Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 9 მაისი, 2011


ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციები დღევანდელი პრესის ერთ-ერთი წამყვანი თემაა. თუმცა, ვიდრე ამ საკითხზე სხვადასხვა მოსაზრებას გაგაცნობდეთ, გეტყვით, რომ დღეს ორი გაზეთი - ”კვირის პალიტრა” და ”მთელი კვირა” - აქვეყნებს ინტერვიუებს ფეხბურთელ კახი კალაძესთან. ”ერთ დროს ხელისუფლების ფავორიტი ბიზნესმენის, კახი კალაძის ქართული აქტივები საფრთხეშია, ეროვნული ნაკრების კაპიტანს სახელმწიფო ქონების ჩამორთმევით ემუქრება”, - წერს ”კვირის პალიტრის” ავტორი. კახი კალაძე მას ეუბნება: ”შეიძლება ხელისუფლების ზოგიერთ მაღალჩინოსანს არ ესიამოვნა ჯერ სანდრო გირგვლიანზე, მოგვიანებით კი გიორგი დემეტრაძეზე ჩემი მკაცრი განცხადებები. არა ვარ ის კაცი, მხოლოდ ცუდს რომ ხედავს, არც ჩასაფრებული ვყოფილვარ ოდესმე, მაგრამ თვალის დახუჭვა იმაზე, რაც ხდება, არ შემიძლია.” კახი კალაძე ”მთელი კვირისთვის” მიცემულ ინტერვიუშიც ამბობს: ”ქართული პრესისა და პოლიტიკოსთა გასაგონად კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ვარ აქტიურ სპორტში, ხოლო, როგორც შემიძლია, უკანონობისა თუ უსამართლობის წინააღმდეგ ხმას მუდამ ვიმაღლებ. არც მომავალში ვაპირებ ზოგიერთებივით დუმილს.”

”ესენი არიან უვიცები! თუ ვინმეს დღეს პროფესიონალურად შეუძლია ქვეყნის მართვა, ესაა ნინო ბურჯანაძე, რომელიც თავისი საქმის უბადლო მცოდნეა!” - ეს არის ნაწყვეტი ინტერვიუდან ტიტულოვან მოჭიდავე ლუკა კურტანიძესთან, რომელიც პარტია ”დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს” წევრია. კურტანიძე 21 მაისს დაგეგმილ გამოსვლებზე ლაპარაკობს და აგრეთვე ამბობს: ”მზად ვარ სამშობლოსთვის, ერისთვის გავწირო თავი, დავთმო სიცოცხლე, ოღონდ ესენი მოშორდნენ ხელისუფლებას!”

”ასავალ-დასავალშივე” დღეს დიდი ადგილი ეთმობა ქართული ფეხბურთის პრობლემებს. წერილში, სათაურით ”რატომ ვერ იკვლევს გზას დიდი ფეხბურთისკენ ქართველი ”მესი” - წაიკითხავთ: ”ფული, პატრონი და, ბოლოს, ნიჭი - აი, სამწახნაგა ფორმულა, აი ქართულ ფეხბურთში ადგილის დასამკვიდრებლად აუცილებელი პირობა!” - ავტორი თავისი შვილის ისტორიას ჰყვება.

კვლავ აქციებზე... ”მთელი კვირა” - რესპუბლიკელი პაატა ზაქარეიშვილი ფიქრობს, რომ მაისის აქციებზე შეიძლება ”მაქსიმუმ ხუთი ან ათი ათასი კაცის მობილიზება მოხდეს. ხალხის ეს რაოდენობა ცუდი არ არის. ხუთი-ათი ათასი კაცი საკმარისია, რომ საკითხი დღის წესრიგში დადგეს, მაგრამ საკმარისი არ არის ხელისუფლების შესაცვლელად.”

”კვირის ქრონიკა”, ინტერვიუ შალვა ნათელაშვილთან: ”მე, რა თქმა უნდა, სოლიდარობას ვუცხადებ აქციებს, მაგრამ მოდით, ვიყოთ გულახდილები და პირდაპირ ვთქვათ - ყველა პარტია ემზადება არჩევნებისთვის. ხოლო არჩევნებამდე დარჩენილია 11 თვე. ყველას უნდა, რომ ამომრჩეველს თავი დაამახსოვროს.”

”კვირის პალიტრა”, მამუკა კაციტაძე: ”არ დაბადებულა ადამიანი, რომელიც სისხლზე წავა და შემდეგ დემოკრატიულ არჩევნებს მოინდომებს”; იმავე გაზეთში ირაკლი ბათიაშვილი: ”სააკაშვილს რომ მოვიშორებთ და ხალხი გაიმარჯვებს, მერე უფრო შესაძლებელი არ იქნება დემოკრატიული არჩევნების ჩატარება?!”.

”ახალი თაობა” ეკითხება დეპუტატ გიორგი ცაგარეიშვილს: ”როგორ აიძულებთ ხელისუფლებას, რომ დათმობებზე წამოვიდეს?” ცაგარეიშვილი: ”ამის ძალიან ბევრი საშუალება არსებობს. ჩვენ სულ გვიკიჟინებენ, რომ არ გინდათ მასობრივი აქციები და მიტინგები. ჩვენს საბრძოლო არსენალში ყველა ეს მშვიდობიანი მეთოდი მოიპოვება.”

”ვერსია” ირაკლი ალასანიასთან ინტერვიუს აქვეყნებს. საუბრის დასასრულს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების პროცესის პერსპექტივაზე ის ამბობს: ”მაისის ბოლოს ჩვენთვის შედეგი უკვე ცნობილი იქნება. ამის მერე დავიწყებთ ფართომასშტაბიანი პროტესტის დაფიქსირებას, მათ შორის, ქუჩის აქციებითაც”, - აცხადებს ალასანია.

”ვერსიაშივე” დეპუტატ დიმიტრი ლორთქიფანიძესთან ინტერვიუში მსჯავრდებულ ზვიად სტეფნაძის შესახებ წაიკითხავთ. დეპუტატი ლაპარაკობს მძიმე მდგომარეობაში მყოფი პატიმრისთვის სასჯელის გამოჯანმრთელებამდე გადავადების უფლებაზე.

”24 საათი” გამოსაშვები გამოცდების დაწყების მოახლოებაზე წერს. ავტორის თანახმად, 23 მაისიდან 1 ივნისამდე გამოცდები ყოველდღე ჩატარდება, კვირა დღისა და 26 მაისის გარდა.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG