Accessibility links

logo-print

ბავშვთა დიდ სააღმზრდელო დაწესებულებებს საოჯახო ტიპის სახლები ცვლის


შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო გაეროს ბავშვთა ფონდის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით 2009 წლიდან ბავშვზე ზრუნვის სისტემის რეფორმას ატარებს. რეფორმის პროცესი კვლავაც მიმდინარეობს.

უკვე დასრულებული და მომავალში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია ჯანდაცვის სამინისტროში შეკრებილმა არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისგან მოისმინეს. 11 მაისს გამართულ პრეზენტაციას ფონდ ”იავნანას” ხელმძღვანელი პაატა ბურჭულაძეც ესწრებოდა. ოფიციალურ პრეზენტაციამდე ანდრია ურუშაძემ მცირე პრეზენტაცია პირადად პაატა ბურჭულაძისთვის მოაწყო.
ჩვენი მიზანია, ბავშვებს გაზრდისა და განვითარებისათვის ოჯახთან მაქსიმალურად მიახლოებული პირობები შევუქმნათ...

დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში ათვალიერეს ჯანდაცვის მინისტრმა და ფონდ ”იავნანას” ხელმძღვანელმა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საკონფერენციო დარბაზში გამართული მცირე გამოფენა, რომელიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მზრუნველობამოკლებული ბავშვებისათვის განკუთვნილ საოჯახო ტიპის სახლების ექსტერიერსა და ინტერიერს ასახავდა. ბავშვზე ზრუნვის სისტემის რეფორმის ფარგლებში, რომელიც 2009 წლიდან მიმდინარეობს და რომელიც ტრადიციული ბავშვთა სახლების რაოდენობის შემცირებასა და სამომავლოდ მათ სრულ ჩანაცვლებას მცირე საოჯახო ტიპის სახლებით გულისხმობს, ამ ეტაპზე ბავშვთა სახლების რაოდენობა 46-დან 21-მდე შემცირდა, ხოლო იქ განთავსებული ბავშვების რიცხვი 5 000-დან 1 220-მდე. რეფორმის უპირველესი გამარჯვებული ბავშვიაო, ამბობს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ანდრია ურუშაძე და ის იმ მიზნებზე საუბრობს, რომელთა მისაღწევადაც გადაწყდა რეფორმის განხორციელება.
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ანდრია ურუშაძე

”ჩვენი მიზანია, ბავშვებს გაზრდისა და განვითარებისათვის ოჯახთან მაქსიმალურად მიახლოებული პირობები შევუქმნათ. განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს და, რაც ყველაზე მთავარია, ეს ბავშვები მოემზადებიან დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის”, - ამბობს ანდრია ურუშაძე.

ამჟამად საქართველოს მასშტაბით 17 მცირე ტიპის საოჯახო სახლი ფუნქციონირებს, თუმცა სამომავლოდ საქართველოს ყველა რეგიონში იგეგმება მათი აშენება. ანდრია ურუშაძის თქმით, თითოეული სახლი 8-10 ბავშვისთვის იქნება გამიზნული:

”მნიშვნელოვანია, რომ ბავშვი იყოს თავის ოჯახთან და სანათესაოსთან ახლოს, არ დაკარგოს ის სოციალური კავშირები, რომელიც მის ოჯახს ჰქონდა... ჩვენთვის, ბუნებრივია, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ, ადრე თუ გვიან, ყველა ბავშვს ჰქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ თავის ბიოლოგიურ ოჯახს დაუბრუნდეს, მაგრამ სანამ ამის საშუალება არ არის, აუცილებელად უნდა მოვახერხოთ, რომ მათთვის ოჯახთან მიახლოებული გარემო შევქმნათ.”
კარგი იქნება, თუკი ჩრდილო კავკასიისკენ მდებარე ტერიტორიაზე აშენდება ასეთი სახლები. იმ ტერიტორიაზე სიცოცხლე უნდა გაჩნდეს...

რეფორმის ფარგლებში, ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი მინდობით აღზრდის წახალისებაა, რაც ბავშვის შვილობილად აყვანას გულისხმობს. როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზეა მითითებული, ასეთ შემთხვევაში მიმღები ოჯახი ხელისუფლებისაგან, დახმარების სახით, ჯანმრთელ ბავშვზე ყოველთვიურ დახმარებას - 200 ლარს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის მიმღები ოჯახი კი 300-ლარიან დახმარებას იღებს.

ფონდ ”იავნანას” ხელმძღვანელმა პაატა ბურჭულაძემ პრეზენტაციის შემდეგ ერთი სურვილი გაანდო ჯანდაცვის სამინისტროს, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს:
ფონდ ”იავნანას” ხელმძღვანელი პაატა ბურჭულაძე

”თუ შეიძლება, ამ პროექტში ჩემს პატარა სურვილს შევიტან: კარგი იქნება, თუკი ჩრდილო კავკასიისკენ მდებარე ტერიტორიაზე აშენდება ასეთი სახლები. იმ ტერიტორიაზე სიცოცხლე უნდა გაჩნდეს, რადგან ეს ბავშვები სადაც გაიზრდებიან, იმ მიდამოს შვილები იქნებიან... ჩრდილოეთ კავკასიისკენ ჩვენი მიწა-წყალი ცარიელდება და ეს ძალიან ცუდის მაჩვენებელია... მომავალში ეს ბავშვები მიხედავენ ჩვენს საზღვარს ჩრდილოეთიდან.”
ჩვენი ორგანიზაცია მონაწილეობს იმ კადრების მოძიებასა და გადამზადებაში, რომლებმაც უნდა იმუშაონ აღმზრდელებად, სახლების მენეჯერებად...

როგორც ანდრია ურუშაძე ირწმუნება, ის აღმზრდელები, რომლებიც დიდ სააღმზრდელო დაწესებულებებში იყვნენ დასაქმებულნი, გადამზადების შემდეგ საოჯახო ტიპის სახლებში დასაქმდებიან. გადამზადების კურსს, რომელიც ასევე მოიცავს სოციალური მუშაკების მოძიებასა და საფუძვლიან მომზადებას, არასამთავრობო ორგანიზაციები ”ევრი ჩაილდსი” და ”გადავარჩინოთ ბავშვები” კურირებენ.

ანდრო დადიანი, ”ევრი ჩაილდსის” დირექტორი, ბავშვზე ზრუნვის სისტემის რეფორმაში სოციალური მუშაკების როლზე საუბრობს, თუმცა აქვე ის ბიოლოგიური ოჯახის შენარჩუნების აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას.

”ჩვენი ორგანიზაცია მონაწილეობს იმ კადრების მოძიებასა და გადამზადებაში, რომლებმაც უნდა იმუშაონ აღმზრდელებად, სახლების მენეჯერებად. პირველ რიგში, სახელმწიფო სამსახურები ცდილობენ ბავშვი შეინარჩუნონ ბიოლოგიურ ოჯახში. თუკი დროებით შეუძლებელია ოჯახის მხრიდან მზრუნველობის განხორციელება, სოციალური მუშაკი და სოციალური სამსახური ცდილობს დაეხმაროს ბიოლოგიურ მშობლებს, რომ ისინი ფეხზე დადგნენ და შეძლონ მშობლის ვალდებულებების განხორციელება. რეალურად საშველი იქნება მაშინ, როდესაც ამ მიმართულებით საქართველოში მრავალფეროვანი სერვისი იარსებებს და ამოსავალი წერტილი ნებისმიერ გადაწყვეტილებაში იქნება ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესი”, - ამბობს ანდრო დადიანი.
XS
SM
MD
LG