Accessibility links

logo-print
გრძელდება ხმაური დიღმის ტყე-პარკისათვის სტატუსის შეცვლისა და მისთვის საზოგადოებრივ-საქმიან ზონად გადაკეთების გარშემო. მას შემდეგ, რაც კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსლის, ”სენისა” და დიღმის მცხოვრებლის ანა გაბრიაძის სარჩელი, რომლითაც ისინი დიღმის ტყე-პარკისათვის ძველი, ანუ სარეკრეაციო ზონის სტატუსის შენარჩუნებას ითხოვდნენ, საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა, მათ სააპელაციო საჩივრით სააპელაციო სასამართლოს მიმართეს, თუმცა 5 მაისს გამართულ პროცესზე მოსამართლემ უარი თქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე. როგორც აპელანტი მხარე აცხადებს, სტატუსის შეცვლით შეიქმნა რეალური საშიშროება იმისა, რომ დიღმის ტყე-პარკის ტერიტორიაზე მწვანე საფარი დაზიანდეს, მოპასუხე მხარე კი - თბილისის მერია და საკრებულო - ირწმუნება, რომ მიუხედავად იმისა, რომ ახალი სტატუსი - საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა - მშენებლობის წარმოების მაღალ კოეფიციენტს გულისხმობს, არანაირი ნებართვა მშენებლობაზე არ გაიცემა. როგორც ბოტანიკოსები აცხადებენ, დიღმის ტყე-პარკის ტერიტორიაზე არაერთი მცენარის უნიკალური ჯიშია აღრიცხული, გარემოსდამცველების თქმით კი, მწვანე საფრის გაჩეხა ქალაქის ეკოლოგიურ მდგომარეობაზე სავალალოდ აისახება.

”მე ხალხმა იმისთვის ამირჩია, რომ ყველა ბანდიტს თბილისი არ გავანადგურებინო და ხალხს არ წაართვან ბოლო სარჩო-საბადებელი. ვინაიდან პოლიცია, პრეზიდენტი, პარლამენტი უმოქმედოა, მე მაინც არ დავიხევ უკან.” - ეს საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სიტყვებია, უფრო ზუსტად კი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მიხეილ სააკაშვილის სიტყვები, რომელიც 2003 წლის 7 ივლისს დიღმის ტყე-პარკის ტერიტორიაზეა ჩაწერილი.
7 წლის ვიყავი, აქ რომ გადმოვედით. იყო უზარმაზარი ტყე, სადაც შესვლაც კი გვეშინოდა, იმიტომ რომ ნამდვილი ტყე იყო...

მოდით, მივყვეთ ქრონოლოგიურად: 2003 წლის 27 ივნისს ქ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ მ.სააკაშვილმა გამოსცა დადგენილება, რითაც დიღმის ტყე-პარკის ტერიტორიაზე აიკრძალა ყოველგვარი სახის კაპიტალური მშენებლობა და თბილისის მთავრობას დაევალა ტყე-პარკის ტერიტორიაზე მუდმივი დაცვის უზრუნველყოფა. 2009 წელს მიღებული გენერალური გეგმის თანახმად, დიღმის ტყე-პარკი დაზუსტებულ საზღვრებში აღიარებულ იქნა სარეკრეაციო ზონა 1-ად, რაც დაცვის ყველაზე მკაცრ რეჟიმს გულისხმობს, თუმცა სულ რაღაც რამდენიმე თვეში, 2009 წლის 11 სექტემბერს, ქალაქ თბილისის საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, დიღმის ტყე-პარკს სტატუსი შეეცვალა და სარეკრეაციო ზონა #1 საზოგადოებრივ-საქმიან ზონა 2-ად გადაკეთდა, რაც იმას გულისხმობს, რომ ტყე-პარკის ტერიტორია განაშენიანების მაღალი ინტენსივობის ზონას განეკუთვნება, სადაც დომინირებულ სახეობას შეადგენს ობიექტები, საზოგადოებრივი დანიშნულების ფუნქციით.

დიღმის მოსახლეობამ და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელმა ”სენმა” დიღმის ტყე-პარკის საზოგადოებრივ-საქმიან ზონა 2-ად გადაკეთებისთანავე სასამართლოს მიმართა და ტყისთვის ძველი სტატუსის დაბრუნება მოითხოვა. საქალაქო სასამართლომ სარჩელი არ დააკმაყოფილა.

დიღმის ტყე-პარკი
მხატვარი ანა გაბრიაძე დიღმის ტყე-პარკის გვერდით, 16 სართულიან კორპუსში ცხოვრობს და მისი აივნიდან კარგად ჩანს დიღმის ტყე-პარკში ერთ დროს უკანონოდ მიტაცებულ - მოგვიანებით კი დაკანონებულ - მიწებზე აშენებული ფერად-ფერადი შენობების სახურავები, ბენზინგასამართი სადგურები და გაჩეხილი ხეების კუნძები:

”7 წლის ვიყავი, აქ რომ გადმოვედით. იყო უზარმაზარი ტყე, სადაც შესვლაც კი გვეშინოდა, იმიტომ რომ ნამდვილი ტყე იყო. რეკრეაციული ზონა #1, ანუ მკაცრი სტატუსი, ზუსტად იმას უზრუნველყოფს, რომ ქალაქში შენარჩუნდეს ცოცხალი ბუნების კერა. იმ ტყეში, სადაც ახლა უკვე თეორიულად შესაძლებელია მშენებლობების დაწყება, მწყერია გაჩენილი, სხვადასხვა ჯიშის ფრინველი, ზღარბები...” - ამბობს ანა გაბრიაძე.

დიღმის ტყე-პარკში, რომლის გაშენებაც 1934 წელს დაიწყო, აღმოჩენილია მცენარეები, რომლებიც საქართველოს "წითელ წიგნშია" შეტანილი. შესაბამისად, ეს ტერიტორია, "წითელი წიგნისა" და "წითელი ნუსხის" შესახებ" საქართველოს კანონის მიხედვით, დაცვის განსაკუთრებულ რეჟიმს ექვემდებარება.

მერიისა და საკრებულოს პოზიციაა, რომ დიღმის ტყე-პარკი განვითარდება და განაშენიანდება, ოღონდ პარკის სტატუსით...
ანა გაბრიაძემ და ასოციაცია ”სენმა” საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. სხდომა 5 მაისს გაიმართა. ორსაათიანი მოსმენის შემდეგ სასამართლომ გადაწყვიტა, რომ სააპელაციო საჩივარი არ დაეკმაყოფილებინა.

როგორც სააპელაციო სასამართლოში მოპასუხე მხარის - თბილისის მერიისა და საკრებულოს - წარმომადგენლები ირწმუნებოდნენ, დიღმის ტყე-პარკის სტატუსის საზოგადოებრივ-საქმიან ზონად გადაკეთება თავად ტყე-პარკსა და მოსახლეობას ამ ეტაპზე არანაირ ზიანს არ აყენებს. მოსამართლის კითხვას, თუ რამ გამოიწვია დიღმის ტყე-პარკისათვის სტატუსის შეცვლა, ისინი პასუხობენ, რომ ამ შემთხვევაში ქალაქის ხელისუფლებამ კერძო მესაკუთრეების ინტერესები გაითვალისწინა, ანუ თავად ტყე-პარკის სტატუსი მოარგო ამ ტერიტორიაზე განთავსებულ შენობებს და არა პირიქით. თბილისის საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარე ნინო თევდორაძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში ირწმუნება, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში დიღმის ტყე-პარკის ტერიტორიაზე არანაირი ნებართვა ახალი მშენებლობისა არ გაცემულა და, სტატუსის შეცვლის მიუხედავად, არც მომავალში გაიცემა:

”აღნიშნული ცვლილება განპირობებული იყო მხოლოდ და მხოლოდ ამ ტერიტორიაზე უკვე არსებული მშენებლობებიდან და კერძო მესაკუთრეთა ინტერესების დაცვიდან გამომდინარე. უკვე წლებია იქ არც აშენებულა და არც გაცემულა მშენებლობის ნებართვა. იქ არ აშენდება არანაირი ახალი ნაგებობა. გეუბნებით, რომ მერიისა და საკრებულოს პოზიციაა, რომ დიღმის ტყე-პარკი განვითარდება და განაშენიანდება, ოღონდ პარკის სტატუსით”, - ამბობს ნინო თევდორაძე.

კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსლის - ”სენის” - წარმომადგენელი რეზო გეთიაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში ყურადღებას ამახვილეს ერთ ფაქტორზე, რომელიც დადგენილების გამოცემისას დაფიქსირდა. საუბარია იმ დოკუმენტზე, რომელშიც მოცემულია ინფორმაცია, თუ ტყე-პარკის რა ფართობს უნდა შეეცვალოს რეკრეაციული ზონის სტატუსი. როგორც ნინო თევდორაძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, სტატუსი შეეცვალა მხოლოდ და მხოლოდ ტყე-პარკის 7 ჰექტარს, თუმცა რეზო გეთიაშვილის თქმით, საქმე ცოტა სხვაგვარადაა:

”ჩვენს ორგანიზაციას აქვს ერთი და იმავე თარიღითა და ნომრით გამოცემული ორი სხვადასხვა დოკუმენტი. ერთ დოკუმენტში წერია, რომ საკრებულომ გადაწყვეტილება მიიღო სტატუსი შეუცვალოს ერთ ჰექტარს, მეორეგან კი მითითებულია 8 ჰექტარი. ეს საკითხი არაერთხელ დავსვით საკრებულოს წინაშე, თუმცა დღემდე პასუხი ვერ მივიღეთ”, - ამბობს რეზო გეთიაშვილი.

აღნიშნული ფაქტი სამართლებრივად ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ადვოკატმა გაგი გაფრინდაშვილმა შეისწავლა. მისი თქმით, საქმე ამ ეტაპზე პროკურატურაშია გადაგზავნილი, თუმცა იქიდან ჯერჯერობით არანაირი რეაგირება არ არის.

ანა გაბრიაძე ბრძოლის გაგრძელებას აპირებს. ამჯერად გზა ზუბალაშვილების ქუჩისკენ, ანუ უზენაესი სასამართლოსკენ მიდის.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG