Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანის პრემიერ-მინისტრი ბრალდებებს უარყოფს


პაკისტანის პრემიერ-მინისტრი, იუსუფ რაზა გილანი
პაკისტანის პრემიერ-მინისტრი, იუსუფ რაზა გილანი
პაკისტანის პრემიერ-მინისტრი, იუსუფ რაზა გილანი, პარლამენტის წინაშე წარდგა, რაც წინასწარვე დიდ ინტერესს იწვევდა არაერთი მიზეზის გამო.

ჯერ ერთი, ის პირველად გამოვიდა საჯარო მოხსენებით მას შემდეგ, რაც პაკისტანში ალ-ყაიდის ლიდერი ოსამა ბინ ლადენი მოკლეს აშშ-ის მიერ განხორციელებული სპეცოპერაციის შედეგად. ამას გარდა, კიდევ ერთმა გარემოებამ გამოიწვია გილანის გამოსვლისადმი განსაკუთრებული ყურადღება: წინა დღით გავრცელდა აშშ-ის პრეზიდენტის განცხადება, რომ ბინ ლადენს „რაღაც სახის“ მხარდაჭერა უნდა ჰქონოდა პაკისტანში.

პრემიერ მინისტრმა გილანიმ დღეს „აბსურდი“ უწოდა ბრალდებებს არაკოპეტენტურობის, ან ბინ ლადენის დამალვისთვის ხელის შეწყობის თაობაზე. „ამ ამბავში თანამონაწილეობის ან არაკომპეტენტურობის შესახებ ბრალდებები აბსურდია. ჩვენ გადაჭრით უარვყოფთ ასეთ ბრალდებებს. ასეთ ვარაუდებზე დაყრდნობთი საჯაროდ საუბრის მიზანი არის უიმედობის გაღვივება“, განაცხადა გილანიმ და დასძინა, რომ პაკისტანი ენდობა თავის სამხედროებს და დაზვერვის უწყებას.

ჩვენი აზრით, ბინ ლადენს უნდა ჰყოლოდა მხარდამჭერთა რაღაც სახის ქსელი პაკისტანში, მაგრამ არ ვიცით, ვინ იყო ეს ხალხი, ან რა ტიპის იყო მხარდამჭერთა ქსელი...
პაკისტანის პერმიერ-მინისტრი შეეხო იმ საკითხსაც, თუ რამდენად მართებული იყო შეერთებული შტატების მიერ სპეცოპერაციის ჩატარება უცხო, სუვერენული ქვეყნის ტერიტორიაზე. აქვე უნდა ითქვას, რომ ისლამაბადში ოპოზიცია მთავრობის გადადგომას მოითხოვს, რახან ამერიკული სპეცოპერაციის მონაწილეებმა პაკისტანის სუვერენობა უგულებელყვეს.

გილანის თქმით, ბინ ლადენის ლიკვიდაცია გამართლებულია - მაგრამ ასეთი, ცალმხრივი წესით განხორციელებული ქმედებები, როგორიც ამერიკელების სპეცოპერაცია იყო, „სერიოზული შედეგების“ საფრთხეს უკავშირდება.

პაკისტანის პარლამენტში პრემიერ-მინისტრ გილანის გამოსვლამდე ერთი დღით ადრე, ამერიკულმა ტელეკომპანია CBS-მა აჩვენა აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამასთან ინტერვიუ, რომელშიც გამოთქმულია ვარაუდი, რომ ბინ ლადენი პაკისტანში უზრუნველყოფილი იყო მხარდამჭერი ქსელით, თუმცა, უცნობია, მხარდამჭერები მთავრობაში ჰყავდა თუ არა.

„ჩვენი აზრით, ბინ ლადენს უნდა ჰყოლოდა მხარდამჭერთა რაღაც სახის ქსელი პაკისტანში, მაგრამ არ ვიცით, ვინ იყო ეს ხალხი, ან რა ტიპის იყო მხარდამჭერთა ქსელი. არ ვიცით, იყო თუ არა მათ შორის ხალხი, ვინც მთავრობაშია, ან არ არის მთავრობაში. ამის შესახებ გამოძიება უნდა ჩავატაროთ და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ გამოძიება ჩაატაროს პაკისტანის მთავრობამ“, განაცხადა ობამამ.

პაკისტანის მთავრობის მიერ იმის დადგენას, თუ როგორ ახერხებდა ბინ ლადენი, წლების მანძილზე ეცხოვრა დედაქალაქის მახლობლად, თან სამხედრო აკადემიიდან ლამის ორ ნაბიჯში, აუცილებლად მიიჩნევს ობამას მრჩეველი უშიშროების საკითხებში, ტომ დონილონიც. „არსებობდა ბინ ლადენის მხარდამჭერთა რაღაც ქსელი აბოტაბადში, პაკისტანში“, ამბობს დანლონი და განაგრძობს: „ჩვენ არ გვინახავს მტკიცებულებები, რომ ამის შესახებ მთავრობისათვის იყო ცნობილი, მაგრამ მათ ეს უნდა გამოიძიონ და უნდა მოგვაწოდონ სადაზვერვო ინფორმაცია. სხვათა შორის ინფორმაციაც, რომელიც ბინ ლადენის საცხოვრებელ კომპლექსში შეაგროვეს, მაგალითად, მოგვცენ კონტაქტის საშუალება ოსამა ბინ ლადენის სამ ცოლთან, რომლებიც მათ ჰყავთ დაკავებული“,- განაცხადა ტომ დონილონმა, უშიშროების საკითხებში შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველმა.

აშშ-ის დაზვერვის ოფიციალური წარმომადგენლები ამბობენ, რომ ბინ ლადენის საცხოვრებელი კომპლექსი იყო „სარდლობისა და კონტროლის“ ცენტრი ტერორისტული ქსელისთვის, რომ ბინ ლადენი თვითონაც მონაწილეობდა შეერთებულ შტატებზე მომავალი თავდასხმების მზადებაში. პაკისტანელი ოფიციალური პირები კი ეჭვქვეშ აყენებენ ამ შეფასების მართებულობას. მათი აზრით, ბინ ლადენი არ იყო ტერორისტული ქსელის მართვის აქტიური მონაწილე, რაზეც თუნდაც ის გარემოება მეტყველებს, რომ საცხოვრებელ კომპლექსს სატელეფონო და ინტერნეტით კავშირიც კი არ ჰქონდა გარე სამყაროსთან.

ასეა თუ ისე, პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ გაცემულია დავალება, გამოძიებულ იქნას ის, თუ როგორ შეძლო ბინ ლადენმა შეუმჩნევლად ეცხოვრა ქალაქ აბატობადში, სამხედრო გარნიზონის მახლობლად.
XS
SM
MD
LG