დვანში სპეციალური შეხვედრა გაიმართება, რომლის მთავარი თემაც 2008 წლის ომის შედეგად გაუჩინარებული პირების საკითხი იქნება. სწორედ ამ თემას უკავშირდებოდა 5 მაისს გამართული შეხვედრა - დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის საგანგებო წარმომადგენელ ბორის ჩოჩიევსა და რეგიონში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მისიის ხელმძღვანელ პიერ რაიშელს შორის. ”რესის” ცნობით, 11 მაისის შეხვედრა სწორედ წითელი ჯვრის ეგიდით ჩატარდება. ცხინვალი აპირებს კვლავაც დასვას საკითხი, რომელიც ოსი ეროვნების 3 მოქალაქის - პლიევის, ხაჩიროვისა და ხუგაევის - გაუჩინარებას უკავშირდება. საუბარია ასევე დაკარგულ სხვა პირებზეც, რომელთა საკითხის გარკვევის გარეშეც, ჩოჩიევის თქმით, აზრს კარგავს შეხვედრები ქართულ მხარესთან. თუმცა საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ცხინვალი მაინც თანახმაა, დაესწროს 11 მაისს დაგეგმილ შეხვედრას. ”თუკი ამ შეხვედრაზე ქართული მხარე არ წარადგენს ამომწურავ ინფორმაციას ჩვენი მოქალაქეების შესახებ, მაშინ სააკაშვილის რეჟიმის წარმომადგენლებთან შეხვედრებს აზრი არ ექნება”, - ამბობს ჩოჩიევი. თუმცა თბილისი უარყოფს დამატებითი ინფორმაციის არსებობას ცხინვალის მსგავს მოთხოვნებთან დაკავშირებით.
XS
SM
MD
LG