Accessibility links

logo-print

საქართველოში ფაშიზმზე გამარჯვების 66-ე წლისთავი აღნიშნეს


მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები თბილისში ტრადიციულად გამარჯვების პარკში, უცნობი ჯარისკაცის საფლავთან შეიკრიბნენ.

მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები თბილისში ტრადიციულად გამარჯვების პარკში, უცნობი ჯარისკაცის საფლავთან შეიკრიბნენ.

მსოფლიოს ზოგიერთი ქვეყანა ყოველი წლის 9 მაისს დიდი სამამულო ომის დასრულებას აღნიშნავს. ფაშიზმზე გამარჯვების წლისთავი აღნიშნეს საქართველოშიც, სადაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, წელსაც გამარჯვების პარკში, უცნობი ჯარისკაცის საფლავთან შეიკრიბნენ.

66 წლის წინ, 1945 წლის 9 მაისს, მაშინდელი საბჭოთა კავშირის მოსახლეობამ რადიოს საშუალებით შეიტყო, რომ დასრულდა დიდი სამამულო ომი, რომელიც ოთხი წლის განმავლობაში გრძელდებოდა და რომელმაც რამდენიმე ათეული მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ცნობილი საბჭოთა დიქტორის იური ლევიტანის მიერ გადაცემული ეს ცნობა 66 წლის წინ თანამებრძოლებთან ერთად ვარშავაში მოისმინა ვლადიმერ ჭალიძემ, რომელიც 1942 წელს, 17 წლის ასაკში, ფრონტზე მოხალისედ წავიდა.

„რადიომ გადმოსცა! 8-ში ვიცოდით, რომ დამთავრდა, მაგრამ გამოცხადდა 9-ში. ატყდა ერთი ამბავი: „სალიუტები“, „ოჩერედები“, ავტომატების ლულები იყო გაწითლებული... მერე ეს პოლონელები კისერზე გვეხვეოდნენ, გვკოცნიდნენ, ყვავილებს გვჩუქნიდნენ - აი, ასე შევხვდით!“

გამარჯვების პარკში შეკრებილი ომის ვეტერანები
ვლადიმერ ჭალიძესთან ერთად საქართველოდან დიდ სამამულო ომში 700 ათასამდე ადამიანი იქნა გაწვეული. მათ შორის იყვნენ ქალებიც. 91 წლის ქეთევან ბერიშვილს უჭირს იმ სიხარულის სიტყვებით გადმოცემა, რომელიც მან 66 წლის ომის დამთავრებით განიცადა, თუმცა ომის ვეტერანი იმასაც შენიშნავს, რომ გამარჯვების დღესასწაულს სიხარულთან ერთად ცრემლიც ახლავს. მარტო საქართველომ ამ ომში 300 ათასამდე ადამიანი დაკარგა. გამარჯვების პარკში მისულ მესამე რანგის კაპიტან ლევან სალუქვაძეს ამ ომმა უახლოესი ნათესავები წაართვა:

„მამა და ოთხი ბიძა დამეღუპა ომში! აქ რომ მოვდივარ, წნევა მიწევს... ყოველ წლიდან წლამდე სულ უფრო ცოტა ვეტერანი რჩება... წელს მხოლოდ ორი-სამი ნაცნობი ვნახე, ვერ შევძელი გაჩერება და წამოვედი.“

სულ, ოფიციალური სტატისტიკით, თბილისში დიდი სამამულო ომის 1348 ვეტერანი ცხოვრობს. ყველა მათგანი, დედაქალაქის მერიის გადაწყვეტილებით, 200 ლარიან დახმარებას მიიღებს. დღესასწაულის მისალოცად გამარჯვების პარკში საგანგებოდ მივიდა პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე:

„დღევანდელი დღე არის ბოროტებაზე გამარჯვების სიმბოლო და ვულოცავ ყველა ვეტერანს, ყველა იმ ადამიანს, რომელმაც საკუთარი წვლილი შეიტანა კაცობრიობის ყველაზე დიდი ბოროტების - ფაშიზმის - დამარცხებაში და დარწმუნებული ვარ, რომ ბოროტება ყოველთვის დამარცხდება.“

დავით ბაქრაძემ უცნობი ჯარისკაცის საფლავთან გვირგვინი 9 მაისს მიიტანა, მთავრობის წევრთა ნაწილმა კი - მათ შორის, საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ - ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი 8 მაისს მიაგო ნიშნად იმისა, რომ ობიექტურად ომი დასრულდა 8 მაისს, როცა კაპიტულაციის აქტს, ვერმახტის სახელით, გენერალმა ალფრედ იოდლმა მოაწერა ხელი. გამარჯვების დღესასწაულის 8 მაისს აღნიშვნის მომხრეა პოლიტოლოგი ბადრი ნაჭყებიაც, რომლის თქმითაც, საქართველომ ეს დღე უნდა აღნიშნოს ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად:

„ეს უფრო მიზანშეწონილი იქნება და ხაზს გაუსვამს იმას, რომ ჩვენ ვართ ცივილიზებული მსოფლიოს ნაწილი.“

თუმცა, ამგვარი დამოკიდებულების მიუხედავად, 9 მაისი აღინიშნა როგორც ოფიციალური სახელმწიფო დღესასწაული. პოლიტიკოსებთან ერთად ვეტერანებისათვის დღესასწაულის მისალოცად გამარჯვების პარკში მივიდნენ ახალგაზრდა თბილისელებიც, თუმცა ყველაზე მეტად ამ დღეს თავად დიდი სამამულო ომის ვეტერანები ხარობდნენ. დღესასწაულმა, ცხადია, ვერ ჩაიარა ცნობილი საბრძოლო სიმღერების გარეშე.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG