Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტენდერი თუ სატრანსპორტო სფეროს მონოპოლიზაციის მცდელობა?


ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია პარლამენტს მოუწოდებს არ მიიღოს ცვლილებები ”საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ” კანონში. ცვლილებები გულისხმობს რეგულაციებს კერძო სატრანსპორტო სფეროში, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობის თვალსაზრისით. ცვლილება, პირველ რიგში, რუსთავი-თბილისის ხაზზე მოძრავ სამარშრუტო ტაქსებს შეეხება. ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ ხელისუფლება კერძო სატრანსპორტო სფეროს მონოპოლიზაციას აპირებს და საკითხს პოლიტიკურ ჭრილშიც განიხილავს.
ამ სფერომ ბუნებრივად მოითხოვა რეგულაცია, რაც არის ადგილობრივი თვითმმართველობების კომპეტენცია, მოსახლეობის ინტერესების დაცვა კი ადგილობრივი თვითმმართველობების მოვალეობაც არის...

2003 წლიდან მოყოლებული, ტრანსპორტის სფეროში არსებული სატარიფო რეგულაციის მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობების კომპეტენციაში შედის ფასის რეგულაცია ზოგიერთი სახის ტრანსპორტზე, კერძოდ, ავტობუსებსა და მიწისქვეშა და მიწისზედა ელექტროტრანსპორტზე. სამარშრუტო ტაქსები და სხვა დანარჩენი სატრანსპორტო საშუალებები ფასის რეგულაციისგან გათავისუფლებულია. ცვლილებას „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ კანონში ერთ-ერთ საფუძვლად სწორედ კერძო სატრანსპორტო სფეროში ფასის რეგულაცია უდევს, - აცხადებს კანონის ინიციატორი, პარლამენტის რეგიონალური პოლიტიკისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ბალავაძე:

”ფასის რეგულაცია არ ხდება. არა მარტო ფასზეა საუბარი, არამედ არ ხდება გრაფიკის რეგულაცია. ამ სფერომ ბუნებრივად მოითხოვა რეგულაცია, რაც არის ადგილობრივი თვითმმართველობების კომპეტენცია, მოსახლეობის ინტერესების დაცვა კი ადგილობრივი თვითმმართველობების მოვალეობაც არის.”

ვახტანგ ბალავაძის ამ განცხადების საპასუხოდ ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ხელმძღვანელს მერაბ ჯანიაშვილს შემდეგი შინაარსის მოსაზრება აქვს:
ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ხელმძღვანელი მერაბ ჯანიაშვილი

”თუ ფარმაცევტულ, ნავთობიმპორტიორ, სამშენებლო კომპანიებს თვითონ შეუძლიათ საკუთარი ფასის განსაზღვრა, რატომ არ უნდა შეეძლოს ”მარშრუტკის” მძღოლს საკუთარი მომსახურების ფასის განსაზღვრა? ანუ თუ ვზრუნავთ მგზავრის უსაფრთხოებაზე და ხარისხიან მომსახურებაზე, რატომ არ ვზრუნავთ პაციენტის უფლებებზე და ხარისხიან მომსახურებაზე და ა.შ.”

მერაბ ჯანიაშვილი თბილისში ჩატარებული სამარშრუტო ტაქსების ტენდერის შედეგების მიხედვით ასკვნის, რომ ხელისუფლებას სურს, სატრანსპორტო სფეროში მონოპოლიები შექმნას და, რაც მთავარია, მისდამი კეთილგანწყობილი ჯგუფების ხელში მოაქციოს სატრანსპორტო სფერო:

”მონოპოლიზების მთავარი მიზანი ის არის, რომ რაც უფრო ცოტა ადამიანის ხელში იქნება ეს სფერო და რაც უფრო ნაკლები იქნება ისეთი ადამიანი, რომელიც დამოუკიდებლად შოულობს ფინანსურ წყაროს, მით უფრო მარტივი იქნება ქვეყნის მართვა.”
პროფკავშირს ნამდვილად არ აინტერესებს, რომელი კომპანია გაიმარჯვებს. პროფკავშირს აინტერესებს დღეს დასაქმებული ყველა ადამიანი...

ის, თუ როგორ ჩატარდება ტენდერი და რომელი კომპანია გამოცხადდება გამარჯვებულად, არ აინტერესებს საქართველოს ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარე ლავრენტი ალანიას. ის ამბობს, რომ მთავარია არც ერთი მძღოლი უმუშევარი არ დარჩეს. ის ასევე მიიჩნევს, რომ სატრანსპორტო რეგულაციები აუცილებელი იყო, მიზეზად კი იმას ასახელებს, რომ რუსთავი-თბილისის მარშრუტზე დღეში 100-მდე ე.წ. მტაცებლური რეისი ხორციელდებოდა, რაც სატრანსპორტო რეგულაციის პირობებში გამორიცხულია:

”პროფკავშირს ნამდვილად არ აინტერესებს, რომელი კომპანია გაიმარჯვებს. პროფკავშირს აინტერესებს დღეს დასაქმებული ყველა ადამიანი, იქნება ეს მძღოლი, ბუღალტერი, ბრიგადირი თუ დისპეტჩერი - ყველა უნდა დასაქმდეს უპირობოდ. ”
სატენდერო პირობები ჯერჯერობით არ არსებობს. როდესაც კანონი შევა ძალაში, ამის შემდეგ გაირკვევა ეს საკითხი და ყველა მძღოლი უნდა დასაქმდეს უპირობოდ...

რაც შეეხება თავად სატენდერო პირობებს და მის მოთხოვნებს, კანონის მიღებამდე ამაზე საუბარი ნაადრევად მიაჩნია ქალაქ რუსთავის მერის მოადგილე დავით ჯაფარიძეს. მისი სიტყვებით, მთავარია ტენდერის შედეგად მგზავრთა გადაყვანა კომფორტული და უსაფრთხო გახდეს:

”სატენდერო პირობები ჯერჯერობით არ არსებობს. როდესაც კანონი შევა ძალაში, ამის შემდეგ გაირკვევა ეს საკითხი და ყველა მძღოლი უნდა დასაქმდეს უპირობოდ, უფრო სწორად, ამას პირობა არ სჭირდება.”

დავით ჯაფარიძისვე სიტყვებით, მნიშვნელოვანი იქნება ასევე ის ბერკეტი, რომლის მეშვეობითაც ადგილობრივ თვითმმართველობას ფასების რეგულაციის საშუალება მიეცემა. თავად რუსთაველი სამარშრუტო ტაქსების მეპატრონეები რადიო თავისუფლებასთან საუბარში ტენდერის გამოცხადებამდე ვერ ამბობენ, შეძლებენ და მოისურვებენ თუ არა საკუთარი ავტოპარკით ტენდერში მონაწილეობას. ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის აზრით, საკანონმდებლო ცვლილებების გარეშე სტანდარტების შემოღებითაც იქნებოდა შესაძლებელი ჯანსაღი კონკურენციისა და სამარშრუტო ტაქსების სისტემის მოწესრიგება.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG