Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაიმართა რუსეთის სასარგებლო ჯაშუშობისათვის ბრალდებულთა სასამართლო


ბათუმის საქალაქო სასამართლოში გაიმართა სპეცოპერაცია “ენვერის” შედეგად დაკავებულების პროცესი. როგორც ჩვენი კორესპონდენტი ნატა იმედაიშვილი იუწყება ბათუმიდან, პროცესზე რამდენიმე მოწმე დაიკითხა. სასამართლო პროცესი დახურულია, რაც ერთ-ერთი ადვოკატის, გელა ნიკოლაიშვილის თქმით, მას შესაძლებლობას არ აძლევს, ისაუბროს ბრალდების დეტალებზე. გასული წლის ოქტომბერში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტმენტმა ჩაატარა მასშტაბური ოპერაცია, სახელწოდებით “ენვერი”, რომლის შედეგადაც გამოავლინა რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის მთავარ სადაზვერვო სამმართველოსთან (ე.წ. გრუ-სთან) ფარულ კავშირში მყოფი ათეულობით ადამიანი. სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს 15 პირი, მათგან ორთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. 13 დაკავებულიდან 4 რუსეთის, 9 კი საქართველოს მოქალაქეა. ჯაშუშობის ბრალდებით, დაკავებულები არიან გლობალიზაციის ინსტიტუტის დამფუძნებელი, ბიზნესმენი ბაკურ კიღურაძე, საქართველოს შეიარაღებული ძალების 6 მფრინავი: ვიაჩესლავ პლუჟნიკოვი, გაბრიელ უსტალიშვილი, დავით მესხიძე, გელა კაკაბაძე, გოჩა დიასამიძე და ტარიელ აბაშიძე. ასევე მეზღვაური, რადიოსპეციალისტი ედუარდ აბდულაევი. ასევე დაკავებულია, უცხოეთის სადაზვერვო სამსახურში შესვლის ბრალდებით, ბიზნესმენი რუსლან გალოგრე. რაც შეეხება რუსეთის ოთხ მოქალაქეს, ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულები არიან კომპანია '”სეიბოლტის”' საქართველოს ფილიალის გენერალური დირექტორი არმენ გევორქიანი, მისი მოადგილე რუბენ შიკოიანი; უცხოეთის სადაზვერვო სამსახურში შესვლის ბრალდებით კი - ბიზნესმენი პეტრე დევრიშაძე და "გრუ"-ს მეკავშირე იური სკრილნიკოვი. სასამართლო პროცესი 11 მაისსაც გაგრძელდება.
XS
SM
MD
LG