Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

ქუთაისის ბიუჯეტის ხარვეზები


ქუთაისის მერიის შენობა
ქუთაისის მერიის შენობა
ქუთაისის საკრებულომ 2010 წლის ბიუჯეტის შესრულებაზე ინფორმაცია აპრილის თვეში მოისმინა. უმრავლესობამ ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულების ანგარიში ხმის მიცემით დაამტკიცა.

როგორც საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის ქუთაისის ოფისში განმარტავენ, აღმასრულებელ ხელისუფლებას საკრებულოსთვის ბიუჯეტის შესრულებაზე ანგარიშის წარდგენის ვადა 1 მაისამდე ჰქონდა. ქუთაისის მერიამ საკრებულოსთვის ანგარიშის მიწოდება აღნიშნულ დროში შეძლო.

ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მიღებისას საკრებულოს სხდომაზე ხმის მიცემისგან თავი შეიკავეს საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრებმა. ფრაქცია “ქრისტიან-დემოკრატების” წარმომადგენლებს ბიუჯეტით გათვალისწინებული სამუშაოების ხარისხზე აქვთ შენიშვნები.

დავით დვალი რადიო თავისუფლებასთან საუბარში განმარტავს, რომ საინტერესოა არა მარტო რაოდენობა, არამედ ძალიან მნიშვნელოვანია ხარისხობრივი მაჩვენებელიც:

”როდესაც წყლის სისტემის რეკონსტრუქციის პროგრამის განხორციელებას თავად ხელისუფლება სინანულით დამაკმაყოფილებლად აფასებს, ჩვენ ვერ წავახალისებთ ასეთ პროგრამას. ჩვენ გვირჩევნია, ტემპი შესრულების იყოს უფრო ნაკლები, მდორე და ხარისხი იყოს მაღალი”.

დავით დვალს შენიშვნები საბიუჯეტო კოდექსის მიმართაც აქვს და იმ ხარვეზებზე საუბრობს, რომლებსაც კოდექსი თვითმმართველობებს უქმნის.

”კოდექსი ადგილობრივ ხელისუფლებას გარკვეულ შეზღუდვებს უწესებს. გამოთანაბრებითი ტრანსფერის ფორმულით ხდება ბიუჯეტის აკინძვა. გამოდის, რომ რაიონს ყოველთვის აქვს მეორეხარისხოვანი როლი, რომ თვითმმართველს არა აქვს არჩევანის საშუალება და უფლება,რადგან თუ კარგად დავაკვირდებით ბიუჯეტს, მისი დიდი ნაწილი ტრანსფერებით განისაზღვრება, ანუ ადგილობრივი პოლიტიკის განსაზღვრაში თვითმმართველს არა აქვს წამყვანი როლი - ცენტრი უკარნახებს, ცენტრი არჩევს, ცენტრს მოსწონს, თვითმმართველი კი იძულებულია ეს ყველაფერი განახორციელოს. ეს მანკიერია, ეს არაა პირდაპირპროპორციული მაჩვენებელი ხალხის ნების. რაც მოსწონთ თბილისში, რაც ესიმპათიურებათ, ის უნდა განხორციელდეს”, - აცხადებს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას დავით დვალი.

როგორც მერიის საფინანსო სამსახურში განმარტავენ, ქალაქის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი 101%-ით შესრულდა, რაც საგადასახადო მოსაკრებლების გაზრდამ გამოიწვია, ასევე შესრულებულია ხარჯვითი ნაწილი. სამსახურის ხელმძღვანელის, თემურ ცაგარეიშვილის, თქმით, გასულ წელს ქალაქის ბიუჯეტი 39 მილიონი ლარით განისაზღვრა, 1 წლის განმავლობაში პროექტში 19 ცვლილება შევიდა და, საბოლოოდ, თანხა 128 მილიონ ლარამდე გაიზარდა ცენტრალური ბიუჯეტიდან გადმორიცხული გათანაბრებითი ტრანსფერებითა და გრანტებით. თანხის ძირითადი ნაწილის ცენტრალური ბიუჯეტიდან განსაზღვრას თემურ ცაგარეიშვილი საბიუჯეტო მოწყობით ხსნის.
XS
SM
MD
LG