Accessibility links

logo-print

დვანში მოსახლეობის უსაფრთხოების საკითხებზე მსჯელობდნენ


დვანი

დვანი

მეორე თვეა, ტატიანა კობახიძე ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრიდან გამოსულ ქართული დელეგაციის წევრებს შვილის ამბავს ეკითხება. ვასილ კობახიძე რუსმა ეგრეთ წოდებულმა მესაზღვრეებმა, საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით, სოფლის სალოცავის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. ეს მარტის შუა რიცხვებში მოხდა. ქართული მხარე, უკვე მეორე შეხვედრაა, ოსურ მხარეს მის გათავისუფლებას უშედეგოდ სთხოვს. დაკავებულის დედა კი ამბობს, რომ მის შვილს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს. ტატიანა კობახიძეს შვილის გათავისუფლების შესახებ კონკრეტული პასუხი არც დღეს მიუღია.

სოფელ დვანში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა 5 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ეს შეხვედრები ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ორგანიზებით იმართება და მას ქართული, ოსური და რუსული მხარეების წარმომადგენლები ესწრებიან. დღევანდელი შეხვედრის დღის წესრიგში 8 საკითხი იყო. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმაციით, ოსურმა მხარემ ახალგორის რაიონში, სამების ტაძართან, დანაღმული ტერიტორიების განაღმვის აუცილებლობის საკითხი დასვა და ქართული მხარისგან დანაღმული ტერიტორიების რუკა მოითხოვა.

შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე, რომელთა დამუშავების შესაძლებლობა, უსაფრთხოების გარანტიების არარსებობის გამო, მფლობელებს არა აქვთ.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ აუცილებელია გლეხების უსაფრთხოების დაცვა, რათა მათ მშვიდ ვითარებაში იცხოვრონ და იმუშაონ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი შოთა უტიაშვილი დღევანდელ შეხვედრას არ დასწრებია. მისმა თანამშრომლებმა კი კომენტარზე უარი განაცხადეს. საქართველოში ჯერ არც ჰანს იორგ ჰაბერის შემცვლელი ჩამოსულა. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოვალეობას იუსი ტაპანი ანტონ სარესალო ასრულებს. იგი მანამდე ჰაბერის მოადგილე იყო. კომენტარის გაკეთება არც მან ისურვა. ჟურნალისტებთან მხოლოდ მისიის პოლიტიკური მრჩეველი როზალია პულისი მივიდა, რომელმაც აღნიშნა, რომ კონფლიქტის ზონაში ინციდენტების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა და დაკავებულთა საკითხიც მალე გაირკვევა.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შემდეგი შეხვედრა ისევ დვანში 17 ივნისს გაიმართება.
XS
SM
MD
LG