Accessibility links

logo-print

მონუმენტალიზმი პოსტტოტალიტარულ საქართველოში


გორის ცენტრი სტალინის ძეგლის აღების შემდეგ

გორის ცენტრი სტალინის ძეგლის აღების შემდეგ

„მონუმენტალიზმი პოსტტოტალიტარულ საქართველოში“ - ასე ერქვა დისკუსიას, რომელიც ამას წინათ გაიმართა ჟურნალისტთა სახლში ”ფრონტლაინ ჯორჯია”. დისკუსიაში ჟურნალისტებთან ერთად ხელოვნების ისტორიკოსებმა, კულტუროლოგებმა, არტკრიტიკოსებმა მიიღეს მონაწილეობა. კითხვა ”რომელ პოსტტოტალიტარულ საქართველოში?” არ დაისვა - იგულისხმებოდა მონუმენტალიზმი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. თუმცა ძირითადმა მომხსენებელმა, გაზეთ ”24 საათის” კულტურის განყოფილების ხელმძღვანელმა, ხელოვნებათმცოდნე სოფიო კილასონიამ თავიდანვე აღნიშნა, რომ ქანდაკება, რომელიც იდგმებოდა ”ვარდების რევოლუციამდე”, მნიშვნელოვნად განსხვავდება იმისგან, 2003 წლის შემდეგ რომ დადგეს ქვეყანაში... და არა იმიტომ, რომ 2003 წელი ტოტალიტარიზმის საბოლოო დამარცხებას უკავშირდება; ყოველ შემთხვევაში, თუ ვიმსჯელებთ ქანდაკების ისტორიით საბჭოთა საქართველოს დანგრევიდან დღემდე (ეს პერიოდი კი თითქმის 20 წელიწადს მოიცავს), შეიძლება დავასკვნათ, რომ ტოტალიტარიზმმა მხოლოდ და მხოლოდ ფორმა იცვალა. თუმცა, ვიმეორებ, დისკუსიაზე არავის უთქვამს, რომ ტერმინი ”პოსტტოტალიტარიზმი” თანამედროვე საქართველოსთან მიმართებაში გარკვეულ კითხვებს ბადებს.

”მას შემდეგ, რაც ბელადების ქანდაკებები გაიტანეს ქალაქიდან, რა გაშენდა? მაგონდება საზოგადო მოღვაწეების პატარა ბიუსტების მომრავლება ქალაქში და ერთგვარი ხეივნის აშენება ჭავჭავაძიდან რუსთაველის ჩათვლით და კიდევ ქვემოთ”, -აღნიშნა სოფიო კილასონიამ

ბელადების ქანდაკებები გაიტანეს და აშენდა ქანდაკებების ხეივანი - ქანდაკების ზომა შემცირდა, მაგრამ ამ ხეივანმა საბჭოთა მონუმენტალიზმი ვერ განდევნა. უფრო მეტიც, ფაქტობრივად, განმეორდა ჯერ კიდევ 80-იანი წლების დასაწყისში დამკვიდრებული სტილი, რომელიც თავდაპირველად კინოსტუდია ”ქართული ფილმის” ეზოში გაშენებული ბიუსტების ”ხეივანში” წარმოჩნდა. 1988 წელს პარიზში პომპიდუს ცენტრის გამოცემა ბეჭდავს ილუსტრირებულ ალბომს ”სინემა ჟორჟიენ” (”ქართული კინო”), რომელიც სწორედ სტუდიის ეზოს სურათით იხსნება - ქართველ კინორეჟისორთა ბიუსტების ხეივნით, რომელიც საფრანგეთში აღიქვეს როგორც კიტჩი... განსაკუთრებით იმ მაყურებელმა, ვისაც ამავე სტუდიაში გადაღებული ელდარ შენგელაიას ”არაჩვეულებრივი გამოფენა” ჰქონდა ნანახი. მაგრამ ის, რაც დასავლელი მაყურებლისთვის სასაცილო იყო, საბჭოთა და პოსტსაბჭოთა საქართველოში ლამის სიწმინდედ აღიქმება.. ”ფრონტლაინ ჯორჯიაში” გამართულ დისკუსიაზე სოფიო კილასონიამ აღნიშნა, რომ პოსტსაბჭოთა ქართულ კულტურაში თითქოს მართლაც იგრძნობოდა სურვილი საზოგადოებას უარი ეთქვა ამ ქვის კერპებზე, მაგრამ ეროვნული ნიშნის გაძლიერება საბჭოთა მონუმენტალიზმის დახშობის მიზნით მხოლოდ და მხოლოდ ჩანაცვლებით დასრულდა.

”თითქოს ერთი დიდი მითი გადანაწილდა პატარ-პატარა სკულპტურებში”, - აღნიშნა სოფიო კილასონიამ და იქვე დასძინა, რომ პატარა და დიდი ქვის კერპების ეპოქის დასასრული შეიძლებოდა გამხდარიყო ”ვარდების რევოლუცია”, რომლის ლიდერები ქვეყნის სათავეში დემოკრატიის, თანასწორობის, სოციალური სამართლიანობის ლოზუნგებით მოვიდნენ. მონუმენტური ქანდაკების გატანა თბილისის ცენტრიდან მოსახლეობის ერთმა ნაწილმა იმხანად გაიგო როგორც საბჭოთა მონუმენტალიზმის ეპოქის დასასრული. თუმცა ერთი ქანდაკების გატანას მეორის დადგმა მოჰყვა, ერთი მონუმენტი, ერთი კერპი ჩაენაცვლა მეორეს - თბილისის ცენტრში დადგეს ზურაბ წერეთლის წმინდა გიორგის ქანდაკება.

სოფო კილასონიას აზრით, პოსტრევოლუციურ საქართველოს არა მარტო რევოლუციის წარმატების, არამედ რევოლუციის დასასრულის იდეა სჭირდებოდა - ქანდაკებაში ასახული გამარჯვების ეს მხატვრული სახე ქმნიდა შთაბეჭდილებას, რომ ურჩხული უკვე დამარცხებულია და ბრძოლის გაგრძელება საჭირო აღარცაა:

”მაშინ ჩვენთვის გაუგებარი იყო რას ნიშნავდა წნმინდა გიორგის ქანდაკება, თანაც ამ ფორმით. დრო გავიდა და ვხვდებით, რომ ეს ქანდაკება დროული იყო. ვიცით, რასაც ნიშნავს მონუმენტი, რომელსაც ხელისუფლება დგამს ქვეყანაში - ეს არის კონცეპტუალური გზავნილი საზოგადოებისადმი, თუ რას წარმოადგენს ის თვითონ. მით უმეტეს, რომ 2003 წლის შემდგომ აშკარა იყო ხელისუფლებას საკუთარი მონუმენტი, საკუთარი სახე დაედგა.”

სანამ საზოგადოება ცდილობდა გაეაზრებინა რა დადგეს საქართველოს დედაქალაქის ცენტრში, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ახალგაზრდამ თავისუფლების მოედანზე მიტინგიც კი გამართა მაშინ წერეთლის ქანდაკების აღების მოთხოვნით, გამარჯვების ამ მონუმენტურმა სკულპტურამ ლენინის ძეგლის ნაცვლად დაიმკვიდრა ადგილი.

იმ ადამიანებმა, ვინც მონაწილეობა მიიღო დისკუსიაში ”მონუმენტალიზმი პოსტტოტალიტარულ საქართველოში”, გაიხსენეს, როგორ მოგვაწოდა ხელისუფლებამ წერეთლის ეს ქანდაკება. ჯერ გვითხრეს, რომ წმინდა გიორგის ქანდაკებაა, მერე გაახსენდათ, რომ მართლმადიდებლურ კულტურაში წმინდანის მრგვალი ქანდაკება არ იდგმება... არადა, სოფიო კილასონიას თქმით, არსებობს ამ ტიპის სამოცამდე ქანდაკება, რომელიც ზურაბ წერეთელმა ჩამოასხა. ”ეს ნიშანდობლივია, - აღნიშნა დარბაზიდან სამხატვრო აკადემიის ერთმა სტუდენტმა. - ამდენ მარჩიელობაში, რა დავარქვათ ქანდაკებას საქართველოს დედქალაქის ცენტრში, სკულპტურას ძველი სახელი წაართვეს, მაგრამ ვერც ახალი დამკვიდრდა..” ასე რომ, ქალაქის ცენტრში დგას უსახელო მონუმენტი, რომელიც ვიღაცას ლოცვისკენ უბიძგებს, ვიღაცისთვის კი, კინოსტუდიის ეზოში ჩამწკრივებული ბიუსტებისა არ იყოს, უბრალოდ, სასაცილოა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG