Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ურტყი შენიანს, რათა სხვები დაშინდნენ


„იუტუბით“ გავრცელებულ კადრებზე აშკარად ჩანს, რომ თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსი გიორგი გეგეჭკორი სახეში ხელს ურტყამს დაცვის პოლიციის თანამშრომელს, რომელიც მის დაშოშმინებას ცდილობს. იმ დღეს, 7 მაისს, ეროვნული საკალათბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მონაწილეების, შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდისა და „სოხუმის“ შეხვედრის ბოლოს, თბილისის სპორტის სასახლეში, სხვა უსიამოვნო, მე ვიტყოდი, აღმაშფოთებელი ფაქტიც მოხდა. შსს-ის ერთ-ერთმა საუკეთესო მოთამაშემ, ბესარიონ ლეჟავამ, მატჩის მსაჯს, მაკა კუპატაძეს, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა: ჯერ სახეში თავი დაარტყა, მერე კი წიხლიც მიაყოლა.

პოლიციის უფროსის ხელი, როგორც სატელევიზიო კადრებით შეიძლება დავასკვნათ, დაცვის პოლიციის თანაშრომელს მხოლოდ იმისთვის მოხვდა, რომ რიგითმა პოლიციელმა, ეტყობა, ვერ იცნო ჯინსებში გამოწყობილი მაღალჩინოსანი, რომელიც კომისრების მაგიდისკენ მიიწევდა და მსაჯებს ხმამაღლა უყვიროდა რაღაცას. ან იქნებ გიორგი გეგეჭკორისათვის სულაც არ არის უცხო საბჭოთა იმპერიის ფუძემდებლის დევიზი: „ურტყი შენიანს, რათა სხვები დაშინდნენ?“

არ ვიცი. გულწრფელად გითხრათ, ძალიან გული მტკივა იმის გამო, რაც 7 მაისს საკალათბურთო მატჩის დროს მოხდა. რადგან კალათბურთის დიდი გულშემატკივარი ვარ და სულ ახლახან, ნაქირავებ ბინაში, ქართული არხებიც კი დავაყენებინე ძირითადად იმ მიზნით, რომ თვალი ვადევნო ეროვნული საკალათბურთო ჩემპიონატის შეხვედრებს, რომლებიც ემოციურად და უამრავი მაყურებლის თანდასწრებით მიმდინარეობს. ეს ხომ სწორედ ის არის, რაც ნამდვილად აკლდა დიდი ტრადიციების მქონე ქართულ კალათბურთს!

მაგრამ ძალიან აღვშფოთდი იმ თავ-პირის მტვრევისა და მუშტი-კრივის გამო, რაც ტელეეკრანებზე მთელმა საქართველომ იხილა. ახლაც კოშმარივით მახოვს 90-იანი წლების ბოლო, როდესაც აღვირახსნილი კალათბურთელების მიერ ნაცემი საბრალო მსაჯები თავს გასახდელში გაქცევით შველოდნენ და ეროვნული ჩემპიონატის მატჩების მსაჯობა ლამის ლომის ხახაში თავის შეყოფას უდრიდა.

ის, რაც 7 მაისს თბილისის სპორტის სასახლეში მოხდა, ნებისმიერი ჭეშმარიტი გულშემატკივრის სამართლიან აღშფოთებას იწვევს. ვინც იმდენად ვერ აკონტროლებს საკუთარ ემოციებსა თუ ნერვებს, რომ მსაჯს (ამ შემთხვევაში - მსაჯ ქალს) ფიზიკურად უსწორდება, სპორტში არაფერი ესაქმება. ამდენად, ვფიქრობ, წელიწადნახევრიანი დისკვალიფიკაცია, რომელიც ბესარიონ ლეჟავას კალათბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომისიამ შეუფარდა, მეტისმეტად ლმობიერი სასჯელია.

ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს უწყება, რომელიც იმავე დღეს მომხდარ მეორე ინციდენტს განიხილავს. შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ, წესით, დისციპლინური წესით უნდა დასაჯოს თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსი. ნებისმიერ შემთხვევაში, ვფიქრობ, გიორგი გეგეჭკორმა საჯაროდ უნდა მოუხადოს ბოდიში დაცვის პოლიციის იმ თანამშრომელს, რომელსაც მაღალჩინოსნის ხელი მხოლოდ იმისთვის მოხვდა, რომ, მაკა კუპატაძისა არ იყოს, მხოლოდ მასზე დაკისრებულ მოვალეობას ასრულებდა.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG