Accessibility links

logo-print
საქართველოს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“, მოქალაქე დავით შუბლაძის სახელით, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა და პოლიციის შესახებ კანონის მე-9 პრიმა მუხლის ძალადაკარგულად ცნობა მოითხოვა. ეს მუხლი, რომელიც ნებას რთავს პოლიციას ესა თუ ის პირი ქუჩაში შეაჩეროს და ზედაპირულად შეამოწმოს, იურისტების განცხადებით, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-18 ( თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლება) და მე-20 (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა) მუხლებს.

მას ფორმა კი ეცვა, მაგრამ არ უთქვამს, ვინ იყო, მხოლოდ ჯიბეების ამოტრიალება მოგვთხოვა. დაგვიწყო გამოკითხვა, სად ვცხოვრობდი, სად მივდიოდი, ამ დროს გარეთ რა მინდოდა...
”პოლიციის შესახებ” კანონის მე-9 პრიმა მუხლი, მასში 2010 წელს შესული ცვლილების თანახმად, პოლიციელებს აძლევს ამა თუ იმ პირის შეჩერებისა და ზედაპირული შემოწმების შესაძლებლობას გონივრული ეჭვის საფუძველზე. ეს ცვლილება უფლედამცველმა ორგანიზაციებმა ადრეც გააპროტესტეს. ამჯერად კი „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ 24 წლის დავით შუბლაძის კონკრეტული შემთხვევით საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის და ამ მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს.

2011 წლის 4 აპრილს, დაახლოებით ღამის 12 საათზე, დავით შუბლაძე მეგობართან ერთად ქუჩაში პოლიციელმა გააჩერა და გამოკითხვა დაუწყო:

”მეგობრის სახლიდან ვბრუნდებოდით, რუსთაველის მეტროდან ფეხით ავუყევით გამზირს და მეცნიერებათა აკადემიასთან პოლიციელმა გაგვაჩერა. მას ფორმა კი ეცვა, მაგრამ არ უთქვამს, ვინ იყო, მხოლოდ ჯიბეების ამოტრიალება მოგვთხოვა. დაგვიწყო გამოკითხვა, სად ვცხოვრობდი, სად მივდიოდი, ამ დროს გარეთ რა მინდოდა... თითქოს კომენდანტის საათი იყოს. მაგრამ ეს არ ყოფილა პირველი შემთხვევა ჩემი გაჩერების, მანამდე რვაჯერ გამაჩერეს ქუჩაში. ერთხელ მკითხეს, მქონდა თუ არა ჩემი პირადი კომპიუტერის პასპორტი და რაღაც მსგავსი შეკითხვები... ვფიქრობ, რომ ჩემი, როგორც მოქალაქის, უფლებები ილახება და ამიტომაც მივმართავ სასამართლოს - იქნებ ჩემი შემთხვევა გახდეს მაგალითი სხვებისთვისაც.”

სასამართლოში დავით შუბლაძის ინტერესების დამცველ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ მიიჩნევენ, რომ პოლიციელებისათვის მინიჭებული ეს შესაძლებლობა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, კონკრეტულად კი მის მე-18 და მე-20 მუხლებს. საიას თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი ამბობს:

”ეს ნორმა ამბობს, რომ დანაშაულის ჩადენის შესახებ გონივრული ეჭვის არსებობის შემთხვევაში შესაძლებელია პირის შეჩერება, თუმცა ამ ჩანაწერიდან ჩვენ ვერ ვხვდებით, რითი განსხვავდება გონივრული ეჭვი დასაბუთებული ვარაუდისგან, რაც უკვე არის პირის დაკავების შესაძლებლობა. მეორე პრობლემა ისაა, რომ პოლიციელი არ არის ვალდებული აუხსნას პირს რატომ აჩერებს, რა მოტივით და ასევე კანონით სავალდებულო არ არის ამ ფაქტის დოკუმენტირება. ანუ გამოდის, რომ ადამიანს მტკიცებულებების არარსებობის გამო არ შეუძლია მიმართოს სასამართლოს.”
ყველა ადამიანის მიმართ, რომელიც კი შეიძლება პოლიციამ მოიაზროს დამნაშავედ თუ ნარკოტიკების მომხმარებლად, თუ ა.შ., პოლიციელს უჩნდება ინტერესი აამუშაოს ეს კანონი...

აქვე შევნიშნავთ, რომ, იურისტების შეფასებით, კანონმდებლობით ასევე არ არის ნათლად გაწერილი, რას გულისხმობს კონკრეტულად ზედაპირული შემოწმება ან რა სხვაობაა მასა და ჩხრეკას შორის. პრობლემას ისიც ქმნის, რომ მსგავსი შემთხვევების დამტკიცება, სამართლებრივი დოკუმენტაციის არარსებობის გამო, პრაქტიკულად შეუძლებელია. დავით შუბლაძის შემთხვევაში კი საიას იმედი აქვს, რომ სასამართლო მტკიცებულებად მიიღებს შუბლაძის და მისი მეგობრის, როგორც ორი მოწმის, ჩვენებებს.

რამდენიმე თვის წინ ”პოლიციის შესახებ” კანონში შესულ ცვლილებებს განცხადებით გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაცია ”ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის”, რომლის ხელმძღვანელი ნანა კაკაბაძე დღესაც აცხადებს, რომ ადამიანის პირადი ცხოვრება ხელშეუხებელია და მისი შემოწმება-დათვალიერება-ჩხრეკა მთელ ცივილიზებულ სამყაროში მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზეა შესაძლებელი. კაკაბაძე სხვა საფრთხეებზეც ამახვილებს ყურადღებას:

”ყველა ადამიანის მიმართ, რომელიც კი შეიძლება პოლიციამ მოიაზროს დამნაშავედ თუ ნარკოტიკების მომხმარებლად, თუ ა.შ., პოლიციელს უჩნდება ინტერესი აამუშაოს ეს კანონი, რომ არ მიიღოს საყვედური. თუ თქვენ არაფერი აღმოგაჩნდათ საეჭვო, გამორიცხული არ არის, რომ გაჩხრეკისას მან რამე ჩაგიდოთ. და ეს ”ჩადების” საფრთხეც რომ არ იყოს, მან რომ უნდა გაჩხრიკოს ადამიანი, რომ თავისი ე.წ. „გონივრული ეჭვი“ დაასაბუთოს და მერე უკვე ეს გახდეს საქმის სასამართლოში წარდგენის საფუძველი. ანუ რა გამოდის, რომ პოლიციელს შეუძლია ნებისმიერი ადამიანის ხელყოფა - მისი გონივრული თუ უგუნური ეჭვის საფუძველზე”...

საია საკონსტიტუციო სასამართლოსგან ელის, რომ კანონში ცხადად ჩაიწეროს რას ნიშნავს გონივრული ეჭვი ან რისი გაკეთება შეუძლია პოლიციელს და რისი არა ე.წ. ზედაპირული შემოწმებისას.
პოლიციის შესახებ კანონში შესული ცვლილებების კრიტიკის პირველი ტალღის დროს რადიო თავისუფლებას კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, ლაშა თორდიამ, განუცხადა, რომ ”კანონში ჩადებული ახალი მექანიზმი არ გულისხმობს მოქალაქის ჩხრეკას. ეს მხოლოდ პრევენციული მექანიზმია, როდესაც პოლიციელი მოქალაქეს აჩერებს. მას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია მისი დათვალიერება, თუ გონივრული ეჭვი გაუჩნდა, რომ პირს აქვს ცეცხლსასროლი ან ცივი იარაღი.”

კანონპროექტის ავტორები ამჯერად კომენტარს არ აკეთებენ. „ნაციონალური მოძრაობის“ პრესცენტრში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ისინი დაელოდებიან საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG