Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შრომის კოდექსი შეღავათიანი სავაჭრო რეჟიმის პირისპირ


საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების ერთ-ერთი საპროტესტო აქცია თბილისში
საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების ერთ-ერთი საპროტესტო აქცია თბილისში
ბრიუსელში ტარდება პროფესიული კავშირების საერთაშორისო კონფედერაციის შეხვედრა, რომელზეც საქართველოს შესახებ მოსმენა უნდა გაიმართოს. ორგანიზაციის მიერ წინასწარ გავრცელებულ პრესრელიზში აღნიშნულია, რომ საქართველოში არსებული მდგომარეობა ევროპული კანონმდებლობის პრინციპებთან შეუსაბამოა. საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებაში კი ვარაუდობენ, რომ თუ ქვეყანაში კანონმდებლობა არ შეიცვალა, შესაძლოა პროფესიული კავშირების საერთაშორისო კონფედერაციამ, სხვადასხვა ევროპულ სტრუქტურებთან თანამშრომლობით, საქართველოს ევროპის ქვეყნებში არსებული შეღავათიანი სავაჭრო რეჟიმის უფლება გაუუქმოს.

მათ არაერთგზის დადეს უარყოფითი რეკომენდაციები ჩვენი კანონმდებლობის მიმართ, რომ ის არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს...
პროფესიული კავშირების საერთაშორისო კონფედერაციის პრესრელიზში აღნიშნულია, რომ დასაქმებულებს საქართველოში ზეწოლის ქვეშ და ჯანმრთელობისთვის მავნე გარემოში უწევთ მუშაობა. იმისათვის, რომ საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე ემსჯელათ, ბრიუსელში სხვადასხვა ევროპული ქვეყნების არასამთავრობო ორგანიზაციები და პროფკავშირების წარმომადგენლები შეიკრიბნენ. როგორც საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების მთავარმა იურისტმა რაისა ლიპარტელიანმა რადიო თავისუფლების დილის ეთერში აღნიშნა, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებას არაერთხელ დაუსვამს შრომის არსებული კოდექსის დისკრიმინაციულობის საკითხი. კოდექსი, რომელიც 2006 წლიდან მოქმედებს, შესწორებებს საჭიროებს. რაისა ლიპარტელიანის განცხადებით, ამ საკითხზე საქართველოს ხელისუფლებას არაერთი რეკომენდაცია აქვს, მათ შორის, საერთაშორისო სტრუქტურებიდანაც, მაგრამ ცვლილებები არ ხორციელდება. იმ შემთხვევაში კი, თუ შრომის კოდექსი არ შეიცვალა, შესაძლოა პროფესიული კავშირების საერთაშორისო კონფედერაციამ საკუთარი ძალისხმევა სხვადასხვა ევროპული სტრუქტურებისკენ მიმართოს და საქართველოს დღემდე არსებული პრეფერენციები - ანუ ევროპის ქვეყნებში არსებული შეღავათიანი სავაჭრო რეჟიმის უფლება - გაუუქმოს.

”მათ არაერთგზის დადეს უარყოფითი რეკომენდაციები ჩვენი კანონმდებლობის მიმართ, რომ ის არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ეს რეკომენდაციები არ იქნა გათვალისწინებული, არის საუბარი იმაზე, რომ აღნიშნული პრეფერენციების სისტემა, რომელიც დღეს აქვს ქვეყანას, ჩამოერთვას. საქართველო, ამ პრეფერენციების მიხედვით, სარგებლობს სავაჭრო ურთიერთობებში შეღავათებით მთელ რიგ პროდუქციაზე და ნამდვილად დგას საფრთხე, რომ აღნიშნული შეღავათები აღარ გავრცელდეს სექტემბრის თვიდან”, ამბობს ლარისა ლიპარტელიანი.

საქართველოს შრომის კოდექსი შესაბამისობაშია საერთაშორისო კანონმდებლობასთან, მათ შორის - შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციებთან. ცხადია, იდეალური არაფერი არ არის...
საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარეს ირაკლი პეტრიაშვილს რადიო თავისუფლება ბრიუსელში ტელეფონით დაუკავშირდა. მან განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ პროფესიული კავშირების საერთაშორისო კონფედერაცია განაგრძობს საქართველოს პროფკავშირთა გაერთიანების მხარდაჭერას, ის უყოყმანოდ გამოიყენებს ყველა საერთაშორისო და ევროპულ ინსტრუმენტს საქართველოს მთავრობის ანტიპროფკავშირული პოლიტიკის წინააღმდეგო. მათთვის საქართველოს პრეფერენციების გაუქმება იდე ფიქსი არ არის.

”აფიქსირებენ , რომ მათთვის იდე ფიქსი არ არის შეღავათების, პრეფერენციების და ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობების შეზღუდვა. უბრალოდ, ისინი ცდილობენ დაეხმარონ საქართველოს მთავრობას, დეკლარირებული ლოზუნგების იმპლემენტაცია მოახდინონ რეალურ ცხოვრებაში”, - აცხადებს ირაკლი პეტრიაშვილი.

რაც შეეხება შრომის კოდექსს, რომლის შეცვლაზეც პროფკავშირების გაერთიანება საუბრობს, მას საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისს უწოდებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩეველი ვახტანგ ლეჟავა, კოდექსში შესატან ცვლილებებს კი დიალოგის საგნად მიიჩნევს:

”საქართველოს შრომის კოდექსი შესაბამისობაშია საერთაშორისო კანონმდებლობასთან, მათ შორის - შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციებთან. ცხადია, იდეალური არაფერი არ არის. საუბარი შეიძლება იყოს გარკვეულ გაუმჯობესებაზე და ეს უნდა იყოს დისკუსიის შედეგი, რასაც გამოვრიცხავთ ჩვენ ამ დისკუსიაში და ეს არის როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი პროფკავშირების მოტივაცია, რომ ეს ცვლილებები მიმართული იყოს არა მშრომელთა უფლებების გაუმჯობესებისკენ, არამედ პროფკავშირების, როგორც კვაზიბიუროკრატიის, უფლებების გაზრდასა და ექსკლუზივების მინიჭებაზე”, - აცხადებს ვახტანგ ლეჟავა.

უნდა ითქვას, რომ შრომის კოდექსთან დაკავშირებით გარკვეული სახის დიალოგი მიმდინარეობს ხელისუფლებასა და პროფესიული კავშირების გაერთიანებას შორის. ლაპარაკია სამმხრივ კომისიაზე, რომელშიც, პარლამენტის ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ოთარ თოიძის თქმით, მესამე წევრის სტატუსით მონაწილეობს დამსაქმებელთა ასოციაცია.

„კომიტეტის გეგმაში დევს, როგორც კი იქნება კომისიის გადაწყვეტილება, მაშინვე განვიხილავთ. ასე რომ, მოლოდინის რეჟიმში ვართ, თორემ ერთი წლის წინაც განვიხილავდით“, - უთხრა ოთარ თოიძემ რადიო თავისუფლებას.

მოლოდინის რეჟიმი, რომლის შესახებაც ოთარ თოიძე ლაპარაკობს, ორ წელზე მეტია გრძელდება.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ერთ-ერთი იურისტი, თინათინ ავალიანი, ამბობს, რომ საქართველოს შრომის კოდექსი გარკვეულწილად შესაბამისობაშია საერთაშორისო კონვენციებთან, თუმცა ის შესაბამისობაშია მინიმალურ მოთხოვნებთან.

”შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციებს, რომელთაც ჩვენ მიერთებული ვართ და რომლითაც მინიმალური სტანდარტია დადგენილი, ამ სტანდარტზე დაბალი სტანდარტი ჩვენ არ გვაქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფომ უკეთესი სტანდარტი არ უნდა დაადგინოს, რადგან ეს არის მინიმალური, ყველაზე დაბალი სტანდარტი. ამას გარდა, ყურადსაღებია ის, რომ ჩვენ რატიფიცირებული არ გვაქვს ძალიან ბევრი ისეთი მნიშვნელოვანი კონვენცია, იმავე შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის, რომელიც ბევრად მეტ გარანტიებს ქმნის დასაქმებულებისთვის”, - აცხადებს თინათინ ავალიანი.

პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩეველი ვახტანგ ლეჟავა კი ამბობს, რომ პროფესიული კავშირების საერთაშორისო კონფედერაციას, ისე როგორც სხვა ორგანიზაციებს, დემოკრატიული პრინციპების მიხედვით, უფლება აქვს სცადოს სხვადასხვა გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენა. ის გულისხმობს საქართველოსთვის სავაჭრო შეღავათების შეჩერების საკითხს, მაგრამ რა გავლენა ექნება მას, ამაზე საუბარს ნაადრევად მიიჩნევს.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG