Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

გამგეობის მუშაობა ლაგოდეხში დამაკმაყოფილებლად შეფასდა


ლაგოდეხი
ლაგოდეხი
2010 წლის მუშაობის ანგარიშის წარდგენისას ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობამ თავი ძირითადად ინფრასტრუქტურული პროექტებით მოიწონა, რომელთა ნაწილიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა. გამგებელი დიმიტრი ლოლაძე სოფლის დახმარების პროგრამასაც შეეხო და რამდენიმე პროექტზე დეტალურად გაამახვილა ყურადღება:

”2010 წელს ბევრი პროექტი განვახორციელეთ. ერთ-ერთი დიდი პროექტი იყო სოფელ გურგენიანში გზის რეაბილიტაცია. 1 500 მეტრზე ასფალტის ახალი საფარი დაიგო. მუნიციპალური განვითარების ფონდთან თანადაფინანსებით გავაკეთეთ 2 მნიშვნელოვანი საავტომობილო გზა - ეს არის ვარდისუბანი, სვიდება, თამარიანის დამაკავშირებელი 4-კილომეტრიანი საავტომობილო გზის მონაკვეთი და სოფელ ბაისუბნის და სოფელ კართუბნის შემაერთებელი გზა. აქაც დაახლოებით 4 კილომეტრზე გზის საფარი დაიგო. აგრეთვე რამდენიმე სოფელში მოეწყო ახალი ჭაბურღილი; გაკეთდა ახალი სათავე-ნაგებობები სოფელ ნინიგორში, სოფელ გელათში, ასევე ცოდნისკარის თემისთვის, რის შემდეგაც საგრძნობლად გაუმჯობესდა წყლის ხარისხი. ადგილობრივი ბიუჯეტით მოვახერხეთ პატარა სკვერის მოწყობა ქალაქის ტერიტორიაზე. ქალაქ ლაგოდეხში ასფალტი დავაგეთ რამდენიმე ისეთ ქუჩაზე, სადაც საერთოდ არ ყოფილა საფარი.”

საბოლოო ჯამში, გამგეობის 2010 წლის მუშაობა მუნიციპალიტეტის საკრებულომ ერთხმად დამაკმაყოფილებლად შეაფასა, თუმცა, ამის მიუხედავად, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გოზალიშვილმა ყურადღება გაამახვილა იმ ხარვეზებზე, რომლებიც გამგეობის გასული წლის მუშაობის დროს გამოიკვეთა და რომლებიც აუდიტის დასკვნაშიც აისახა:

”აუდიტი ეს არის ლიცენზირებული დაწესებულება, რომელმაც ტენდერში გაიმარჯვა, მის მიერ მოხდა გამგეობის საფინანსო სამსახურების შეფასება და მთლიანად ხარჯვითი ნაწილის აუდიტი ჩატარდა. იყო შენიშვნები კონკრეტულ სამსახურებთან მიმართებით, რაზეც ჩვენ დამატებით კიდევ ვიმსჯელებთ. ეს ძირითადად ”აიპებს” ეხება. არ არის მცირე თანხები, რითაც ჩვენ ”აიპებს” ვაფინანსებთ, ამიტომ ყველა ხელმძღვანელი არის პასუხისმგებელი გამოყოფილი თანხების სწორად და კანონის მიხედვით ხარჯვაზე.”

2010 წლის მუშაობის თაობაზე შენიშვნები საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაციაშიც გამოითქვა. ასოციაციის ეკონომისტი მამუკა ისკანდარაშვილი, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტის მონიტორინგს წლების მანძილზე ახორციელებს, თანხების არაეფექტურ ხარჯვაზე მიანიშნებს. ისკანდარაშვილი ამბობს, რომ ხარვეზების გამოსწორების მიზნით, გამგეობაში წარსადგენად სარეკომენდაციო წერილსაც ამზადებს.

თვითმმართველობა ლაგოდეხში პირობას დებს, რომ 2011 წლის მუშაობა, გასულ წელთან შედარებით, გაუმჯობესდება და თანხების ხარჯვაც უფრო ეფექტურად მოხდება.
XS
SM
MD
LG