Accessibility links

logo-print
1 მაისი, კვირა
არასდროს მიწერია დღიურები... ეს კვირა ჩემთვის ძალიან მძიმე და მნიშვნელოვანი იქნება: ხუთშაბათს დანიშნულია სააპელაციო სასამართლო - დავის საგანი დიღმის ტყის სტატუსია. სავარაუდოდ, ამ კვირაში გადაწყდება, დავუბრუნდები თუ არა ჩემს პროფესიას, ანუ ხატვას; თუ მთლიანად სხვა საქმით ვიქნები დაკავებული, ანუ საზოგადოებრივი ინტერესების ადვოკატირებით ეკოლოგიაში. რაც თავი მახსოვს, ვხატავ. ძერწვაც მიყვარდა, მაგრამ გოგოსთვის მძიმე იყო.

მაჩუქეს დღიურების წიგნი, რომლის ყდაზეც ზურა ნიჟარაძე დავინახე - ჩემი პედაგოგი. დიდი სიამოვნებით წავიკითხე მისი დღიურები. იგი უშუალო ადამიანია, ისეთივე ემოციით წერს, როგორითაც ჰყვება. დიდი მხატვარია! ამავე ყდაზე მინდია უგრეხელიძეცაა - ჩემი უახლოესი მეგობრის ნათლია. ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ მისი პროფესია ოდესმე ამდენად საინტერესო გახდებოდა ჩემთვის.

ვისეირნე. დღეს არსად აღარ წავალ. გადავჭიმე ტილო და ნახევარი დღე ნატურმორტს ვდგამდი. მგონი, ლამაზი გამოვიდა. ბევრი იასამნისფერი და ოქროსფერია - აღმოსავლეთი. შარშან ვიყიდე საოცარი ფეხსაცმელი - უგრძელესი, მოკაუჭებული ცხვირით. ოქროსფერ დოქზე ჩამოვკიდე წითელი და მწვანე მძივები და ეს ყველაფერი ჩალისფერ ხავერდზე დავდე, უკან კი ჩამოვკიდე იასამნისფერი შალი მწვანე და ოქროსფერი ორნამენტით. შეიძლება, ვერც დავხატო...



2 მაისი, ორშაბათი
ამ დღის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ რაიმე საქმის დაწყებას ვერიდები. თუმცა, საკრებულოში ვარ დაბარებული. საკრებულო არის ადგილი, სადაც ფიქსირდება მერიის გადაწყვეტილებები. დაწესებულება არის „მყარი და უწყვეტი ტრადიციების“ მატარებელი. არ იცვლება შიდა განწყობა, არც თანამშრომლები, არც ავეჯი, მოკლედ არაფერი იცვლება. შიგნიდან ძველ, მიტოვებულ სასახლეს ჰგავს ერთი დიდი დარბაზითა და ვიწრო ბნელი დერეფნებით, დაბრეცილი იატაკით. სწორად რომ იარო, კოჭლი უნდა იყო. სულ მგონია, რომ დერეფნის ბოლოდან ღამურა გამოფრინდება, ან რომელიმე ჩვენი ცოდვილი მერის მოჩვენება გამოვა. ერთი წლის წინ, ადგილობრივი არჩევნების მერე, ყველა ოპოზიციური დეპუტატის სახელზე მაქვს შეტანილი განცხადება. ერთი წლის თავზე დამირეკეს და დამიბარეს კახა კუკავასთან. ბატონ კახას გაუკვირდა, რომ ჯერ არაფერი აშენებულა. ინტერესით გამომკითხა, თუ რატომ.

3 მაისი, სამშაბათი
ორ დღეში გაიმართება სააპელაციო სასამართლო... საქალაქო სასამართლოს სხდომა 31 იანვარს ჩატარდა. დაახლოებით 12 თვით გვიან, ვიდრე ეს კანონით არის გათვალისწინებული. 12 თვეში ბევრი რამ მოხდა: 2010-ში სტუდია „მონიტორმა“ გადაიღო ფილმი-გამოძიება, რომელიც მრავალჯერ უჩვენეს ტელევიზიით, მაგრამ მისი ჩვენება დიღმის ტყე-პარკშიც გადავწყვიტეთ. ჩატარდა აქცია რომელიც მოამზადა ხუთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, მე კი ამ პატარა პროექტის ხელმძღვანელი ვიყავი. პროექტი განხორციელდა ფონდ „ღია საზოგადაოება-საქართველოს“ მხარდაჭერით.

დავპატიჟეთ: დიღმის მოსახლეობა, საზოგადოება, დიპლომატები, ჟურნალისტები, მწერლები, მომღერლები. ჩემი მიზანი იყო, ამ ხალხისთვის, ზღაპრულ მიღებაზე, ტყეში, მუხებში დამონტაჟებულ ეკრანზე გვეჩვენებინა ფილმი-გამოძიება. ფილმი, რომელიც ამ ტყეში, ამ ტყეზე და ამ ტყის გადასარჩენად გადაიღეს.

მიუხედავად სინოპტიკოსების დამაიმედებელი პროგნოზებისა (23 სექტემბერს უეჭველად კარგი ამინდი უნდა ყოფილიყო), ახალგათიბულ მდელოზე მაინც დავდგით კარავი წვეტიანი სახურავით (ისეთი, როგორებიც სპარსულ მინიატურებზეა). დამზადდა სამკერდე ნიშნები წარწერით „Save Digomi Forest“...

ძალიან ვღელავდი. სტუმრებს შვიდისთვის ველოდებოდით. შვიდის ნახევარზე ცა ჩაშავდა, ბუნება თავსხმისთვის მოემზადა, ჩვენ კი ჩავყარეთ სამკერდე ნიშნები გადმობრუნებულ ქოლგაში და, სტუმრების მოლოდინში, ტყის შემოსასვლელში დავდექით. თარჯიმანი სევდიანი სახით იჯდა კუნძზე... და უცებ - საოცრება: გაჩერდა მანქანა და მობრძანდა იაპონიის ელჩი! მოგვიანებით ლიტვის ელჩიც გვესტუმრა. ღამე იყო, წვიმდა, ჩვენთან კი მოდიოდნენ და მოდიოდნენ სტუმრები: ლიზა ბაგრატიონი, თემო ჯორჯაძე, ნაირა გელაშვილი, იური მეჩითოვი, შორენა შავერდაშვილი, და კიდევ 200-მდე კაცი.

დარწმუნებული ვარ, ელიტარულ კორუფციასთან ბრძოლისთვის არც ერთი ჟურნალისტი არ დაუჯილდოებიათ თოჯინით. ნანა ბიგანიშვილს ჯილდო ფილმის ჩვენებამდე გადაეცა, რადგან, ფაქტობრივად, უკვე წვიმდა. ხალხი ქოლგებით იჯდა და ფილმს უყურებდა... უცებ წვიმა შეწყდა - საპროტესტო აქცია შედგა! საზოგადოებას ვუჩვენეთ პროჟექტორებით განათებული ულამაზესი ადგილი პარკში და ტრაგიკომიკური დეტექტივის ქართული ვარიანტი.

4 მაისი, ოთხშაბათი
ხვალ სააპელაციო სასამართლოა. მას წინ უძღოდა 31 იანვრის სასამართლო სხდომა. პირველად ვესწრებოდი სასამართლო პროცესს. ძალიან საინტერესო იყო. მოსამართლე გვრიტიშვილი უწინ მერიაში მუშაობდა და ცნობილია იმით, რომ პროცესუალურ ნორმებს არ არღვევს, „კეთილგანწყობილია“ ადვოკატისადმი და მას შესაძლებლობას აძლევს, ილაპარაკოს, რამდენიც უნდა...

განხილვა ოთხ საათს გაგრძელდა. დადასტურდა, რომ არსებობს ორი რუკა; რომ საკრებულოს მიერ წარმოდგენილი რუკა არ ემთხვევა არც გაზეთში გამოქვეყნებულს, და არც გადაწყვეტილების ტექსტობრივ ნაწილს; რომ დარღვეული იყო გადაწყვეტილების მიღების წესი და თვით საკრებულოს რეგლამენტი, რომ არაფერი ვთქვათ დადგენილების არსზე. უმძიმეს ეკოლოგიურ სიტუაციაში საკრებულომ ერთი ხელის მოსმით გაანადგურა ქალაქის სარეკრეაციო ზონის რვა ჰექტარი. ეს გააკეთა ყოველგვარი დასაბუთების გარეშე და, საერთოდ, ყველაფერი იყო აბსოლუტურად აბსურდული. არავინ გაითვალისწინა, რომ საკრებულომ გააუქმა დიღმის ტყე-პარკის სტატუსი, რომელიც 2000 კაცის ხელმოწერილი მოთხოვნის საფუძველზე იყო მიღებული. ასეთი იყო ის პირველი სხდომა.

საქმის დეტალური შესწავლის შემდეგ, მასამართლემ სარჩელი არ დააკმაყოფილა. ადამიანისთვის, რომელიც პირველად არის სასამართლოში, ძალიან რთულია იმის გაგება, რაც იქ ხდება. მაგალითად: მერიის წარმომადგენელმა მოსამართლეს გამოუცხადა, რომ მე, როგორც მოქალაქეს, საერთოდ არ მქონდა უფლება, გამესაჩივრებინა საკრებულოს გადაწყვეტილება, რადგან მე არ მადგება უშუალო ზიანი და ჩემი ინტერესები არ ილახებოდა.

დღეს მოსახლეობას ტყეში ხვდებოდნენ ზურაბ აბაშიძე და ვიქტორ დოლიძე ამ ტყის მხარდასაჭერად. ხალხს ნამდვილად აინტერესებს მათთან საუბარი. კამერების წინაშე დეპუტატებმა თავიანთი პოზიცია გამოხატეს. ზაფხულში ამ პრობლემებზე სალაპარაკოდ დიღმის ტყეში თინა ხიდაშელი მოდიოდა. მოკლედ, ყველამ ყველაფერი იცის...

5 მაისი, ხუთშაბათი
დღეს ადრე ავდექი, სასეირნოდ გავიყვანე ძაღლები. არაჩვეულიბრივი დილა იყო. წელს გაზაფხული ძალიან ლამაზია, თუმცა ყოველ წელს მეჩვენება, რომ გაზაფხული ასეთი ლამაზი არასოდეს ყოფილა. შარშან შევაგროვე 50 წაბლი და დავრგე - 17-მა იხარა. მოწითალო მიწიდან პატარა წაბლები ამოვიდნენ, მოყვითალო ფოთლებით. უკვე ორ კვირაში ხეებად მეჩვენებიან - ჩემი ხელისგულისხელა ფოთლები აქვთ. თუ მომავალ წლამდე ტყე ცოცხალი იქნა, იქითაც გადავრგავ. დილით ჟინჟლავდა, ტყეში ჩემს გარდა არავინ იყო. ოთხ საათზე ჩატარდა სააპელაციო სასამართლოს სხდომა. მოსარჩელე მე ვარ, მოპასუხე თბილისის სააკრებულო, მოსამართლე კი -ჭიჭილეიშვილი. მოხდა ის, რასაც ველოდი: სააპელაციომ სარჩელი არ დააკმაყოფილა. საკრებულო დაიღალა და დაიძაბა. ადვოკატიც დაღლილია, დღეს ეს მისი მეორე დამარცხებაა. ადვოკატის პროფესია დღეს ნამდვილად ტრაგიკულია, პროცესი - ფორმალობა. ამაზრზენი გრძნობაა!

6 მაისი, პარასკევი
6 საათზე საშინელ გუნებაზე გავიღვიძე. ბოლო წლები მთელი ჩემი დრო და ენერგია ამ ტყის შენარჩუნებაზეა დახარჯული. ყველაფერი ეს კი იმით დაიწყო, რომ სამი წლის განმავლობაში აქ პეიზაჟებს ვხატავდი. მაინტერესებდა ფერწერული ამოცანები, შემეძლო დიდხანს მემუშავა ერთ ტილოზე, ბავშვების სტუდიას ვხელმძღვანელობდი. ჩემ ირგვლივ კი ტყეს ჰყიდდნენ და ანადგურებდნენ. 2002 წელს ზუსტად იმ ადგილას ვიდექი, რომელსაც ახლა სტატუსი შეუცვალეს, მესაკუთრეებმა მოიყვანეს ტრაქტორი და მწვანე ცოცხალი კედელი, რომელსაც ვხატავდი, ორ წამში წააქციეს. ნამუშევარი დაუმთავრებელი დამრჩა. ეს ამ ციკლში ბოლო ტილო იყო. ისიც გამოვფინე გალერეა „ორიენტში“. ეს ჩემი და გამომძიებელი ჟურნალისტის, ნუგზარ სუარიძის გამოფენა-პროტესტი იყო. დარბაზში ფერწერული ნამუშევრების გვერდით მისი სტატია იყო გამოკრული. გამოფენა ფართოდ გაშუქდა პრესაში, მაგრამ მშენებლობას ეს ვერ გააჩერებდა. როცა მშენებლობა წამოიწყეს, მოსახლეობა ერთი კვირის განმავლობაში უწევდა ფიზიკურ წინააღმდეგობას მშენებლებს. არ აძლევდა აშენების საშუალებას, ძალიან გვეხმარებოდა ტელეკომპანია „იმედი“ და კიდევ ერთხელ გაიმართა ჩემი გამოფენა-აქცია, ამჯერად გალერეა TMS-ში, გოგა ხაინდრავას დახმარებით. გამოფენას, რომელიც ნაირა გელაშვილმა გახსნა, მოულოდნელი შედეგი მოჰყვა: საკრებულოს მაშინდელი თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი თავისი რაზმით ადგილზე გაჩნდა და უკვე აშენებული ღობეები დააშლევინა. ოპტიმისტები ფიქრობდნენ, რომ ტყე გადარჩა, რეალისტები კი ვარაუდობდნენ, რომ ეს პოლიტიკური თამაში იყო. მე კი, როგორც მხატვარმა, შევძელი, ჩემი როლი შემესრულებინა.

7 მაისი, შაბათი
დილას ძაღლები გამყავს. ჩარლიკოსთვის და კიკიშასთვის ეს მთელი დღის ყველაზე ბედნიერი საათია. აგერ, მორბის მათი ძმაკაცი ტობი – ლაბრადორი, მოშორებით კი სხვა ძაღლებს ასეირნებენ. უამრავი ხალხი სეირნობს ტყეში დილით, ყველას ვიცნობ. სასამართლოს შედეგებზე არ მეკითხებიან - ერთმანეთისგან იციან. მხოლოდ ერთმა მკითხა, რომელსაც ყველაზე ნაკლებად სჯეროდა: „როდის შეგაქვს უზენაესში?“ და პასუხი რომ მიიღო, მითხრა: „ფულია შესაგროვებელი.“ საერთოდ კი ნებისმიერ აქციაზე ხალხის წამოყვანა უფრო ადვილია, ვიდრე სასამართლოს დარბაზში. არა იმიტომ, რომ ეშინიათ (ესეც არის, რა თქმა უნდა), არამედ იმიტომ, რომ არ სჯერათ. აბსოლუტურად!..

ვინახულე ჩემი წაბლები. ახლა კი ჩემს დანარჩენ ხეებთანაც მივალ. ხუთასზე მეტი ხე გავზარდეთ ამჟამად გამიჯნულ ტერიტორიაზე. მერიამ დარგო და წავიდა... ხალხმა ფული შეაგროვა და წყალი გაიყვანა, რწყავდა და თვითონაც რგავდა ხეებს. გაიზარდნენ სოსო ფალავანდიშვილის ფიჭვები, აყვავდა დათოს დარგული იასამანი, მშვენივრად გრძნობენ თავს მეორე დათოს იფნები. აი, ნუკრის პატარა კაკლებიც, რომლების ძირშიც ის დასვენებას აპირებს. მორწყვა იწყებოდა დილის შვიდის ნახევარზე და მთავრდებოდა პირველ საათზე. მერე საღამოს - 5-დან 10 საათამდე. ასე გაიზარდა 500 ძირი, აღდგა ერთხელ განადგურებული ტერიტორია. ტერიტორიის მოვლაში ძალიან დიდი შრომა აქვს ჩადებული მოსახლეობას, გამწვანების მუშაკებს, მეცნიერებს...

მობილური რეკავს. უცნობი ხმა: „ქალბატონო ანა, თქვენი ტელეფონი მოგვცეს. ხომ ვერ გვეტყვით, ვის მივმართოთ? გლდანში მთელი ფიჭვნარი გახმა! რა ვუშველოთ, რა ვქნათ? მეორე წელია, ვრეკავთ მერიაში.“

არ ვიცი რა ვუპასუხო...

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG