Accessibility links

logo-print

წლის მესამე შეხვედრა ამერიკა-საქართველოს ქარტიის ფარგლებში


10 მაისს ვაშინგტონი ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის ეკონომიკური ჯგუფის შეხვედრას მასპინძლობს. ეს არის 2011 წლის მესამე შეხვედრა, ხალხთა შორის ურთიერთობებისა და დემოკრატიული ჯგუფების შეხვედრების შემდეგ. როგორც ცნობილია, ქარტიის ფარგლებში მოქმედი 4 სამუშაო ჯგუფი შეერთებულ შტატებსა და საქართველოში ერთმანეთის მონაცვლეობით იკრიბება. როგორ ვითარდება თანამშრომლობა ვაშინგტონსა და თბილისს შორის?

”შეერთებული შტატები და საქართველო აპირებენ გააფართოონ თანამშრომლობა მეტი სამუშაო ადგილის შექმნისა და ეკონომიკური ზრდის მიმართულებით, ხელი შეუწყონ ეკონომიკური ბაზრის რეფორმირებასა და ლიბერალიზაციას, გააგრძელონ ბიზნესკლიმატის გაუმჯობესება და ბაზრებზე ხელმისაწვდომობის ზრდა საქონლისა და სერვისებისთვის”, - ვკითხულობთ ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის მესამე თავში, რომელიც ორი ქვეყნის ეკონომიკურ, სავაჭრო და ენერგეტიკულ თანამშრომლობას გულისხმობს.
ეს არის საქართველოსთან პარტნიორიბის გზა, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას...

2009 წლის 9 იანვარს ხელმოწერილი ქარტიის ხსენებულ მესამე თავში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ენერგეტიკულ განვითარებას და ენერგეტიკულ დამოუკიდებლობასა და უსაფრთხოებას. საუბარია ენერგეტიკული ტრანზიტის უსაფრთხოების დაცვაზე საქართველოს გავლით ევროპაში და ხაზგასმულია, რომ მხარეები მიესალმებიან ”სამხრეთის დერეფნის ენერგეტიკული პროექტის წინ წამოწევას.”

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო კალანდაძის ინფორმაციით, ეკონომიკის, ვაჭრობისა და ენერგეტიკის საკითხებზე მომუშავე ჯგუფის წარმომადგენლები 10 მაისს უკვე მეოთხედ ხვდებიან ერთმანეთს და საქართველოს დელეგაცია ვაშინგტონში მინისტრების მოადგილეების დონეზეა წარმოდგენილი. კალანდაძე ამბობს იმასაც, რომ 10 მაისის შეხვედრაზე განხილული იქნება ”აშშ-ის მხრიდან სავარაუდო და დაგეგმილი დახმარების პროექტები”, თუმცა ამ პროექტებთან დაკავშირებული დეტალები არ კონკრეტდება. ჯერჯერობით უცნობია ისიც, მოეწერება თუ არა ვაშინგტონში ხელი რაიმე სახის კონკრეტულ პროექტებს.

2010 წლის 25 თებერვალს კი, როდესაც ეკონომიკური ჯგუფის სამუშაო შეხვედრას თბილისი მასპინძლობდა, აშშ-ისა და საქართველოს მთავრობათა წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ენერგეტიკულ პაკეტს, რომლის ფარგლებშიც 2 ახალი პროექტის განხორციელება დაიგეგმა. საუბარია აღმოსავლეთ-დასავლეთის გაზსადენის რეაბილიტაცია-გაგრძელებისა და სენაკის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის პროექტებზე. ამ მიზნით ამერიკის მხარემ დაგეგმა 124,5 მილიონი დოლარის დახარჯვა, რაც ვაშინგტონის მიერ აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოსთვის გამოყოფილი მილიარდდოლარიანი დახმარების ნაწილს წარმოადგენს.
ეკონომიკური ჯგუფის ფარგლებში განიხილება სოფლის მეურნეობის, ვაჭრობის, ინვესტირების საკითხები და ასევე გზები, თუ რით შეგვიძლია დავეხმაროთ საქართველოს სამთავრობო დონეზე...

ენერგეტიკულ პაკეტს იმ დღეს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა და შეერთებული შტატების ეკონომიკისა და ბიზნესის ურთიერთობათა მინისტრის მოადგილემ ხოსე ფერნანდესმა, რომელიც ქარტიის ეკონომიკური ჯგუფის სამუშაო შეხვედრას ხელმძღვანელობდა. მისი კომენტარი რადიო თავისუფლების არქივში მოვიძიეთ:

”ეს არის საქართველოსთან პარტნიორიბის გზა, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ეკონომიკური ჯგუფის ფარგლებში განიხილება სოფლის მეურნეობის, ვაჭრობის, ინვესტირების საკითხები და ასევე გზები, თუ რით შეგვიძლია დავეხმაროთ საქართველოს სამთავრობო დონეზე. ჩვენ ასევე ხელს შევუწყობთ კავშირების დამყარებას კერძო სექტორთან; ვიმსჯელებთ, კიდევ რის გაკეთება შეიძლება ეკონომიკური პოტენციალის გამოსაყენებლად. ჩვენ ამას გავაკეთებთ პარტნიორობის, თანამშრომლობისა და მხარდაჭერის სულისკვეთებით.”

პარტნიორობის და მხარდაჭერის სულისკვეთებას მუდმივად ესმება ხაზი, როდესაც შეერთებული შტატების ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლები ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიაზე ლაპარაკობენ. ასე იყო 2010 წლის 6 ოქტომბერს, როდესაც სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი სიტყვით გამოვიდა ქარტიის ორწლიანი მუშაობის შემაჯამებელ სხდომაზე. სხვათა შორის, სწორედ ამ სხდომაზე უწოდა მან კიდევ ერთხელ საქართველოში რუსეთის ქმედებებს ”ოკუპაცია” და სწორედ ამ საკითხს დაუკავშირა ქარტიის მთავარი პრინციპიც:
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი თბილისში ყოფნის დროს

”შეერთებული შტატები არ იყოყმანებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის საქმეში. სწორედ ეს მხარდაჭერა წარმოადგენს სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის ცენტრალურ პრინციპს და ეს არის ორმხრივი ურთიერთობის ფუნდამენტი.”

ქარტიის ფარგლებში გადადგმული ნაბიჯების შეფასებისას და სამომავლო გეგმებზე საუბრისას, ჰილარი კლინტონმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი საქართველოს დემოკრატიული განვითარების აუცილებლობას და მოუწოდა თბილისს მომავალ არჩევნებზე აჩვენოს, რომ ის არა მხოლოდ აკმაყოფილებს, არამედ აჭარბებს კიდეც საერთაშორისო სტანდარტებს.
ვინაიდან საქართველო შედის ე.წ. საარჩევნო სეზონში, მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო კოდექსზე მუშაობა საარჩევნო სეზონის დაწყებამდე დასრულდეს...

არჩევნების თემა პრიორიტეტული იყო 27 აპრილის შეხვედრაზეც, რომელიც ქარტიის ფარგლებში დემოკრატიის სამუშაო ჯგუფმა თბილისში გამართა. გავიხსენოთ, რომ შეერთებული შტატების დელეგაციას ევროპისა და აზიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ტინა კეიდანაუ ხელმძღვანელობდა. დემოკრატიის ჯგუფის შეკრებასთან ერთად, კეიდანაუმ შეხვედრები გამართა როგორც ხელისუფლების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან, ხოლო სამუშაო დღის ბოლოს საქართველოს კიდევ ერთხელ ურჩია საარჩევნიო გარემოს გაუმჯობესება:

”ვინაიდან საქართველო შედის ე.წ. საარჩევნო სეზონში, მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო კოდექსზე მუშაობა საარჩევნო სეზონის დაწყებამდე დასრულდეს. შეერთებული შტატები არ აპირებს ადვოკატირება გაუწიოს რომელიმე კონკრეტულ რეფორმას, ჩვენ დიალოგის მომხრეები ვართ. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ დროულად იქნება მიღწეული შეთანხმება საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით, რათა ეს პროცესი არჩევნებამდე განხორციელდეს.”

ტინა კეიდანაუს ხელმძღვანელობით გამართული დემოკრატიის ჯგუფის შეხვედრა თბილისში რიგით მეორე იყო ქარტიის ფარგლებში 2011 წელს დაგეგმილი შეხვედრებიდან. მისი წინამორბედი იყო ხალხთა შორის ურთიერთობების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ვაშინგტონში. როგორც უკვე ვთქვით, მესამე შეხვედრა დღეს ასევე ვაშინგტონში იმართება, ხოლო წლის მეოთხე შეხვედრას, რომელსაც უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ჯგუფი გამართავს, ისევ თბილისი უმასპინძლებს.
XS
SM
MD
LG