Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოსნიაში გაეროს წარგზავნილი: ჩემი იდეალია, ამ ქვეყანამ პრობლემები გარედან ჩარევის გარეშე მოაგვაროს


ბოსნია-ჰერცეგოვინაში გაეროს საგანგებო წარგზავნილი ვალენტინ ინცკო
ბოსნია-ჰერცეგოვინაში გაეროს საგანგებო წარგზავნილი ვალენტინ ინცკო
ყოფილი იუგოსლავიის ერთ-ერთი ნაშთია ბოსნია-ჰერცეგოვინა, რომელიც თავისთავად ორი ადმინისტრაციული სუბიექტის ფედერაციას წარმოადგენს. ერთში ხორვატები და საკუთრივ ბოსნიელები არიან გაერთიანებული, მეორე კი ბოსნიელ სერბთა რესპუბლიკაა. ბოსნია-ჰერცეგოვინაში გაეროს საგანგებო წარგზავნილია ავსტრიელი დიპლომატი ვალენტინ ინცკო, რომელიც დღეს თავის უკვე მეხუთე ანგარიშს წარუდგენს გაეროს უშიშროების საბჭოს. ინცკო თავის ადრინდელ მოხსენებებში აცხადებდა, რომ ბოსნიელ სერბთა სეპარატისტული მიდრეკილებები მთელი ქვეყნისთვის ზიანის მომტანია.
რუსების მხრიდან ყველა შემთხვევაში კრიტიკულ პოზიციას მოველი. ასე ხდება ტრადიციულად, რადგან საქმე ეხება სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას...

ვალენტინ ინცკო ორ წელიწადზე მეტია გაეროს წარგზავნილად მუშაობს ყოფილი იუგოსლავიის ამ რთულ რეგიონში. სანამ ის უშიშროების საბჭოს წარუდგებოდა თავისი ანგარიშით, გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა და ევროპის კომისიის თავმჯდომარემ ჟოზე მანუელ ბაროზუმ ისაუბრეს ბოსნიის გარშემო. ინცკო ამბობს, რომ მათი საუბარი ამ ქვეყანაში მიმდინარე კრიზისს ეხებოდა, იმას, რომ უკვე მეშვიდე თვეა, მთავრობა სახელმწიფო დონეზე არ მოქმედებს. ის კონკრეტულად მთავარ პრობლემას შეეხო: „...და კიდევ ერთი კრიზისი გველის რეფერენდუმის სახით რესპუბლიკა სრპსკაში, რომელიც ბოსნიის ნაწილია, მაგრამ რეფერენდუმის გამართვას აპირებს მთელი ქვეყნის სახელმწიფო მოწყობის თაობაზე. საერთაშორისო თანამეგობრობა იმ აზრისაა, რომ ქვეყნის ნაწილს არა აქვს უფლება მოაწყოს რეფერენდუმი საკითხზე, რომელიც მთელ ქვეყანას ეხება.“ ინცკო თავისი ანგარიშის შესახებ ამბობს, რომ ის, ასე ვთქვათ, „სეისმოლოგიური მოხსენებაა“, რომელიც ქვეყანაში არსებულ ვითარებას გამოხატავს. ავსტრიელმა დიპლომატმა იცის, რომ უშიშროების საბჭოს მუდმივ და დროებით 15 წევრს შორის ყველა, რუსეთის გარდა, მიემხრობა მის მიერ წარდგენილ დოკუმენტს:

„რუსების მხრიდან ყველა შემთხვევაში კრიტიკულ პოზიციას მოველი. ასე ხდება ტრადიციულად, რადგან საქმე ეხება სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ამ საკითხზე რუსეთში ყოველთვის ერთსულოვნებაა. ჩემი აზრით, კვლავაც ფართო მხარდაჭერა იქნება ევროპის ქვეყნების მხრიდან, გარდა რუსეთისა.“

ვალენტინ ინცკოს ჩვენმა კორესპონდენტმა განმარტება სთხოვა იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ ბოსნიელ სერბთა რესპუბლიკის პრეზიდენტი, მილორად დოდიკი, ინიციატორი რეფერენდუმისა სახელმწიფო სამართლებრივი ინსტიტუტების კომპეტენციის შესახებ, აცხადებს, ჩემი იდეა არასწორად გაიგესო. ინცკო ამბობს, თუკი გაითვალისწინებთ ყველა პუნქტს, რა სურს დოდიკს, მიმართულება გასაგები ხდებაო: სერბთა რესპუბლიკაში სახელმწიფო საკუთრების საკითხი, ბოსნიის ნაწილებს შორის სასაზღვრო ზოლის თემა, ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება სახელმწიფო პროკურატურის უწყების და სასამართლოების კომპეტენციისა... - აშკარაა, რომ ამის უკან პოლიტიკა დგასო. მოკლედ, ვალენტინ ინცკო, წინააღმდეგია ამგვარი რეფერენდუმისა, რომელიც, მისი აზრით, არღვევს ქვეყანას და ხელს უშლის სახელმწიფოს მოქმედებას.შეკითხვას, არის თუ არა შესაძლებელი შეიარაღებული კონფლიქტი ბოსნია-ჰერცეგოვინაში, ინცკო უარყოფითად უპასუხებს და იქვე შენიშნავს, თუმცა არსებობენ ისეთები, ვისაც მშვიდობიანი დაშლა სურს ქვეყნისაო. მაგრამ, ამბობს ის, „დაშლა არ მოხდება, ეს - ერთი. მეორეც: თუ მოხდა, არ მოხდება მშვიდობიანად და, მესამე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მშვიდობიანი დაშლა შესაძლებელი რომ ყოფილიყო, ეს მოხდებოდა 91-92 წლებში ან ამას დაამტკიცებდა დეიტონის ხელშეკრულება. მაგრამ, საერთაშორისო თანამეგობრობა და მეზობელი ქვეყნები, ხორვატია და სერბია, თვლიდნენ, რომ ბოსნიამ უნდა იარსებოს თავის ტრადიციულ საზღვრებში, რომელიც არ შეცვლილა ბოლო 200 წლის განმავლობაში.“

ვალენტინ ინცკოს დიდი სურვილია, არ დასჭირდეს თავისი ძალაუფლების და გავლენის გამოყენება და ბოსნიელმა პოლიტიკოსებმა თვითონ გამონახონ საერთო ენა, ერთად შეძლონ ქვეყნის მართვა სერბებმა, ხორვატებმა და ბოსნიელებმა - მაჰმადიანებმა. მაგრამ, ის ფიქრობს, რომ ეს არ არის რეალისტური. მას იმედი აქვს, რომ რადგან ევროკავშირთან, საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და მსგავს ორგანიზაციებთან მოლაპარაკების წარმართვა და სარგებლის ნახვა მხოლოდ სახელმწიფო დონეზეა შესაძლებელი, ყველას ინტერესშია ერთიანობის შენარჩუნება. რაც შეეხება მას, მის ოფისს, ინცკოს თქმით, ბოსნია-ჰერცეგოვინაში ცოტაა იმ ადამიანების რიცხვი, ვისაც არ სურს გაეროს წარმომადგენლის უწყებამ იმოქმედოს. თვითონ ინცკოსაც მიაჩნია, რომ ის საშუალო და შორეულ მომავალში უნდა დაიხუროს, „მაგრამ, ცხადია, სახელმწიფომ უნდა იმუშაოს მეტ-ნაკლებად და არა მხოლოდ 20 პროცენტით. ჩემი ოცნებაა, რომ ბოსნიელმა პოლიტიკოსებმა და ბოსნიამ მომავალში თავადვე შეძლონ ყველა პრობლემის მოგვარება ინსტიტუციური გზით, უცხოეთიდან ჩაურევლად. ეს იქნებოდა საუკეთესო.“
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG