Accessibility links

logo-print

ლიბიელ მეამბოხეებს აშშ-ში გაყინულ ანგარიშებზე ხელი არ მიუწვდებათ


ლიბია

ლიბია

ლიბიაში ომი გრძელდება. დე იურე მმართველის, მუამარ კადაფის ერთგულ ჯარს წინააღმდეგობას უწევს მეამბოხეთა არმია, რომელსაც მხარს უჭერს ნატოს ავიაცია. მაგრამ მეამბოხეებს უცხოეთისგან მეტი სურთ - ფული სჭირდებათ. ამ დროს კი, აშშ-ის ბანკებში გაყინულია მილიარდობით დოლარი, რომელიც ლიბიას და მის მთავრობას ეკუთვნის.

თითქმის სამი თვეა გრძელდება ლიბიაში დაპირისპირება, რომელსაც ბოლო არ უჩანს. ნატოს ავიაცია სამოქალაქო პირების დაცვის მიზნით ორი თვეა ახორციელებს იერიშებს, მაგრამ მუამარ კადაფის არმია დათმობას არ აპირებს. მეამბოხეები, მათი წარმომადგენლები, ოპოზიციური ძალა, მოითხოვს მეტ დახმარებას, რაშიც ფული იგულისხმება. ლიბიას, ნავთობის მწარმოებელ ქვეყანას, ფული აქვს, მაგრამ ეს თანხა აშშ-ის ბანკებშია და მასზე ამ ეტაპზე ხელი არავის მიუწვდება. ლიბიელ მეამბოხეებს სახსრების მოპოვების იმედი გაუჩნდათ, როცა ლიბიის საკონტაქტო ჯგუფმა, რომელშიც აშშ, ევროპის ქვეყნები და ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფოები შედიან, 5 მაისს შექმნეს „დროებითი საფინანსო მექანიზმი“, რომლითაც დახმარება უნდა გაეწიოს ლიბიის ეგრეთ წოდებულ „დროებით გარდამავალ ეროვნულ საბჭოს“. პირველი ყათარი იყო, ვინც 180 მილიონ დოლარს დაჰპირდა მეამბოხეებს, მაგრამ საბჭოს სჭირდება ორიდან სამ მილიარდამდე დოლარი. აშშ-ის ბანკებში ამაზე ათჯერ მეტი თანხაა, რომელიც ლიბიის მთავრობას, თვით კადაფის, მის ვაჟებს, ლიბიის სხვადასხვა ფონდს ეკუთვნის. ეს თანხა აშშ-ის პრეზიდენტის განკარგულებით გაიყინა 25 თებერვალს. ამერიკის კონსტიტუციის, კანონის თანახმად, პრეზიდენტს აქვს უფლება, გაყინოს უცხო მფლობელების თანხა ბანკებში. ახლა ლიბიის ოპოზიცია ცდილობს ამ თანხის მოხმარება შეძლოს, მაგრამ ამ ეტაპზე ეს ჭირს.

„დროებით გარდამავალ ეროვნულ საბჭოს“, როგორც ლიბიის ლეგიტიმურ წარმომადგენელს, აღიარებს მხოლოდ რამდენიმე ქვეყანა: იტალია, საფრანგეთი, ყათარი, მალდივები და გამბია. საბჭოს წრმომადგენელი, ალი სულეიმან აუჯალი, აშშ-ში ლიბიის ყოფილი ელჩი, რომელიც კადაფის მთავრობას განუდგა, თვლის, რომ თუკი აშშ აღიარებდა საბჭოს, შესაძლებელი გახდებოდა გაყინული სახსრების გამოყენება. მაგრამ, როგორც ვაშინგტონელი იურისტი ერიკ ფერარი, სანქციების და გაყინული ანგარიშების სპეციალისტი, ამბობს, ვაშინგტონმა რომც აღიაროს ლიბიის ოპოზიციური საბჭო, თანხებს ის მაინც ვერ მიიღებს, რადგან ძალზე დიდი რისკია აშშ-ისთვის:

„დავუშვათ, მისი სურვილი დააკმაყოფილეს და ფული გადარიცხეს. რა მოხდება, თუ კადაფი ხელისუფლებაში დარჩა და კონტროლი შეინარჩუნა? გამოდის, რომ აძლევ ფულს აშშ-ის მიერ აღიარებულ ლიბიის მთავრობას, რომელიც სინამდვილეში არასამთავრობო ორგანიზაციაა. ანუ შეგრჩება გარდამავალი საბჭო მთელი ამ ფულით, რომელიც კვლავაც ლიბიის საკუთრებაა.“

ამ ლოგიკით, საბჭო, სანამ ბრძოლა არ დასრულდება, ფულს ვერ მიიღებს. მეორე მხრივ, აშშ-ის მთავრობა არ აპირებს აღიაროს საბჭო ლიბიის წარმომადგენლად, რადგან მას მხოლოდ ფული სჭირდება. დავუშვათ, მეამბოხეებმა დაამხეს კადაფი. ესეც არ ნიშნავს, რომ ახალი მთავრობა დაუყოვნებლივ მიიღებს თანხებს, ამბობს აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს უცხოეთის ანგარიშების კონტროლის უწყების ყოფილი თანამშრომელი, ჰოლ ერანი. მისი აზრით, ახალმა მთავრობამ უნდა დაამტკიცოს, რომ ვითარებას აკონტროლებს და მართავს ქვეყანას. და ამ შემთხვევაშიც კი კადაფის შეუძლია სასამართლოში იჩივლოს და თავისი ფულისთვის იბრძოლოს, როგორც კანონიერმა ლიდერმა. ერანისვე თქმით, თუკი კადაფი უცხოეთში გაიქცა, ახალ მთავრობასაც სასამართლოში მოუწევს დამტკიცება, რომ ეს ფული მართლაც ლიბიელ ხალხს ეკუთვნის, რადგან წინა მთავრობამ მიიტაცა. ეს შესაძლებლობებია.

ცხადია ის, რომ აშშ-ის პრეზიდენტს აქვს უფლებამოსილება, გაყინოს ანგარიშები და აქვს უფლებამოსილება, პირიქით, ფული მფლობელს დაუბრუნოს. გაუგებარი ისაა, რა ვითარებაში გააკეთებს ის ამას. აშშ-ის საფინანსო უწყებაში მსჯელობენ, როგორ უშველონ ლიბიელ მეამბოხეებს. მათი სურვილი მხოლოდ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ყათარის და ჩინეთის ქმედების შედეგად, როცა მათ მეამბოხეთაგან ნავთობი შეისყიდეს. მაგრამ ამ ოპერაციებს მხოლოდ მცირე მოგება მოჰყვა, მხოლოდ ასეული მილიონი, მათ კი 2-დან 3 მილიარდამდე სჭირდებათ. ბოლოს გაგიმეორებთ, აშშ-ის ბანკებში ლიბიის ანგარიშებზე 32 მილიარდი დოლარია გაყინული.
XS
SM
MD
LG