Accessibility links

logo-print

დნესტრისპირეთის პრეზიდენტმა ჯაშუშობაში ბრალდებული ჟურნალისტი შეიწყალა


ჟურნალისტი ერნესტ ვარდანიანი

ჟურნალისტი ერნესტ ვარდანიანი

მოლდავეთის სეპარატისტული რეგიონის ლიდერის მიერ მოულოდნელად იქნა შეწყალებული სომხეთში დაბადებული ჟურნალისტი, რომელიც დნესტრისპირეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში ჯაშუშობისთვის იყო გასამართლებული და 15 წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ჟურნალისტმა ერნესტ ვარდანიანმა მხოლოდ ექვსი თვე დაყო ციხეში. მან პატიების თხოვნის წერილი მისწერა დნესტრიპირეთის დე ფაქტო ლიდერს, იგორ სმირნოვს, რომელმაც ხელი მოაწერა შეწყალების დოკუმენტს. ამას იუწყებოდა რეგიონის საინფორმაციო სააგენტო „ოლვია“. უკვე საკუთარ ბინაში მყოფმა ვარდანიანმა რადიო თავისუფლების მოლდავურ სამსახურს უთხრა, რომ განთავისუფლება მისთვის სრულიად მოულოდნელი იყო:
ხელისუფლება თვითონ მიხვდა, რომ მთელი ეს საქმე უკანონო იყო. ახლა კი მას სურს თავისი ქმედება დიდ ჰუმანურ ჟესტად წარმოადგინო...

„მე არც კი ვიცი ამ ყველაფერმა პოლიტიკურად როგორ ჩაიარა. გამოშვების ამბავი გავიგე ორი საათის წინ. მოულოდნელად მოვიდნენ და მითხრეს, აკრიფე შენი ნივთები, გიშვებენო.“

შოკირებული ვარ, არც კი მჯერა რომ შინ ვარო, დაამატა ჯაშუშობაში ბრალდებულმა და განთავისუფლებულმა ჟურნალისტმა. 2010 წლის დეკემბერში მიუსაჯა დნესტრისპირეთის სასამართლომ ვარდანიანს 15 წლით პატიმრობა ჯაშუშობისთვის, რასაც მოჰყვა საერთაშორისო პროტესტი, რომ განაჩენი უსამართლოა. ჩვენს რადიოს ტირასპოლიდან ტელეფონით ესაუბრა უფლებადამცავი სტეპან პოპოვსკი, რომლის აზრითაც, მთავრობის უკან დახევა ადასტურებს, რომ განაჩენი უსაფუძვლო იყო:

„ხელისუფლება თვითონ მიხვდა, რომ მთელი ეს საქმე უკანონო იყო. ახლა კი მას სურს თავისი ქმედება დიდ ჰუმანურ ჟესტად წარმოადგინოს. ხელისუფლებამ დასაწყისიდანვე იცოდა, რომ ის უსამართლო პროცესს წარმართავდა. ახლა კი, ყველაფრის შეცვლით ცდილობს, თავის მიერ გაკეთებული ჟესტი ჰუმანურ აქტად წარმოსახოს, რათა დამალოს საკუთარი არასამართლიანობა.“
როგორ აგიხსნათ, ნერვები საკმაოდ დასუსტებული მაქვს, ჯერ გონს ვერ მოვსულვარ, დრო მჭირდება იმის დასაჯერებლად, რომ ეს სიმართლეა...

30 წლის ჟურნალისტი დნესტრისპირეთის დე ფაქტო მთავრობის მიმართ კრიტიკულ მედიაში, ახალი ამბების სააგენტო „ნოვი რეგიონში“ მუშაობდა. ვარდანიანი დააპატიმრეს 2010 წლის აპრილში. ჟურნალისტს მოლდავეთის საიდუმლო სამსახურის სასარგებლოდ ჯაშუშობა დააბრალეს, წაუყენეს მკაცრი მუხლი, რომელიც 20 წლამდე პატიმრობას გულისხმობდა. როცა განაჩენი გამოიტანეს, მოლდავეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ ვიქტორ ოსიპოვმა თქვა, დნესტრისპირეთის პოლიტიკოსებს ვარდანიანის საქმით კიშინიოვსა და ტირასპოლს შორის ნდობის აღდგენის მცდელობის ჩაშლა სურთო. მოკლედ შეგახსენებთ, რომ მოლდავეთის პრორუსულმა სეპარატისტულმა რეგიონმა, დნესტრიპირეთმა, - მისი დედაქალაქი ტირასპოლია, -1990 წელს გამოაცხადა დამოუკიდებლობა. ერთ-ერთი მიზეზი ამ ნაბიჯისა თითქოს მისი მოსახლეობის შიში იყო, რომ მოლდავეთი შეუერთდებოდა რუმინეთს, რომლის ნაწილსაც შეადგენდა ის ისტორიულად. დნესტრისპირეთი არ არის საერთაშორისოდ აღიარებული. ვარდანიანი არ არის ერთადერთი პირი, ვისაც მძიმე ბრალდება წაუყენეს ჯაშუშობაში. მსგავსი ბედი ეწია ილიე კაზაკს, რომელსაც იმავე 2010 წელს გამოუტანეს 14 წლიანი განაჩენი ასევე მოლდავეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებით. მოლდავეთის მთავრობამ ამ განაჩენსაც უსამართლო უწოდა. მასთან ერთად, ევროკავშირი და აშშ მოითხოვდა ორივე პირის განთავისუფლებას. მოლდავეთის რეინტეგრაციის საკითხთა მინისტრი ეუჯენ კარპოვი თვლის, რომ სამართლიანობა მხოლოდ ერთ საქმეში აღდგა, ახლა მეორის ჯერია. რაც შეეხება ვარდანიანის საქმეს, მას საჩივარი ჰქონდა შეტანილი ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში. მოლდაველი უფლებადამცავის იონ მანოლეს აზრით, ვარდანიანი ამ საქმეს ბოლომდე უნდა მიჰყვეს, რადგან მისი გაშვება არ ნიშნავს, რომ მისი უფლებები არ დაირღვა და რომ მას ზარალი არ მიაყენეს.

თვითონ ვარდანიანი, როგორც ითქვა, შინაა, ტირასპოლში, და ამბობს:

„როგორ აგიხსნათ, ნერვები საკმაოდ დასუსტებული მაქვს, ჯერ გონს ვერ მოვსულვარ, დრო მჭირდება იმის დასაჯერებლად, რომ ეს სიმართლეა. ვერავითარ გეგმებზე ვერ ვფიქრობ. ჯერ იმის დაჯერება მინდა, რომ ეს სიმართლეა, რომ ჩემი ბავშვები ჩემთან არიან. ცოტას დავმშვიდდები და მერე გამოჩნდება, რას გავაკეთებ.“
XS
SM
MD
LG