Accessibility links

დასავლეთისაგან განსხვავებით, არაბულ ქვეყნებში, რაც უნდა უცნაურად ჟღერდეს, მთავარი თემა არ არის ოსამა ბინ ლადენის სიკვდილი. კაცი, რომელიც ამ 10 წლის წინ, ბევრი არაბის თვალში, თავისუფლებისთვის მებრძოლი გმირის შარავანდედით იყო მოსილი, ბოლოხანს გაცილებით ნაკლებად მნიშვნელოვან ფიგურად იქცა. და რეაქცია, რომელიც ოსამა ბინ ლადენის სიკვდილს არაბულ სამყაროში მოჰყვა, ექსპერტების შეფასებით, ადასტურებს საგულისხმო ცვლილებას: აქტუალობა დაკარგა არბულ საზოგადოებაში ტრადიციულმა არჩევანმა, რომ კაცი ან შეერთებული შტატების მხარდამჭერი უნდა ყოფილიყო, ან კიდევ ანტისდასავლური ჯიჰადისტური ფილოსოფიის მიმდევარი.

ბევრი მიიჩნევს მრავლისმეტყველ გარემოებად იმას, თუ როდის გამოეთხოვა სიცოცხლეს ოსამა ბინ ლადენი: არაბულ ქვეყნებში, როგორც ცნობილია, მრავალათასიან საპროტესტო აქციებზე მოითხოვენ საძულველი ავტოკრატების გადადგომას, ზოგ შემთხვევაში წარმატებით. სულ უფრო კარგავს მნიშვნელობას სიძულვილის და ძალადობის იდეოლოგიაც, რომელსაც ბინ ლადენი ქადაგებდა დასავლეთის, უწინარეს ყოვლისა, შეერთებული შტატების გმობისას.

ის გარემოება, რომ ალ ყაიდის დამაარსებლისა და ლიდერის სიკვდილს არაბულ ქვეყნებში მაინცდამაინც მწვავე რეაქცია არ მოჰყოლია, არ უკვირს შადი ჰამიდს - ბრუკინგზის ინსტიტუტის მკვლევარს. მისი აზრით, ამერიკაში ხშირად არასწორად აფასებენ ბინ ლადენის მნიშვნელობას არაბული საზოგადოებებისთვის, შესაბამისად, „ამერიკელი მეთვალყურეები აზვიადებენ ბინ ლადენის სიკვდილის მნიშვნელობას“. როგორც ჰამიდი აღნიშნავს, „ბინ ლადენი აღარ არის ცენტრალური ფიგურა, ამ 8-9 წლის წინ რომ იყო. მაშინ ბინ ლადენს მართლაც მიიჩნევდნენ წინააღმდეგობის ლიდერად არაბული და მუსლიმური სამყაროს დიდ ნაწილში. მაგრამ ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე იმის მოწმე ვიყავით, რომ ალ-ყაიდა სულ უფრო კარგავდა მნიშვნელობას (...) არაბულ სამყაროში ახლა ძალიან ცოტა თუ მიიჩნევს ბინ ლადენს ლიდერად, ან შთაგონების წყაროდ. ზოგ შემთხვევაში ეს პროცესი ნელა და ეტაპებად მიმდინარეობს, მაგრამ მაინც სრულიად აშკარაა“, - ამბობს პოლიტოლოგი შადი ჰამიდი.

ვისაც ახსოვს ოსამა ბინ ლადენის მოწოდება მუსლიმებისადმი, მოეკლათ და ეძარცვათ ამერიკელები და მხედველობაში იღებს ალ-ყაიდის წარმატებებს ახალ-ახალი კადრების რეკრუტირებისას, შესაძლოა, ნაკლებად სარწმუნოდ მიიჩნიოს ზემოთ მოყვანილი მოსაზრება. მაგრამ მას იზიარებენ სხვა ექსპერტებიც, რომლებიც ყურადღებით აკვირდებიან არაბულ ქვეყნებში მიმდინარე მოვლენებს.
ლონდონში დაფუძნებული კვლევითი ინსტიტუტის, „ჩეტემ ჰაუსის“ თანამშრომელი მაჰა აზამი როგორც ამბობს, პროცესი ისე ვითარდება, რომ ადგილი არ რჩება ბინ ლადენის მსგავსი ჯიჰადისტისთვის. „ჩემი აზრით, განსხვავებულ ეპოქაში ვართ შესული. ოსამა ბინ ლადენი თავისი დროის პროდუქტი იყო“, ამბობს მაჰა აზამი და განაგრძობს: „რეგიონში დასავლეთის ინტერვენციასა და შეერთებული შტატების სამხედრო ძალების ყოფნაზე მის რეაქციას ბევრი იზიარებდა, თუმცა უმრავლესობისთვის მიუღებელი იყო მისი ტაქტიკა. ვფიქრობ, რომ ახლო აღმოსავლეთში და უმეტესწილად მუსლიმებით დასახლებულ ქვეყნებში, მუსლიმების უმრავლესობას სურს ცვლილება, მაგრამ სურს ამის მიღწევა სრულიად განსხვავებული პროცესით. დემოკრატიის მომხრეთა აქციები ტუნისში, ეგვიპტესა და ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში არის მშვიდობიანი მოძრაობები, რომლებიც ძალადობას გაემიჯნა“.

ალ-ყაიდა და ისლამისტი ექსტრემისტები მართლაც არ ჩანან საპროტესტო მოძრაობებში, რომლებიც ტუნისისა და ეგვიპტის შემდეგ იემენს, ბაჰრეინსა და სირიასაც მოედო. ალ-ყაიდის დუმილს, ექსპერტების განმარტებით, უბრალო მიზეზი აქვს: ჯგუფი, რომელსაც სიკვდილი და ნგრევა მოაქვს, ვერაფერს იტყვის დებატებში დემოკრატიის მშენებლობაზე...

ის, რომ არაბულ ქვეყნებში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების მონაწილეები პროტესტის მშვიდობიან ფორმას ანიჭებენ უპირატესობას, ალ-ყაიდის იდეოლოგიის უარყოფას ნიშნავსო, ამბობს პოლიტოლოგი შადი ჰამიდი. „ალ-ყაიდა ხმამაღლა არაფერს ამბობს, ზოგ შემთხვევაში კი საერთოდ არ იღებს ხმას თითქმის მთელი ბოლო სამი თვის მანძილზე ნაწილობრივ იმის გამო, რომ ბევრი არაფერი აქვს სათქმელი. ალ-ყაიდის წევრთა მთავარი არგუმენტი იყო ის, რომ რეალური ცვლილება შეუძლებელია მშვიდობიანი ზომებით, რომ ძალადობა აუცილებელია. ისინი ხალხს ეუბნებოდნენ: ნუ მიიღებთ მონაწილეობას არჩევნებში, ნუ გახვალთ გარეთ მშვიდობიან საპროტესტო აქციაზე, რადგან ამას ცვლილება არ მოჰყვება. მათმა მთავარმა ნარატივმა არა მარტო დისკრედიტაცია განიცადა - ის ფაქტებით არის უარყოფილი და მე ეს მიმაჩნია გადამწყვეტი მნიშვნელობის დარტყმად ალ-ყაიდის იდეოლოგიის წინააღმდეგ“.

თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ალ ყაიდისადმი მხარდაჭერის შერყევა არაბულ სამყაროში ანტიამერიკული განწყობის შესუსტებას, მითუმეტეს გაქრობას არ ნიშნავს. შეერთებული შტატებისადმი მტრული დამოკიდებულება კვლავაც ფართოდ არის გავრცელებული მუსულმანურ ქვეყნებში. ამის მიზეზები უკვე სხვა სიუჟეტის თემაა.
XS
SM
MD
LG