Accessibility links

logo-print
4 მაისს თბილისში, ბიოლის ფონდში, ქართველმა ჟურნალისტებმა მოაწყვეს დისკუსია თემაზე ”რეგიონალური მედიის გამოწვევები”. ბიოლის ფონდში ჩატარებული სხვა ასეთი შეხვედრებისგან განსხვავებით, სადისკუსიო დარბაზი ნახევრად ცარიელი იყო. როგორც ჩანს, დედაქალაქში ისევ ნაკლებად აინტერესებთ, რა ხდება საქართველოს რეგიონებში.

რეგიონალური მედიის პრობლემები დედაქალაქში ნაკლებად აინტერესებთ - უმრავლესობამ არ იცის, რა ხდება რეგიონებში, როგორ მაუწყებლობს ადგილობრივი ტელევიზია და რას წერენ ადგილობრივი გაზეთები. ეს, ცხადია, მხოლოდ მედიას არ ეხება. ბიოლის ფონდში შეკრებილმა ზუგდიდელმა, ოზურგეთელმა, ფოთელმა, გორელმა ჟურნალისტებმა აღნიშნეს, რომ, როგორც წესი, დედაქალაქში საქართველოს სხვა კუთხეებს დიდი დისტანციიდან უმზერენ. არადა, როგორც ჟურნალისტმა ია ანთაძემ აღნიშნა, რეგიონალური მედიის როლი ქვეყანაში ძალიან დიდია და დედაქალაქში დროა გააცნობიერონ, რომ თვითმმართველობაზე საუბარს აზრი არა აქვს, თუკი რეგიონებში ძლიერი და დამოუკიდებელი მედია არ გვექნება.

არადა, ასეთი მედია გვაქვს კიდეც. როგორც ტელეკომპანია ”გურჯაანის” აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ალექსიშვილმა აღნიშნა, დღეს უკვე ყველა აღიარებს, რომ დამოუკიდებლობის ხარისხი, თბილისთან შედარებით, რეგიონალურ მედიაში ძალიან მაღალია. მაგრამ პრობლემა ბევრია. ლევან ალექსიშვილმა ერთბაშად ჩამოთვალა ეს პრობლემები, როგორც ”გამოწვევები”: არაპროფესიონალიზმი, სუსტი სამოქალაქო სექტორი (არადა, ტელეკომპანია ”გურჯაანის” აღმასრულებელი დირექტორის თქმით, მედიას სჭირდება ძლიერი სამოქალაქო სექტორი), ჩაკეტილი ხელისუფლება , რესურსების სიმცირე (მცირე შემოსავლები, რომლითაც რეგიონალურ მედიას შეუძლია ირჩინოს თავი), ცენზურა და თვითცენზურა. თუმცა მთავარი პრობლემა ისაა, რომ დამოუკიდებელ მედიას საკუთარი თავის რჩენა არ შეუძლია - მედია არ არის ბიზნესი.

ლევან ალექსიშვილის თქმით, ამის მიზეზი საზოგადოების გარკვეული ჯგუფების და, პირველ რიგში, ადგილობრივი ხელისუფლების ჩაკეტილობაა.

რეგიონალური მედია დონორი ორგანიზაციებისგან იღებს დახმარებას, მაგრამ ეს მხარდაჭერა არ არის პირდაპირ კავშირში ბიზნესის განვითარებასთან, - აღნიშნა ლევან ალექსიშვილმა. უმეტესწილად ეს დახმარება მიუკერძოებელი ინფორმაციის გავრცელებისთვისაა მიმართული. ტელევიზია, მაგალითად, ამ გრანტების დახმარებით კეთდება, მაგრამ სათანადოდ მაინც ვერ იყიდება.

რატომ უნდა არსებობდეს დამოუკიდებელი მედია მხოლოდ დონორი ორგანიზაციების ხარჯზე? - იკითხა ლევან ალექსიშვილმა. - უფრო სწორად, იქნებ დონორმა ორგანიზაციებმა ადგილობრივ მედიას ბიზნესის განვითარებაშიც შეუწყოს ხელი? გამოსავალი ხომ, ლევან ალექსიშვილის აზრით, ისაა, რომ მედიამ ალტერნატიული რესურსები ეძებოს და დონორმა ორგანიზაციებმა სწორედ ამაში შეუწყონ ხელი. მაგრამ ჯერჯერობით ეს არ ხდება. თავისუფალი ჟურნალისტის, ასოციაცია ”არგომედიის” თავმჯდომარის ირაკლი აბსანძის თქმით, დონორი ორგანიზაციები გარკვეული ტიპის გადაცემებს აფინანსებენ. ფაქტობრივად, საზოგადოებრივი მაუწყებლის ფუნქციებს ვითავსებთ იმ გადაცემებში, რომლებიც დონორების მიერაა დაფინანსებულიო, -აღნიშნა ირაკლი აბსანძემ.

თუმცა დუმილი ტყუილს ნამდვილად სჯობს, - დაასკვნიდა ადამიანი, რომელიც ბიოლის ფონდში გამართულ ამ დისკუსიას დაესწრო. - იმას, ვინც არ იცის, რა ხდება საქართველოს რეგიონებში, გაუკვირდებოდა კიდეც რეგიონალური მედიის წარმომადგენლების განსაკუთრებული აქტიურობა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG