Accessibility links

logo-print

აშშ-ის სენატში წარდგენილი რეზოლუცია საქართველოზე


აშშ-ის სენატი

აშშ-ის სენატი

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპზეა აგებული რეზოლუციის პროექტი, რომელიც შეერთებული შტატების სენატში 10 მაისს დემოკრატი სენატორის ჯინ შაჰინისა და რესპუბლიკელი სენატორის ლინდსი გრეჰემის სახელით შევიდა. რეზოლუცია გამიზნულია იმ მოვლენის მძიმე შედეგების აღმოსაფხვრელად, რომელსაც ტექსტში სრულიად გარკვევით უწოდებენ რუსეთ-საქართველოს სამხედრო კონფლიქტს. პროექტში ხაზი ესმება საქართველოს ტერიტორიების რუსეთის მიერ ოკუპაციას. თბილისი იმედოვნებს, რომ რეზოლუციას სენატი სულ მალე დაამტკიცებს.
თითქმის სამი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც სამხრეთ კავკასიაში გაჩაღდა ომი რუსეთსა და საქართველოს შორის, მაგრამ რუსეთის არმიას ჯერ ისევ ოკუპირებული აქვს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის რეგიონები საქართველოში...

სენატორები, რომლებმაც შეერთებული შტატების სენატს საქართველოსთან დაკავშირებული რეზოლუცია წარუდგინეს, დარწმუნებულნი არიან, რომ რუსეთის ქმედებები საქართველოში მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის. მაგალითად, როგორც დემოკრატი სენატორი ჯინ შაჰინი თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში იტყობინება, აგვისტოს ომის შედეგები საფრთხეს ამერიკასაც უქმნის:

„თითქმის სამი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც სამხრეთ კავკასიაში გაჩაღდა ომი რუსეთსა და საქართველოს შორის, მაგრამ რუსეთის არმიას ჯერ ისევ ოკუპირებული აქვს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის რეგიონები საქართველოში. გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა ამ სტრატეგიულად მნიშვნელოვან რეგიონში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამერიკის ეკონომიკური, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული და დიპლომატიური ინტერესებისთვის...“

ჯინ შაჰინისა და ლინდსი გრეჰემის ავტორობით მომზადებული 5-პუნქტიანი რეზოლუციის პროექტის პირველ პუნქტში სენატი ადასტურებს შეერთებული შტატების პოლიტიკას მხარი დაუჭიროს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და საზღვრების ურღვეობას. აქვე ვაშინგტონის პოლიტიკის ნაწილად არის დასახელებული იმ ფაქტის აღიარებაც, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებს წარმოადგენენ.

თუკი თანმიმდევრობით მივყვებით, რეზოლუციის მე-2 პუნქტში სენატი მოუწოდებს რუსეთის ხელისუფლებას შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის 6-პუნქტიანი შეთანხმების ყველა პირობა და მათ შორის ის პირობაც, რომელიც შეიარაღებული ძალების აგვისტოს ომამდე დაკავებულ პოზიციებზე დაბრუნებას გულისხმობს.
ტექსტის მომზადების პროცესში მიდიოდა ძალზე ინტენსიური ურთიერთობა. პირველ რიგში, თვითონ სენატორებს კვირაში რამდენჯერმე სხვადასხვა ფორმატში ვხვდებოდით...

რუსეთისადმი მოწოდება ისმის რეზოლუციის პროექტის მე-3 პუნქტშიც, რომელიც ხაზს უსვამს დევნილების სრულ და ღირსეულ დაბრუნებას საკუთარ სახლებში და საერთაშორისო მისიების დაბრუნებას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში. უნდა ითქვას, რომ ხსენებული მოწოდების ადრესატებად რუსეთთან ერთად სახელდება ოკუპირებული ტერიტორიების ”მაკონტროლებელი ძალაუფლება.”

რეზოლუციის პროექტის მე-4 პუნქტში საუბარია კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის აუცილებელ ხალხთა შორის კონტაქტსა და ნდობის აღდგენაზე საქართველოს ხელისუფლებასა და ოკუპირებული ტერიტორიების ”მაკონტროლებელ ძალაუფლებას” შორის.

დაბოლოს, მე-5 პუნქტში ნათქვამია, რომ შეერთებული შტატებისთვის მეტად მნიშვნელოვნი გრძელვადიანი სტაბილურობა კავკასიაში მხოლოდ გრძელვადიანი დიპლომატიური და პოლიტიკური დიალოგის გზით მიიღწევა.

რეზოლუციის პროექტმა, რომელიც 10 მაისს შევიდა სენატში, მხოლოდ მცირედი ცვლილებები განიცადა პირვანდელ ვარიანტთან შედარებით, რომელიც აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გასული წლის 9 დეკემბერს დარეგისტრირდა. საქართველოს ელჩი შეერთებულ შტატებში იმ დროს გახლდათ ბათუ ქუთელია, რომელიც ამჟამად საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის პოსტს იკავებს. ქუთელია ჩვენთან საუბარში იხსენებს, რომ საქართველოსთვის მეტად მნიშვნელოვანი რეზოლუცია უამრავი შეხვედრისა თუ საუბრის შედეგია:
ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ბათუ ქუთელია

”ტექსტის მომზადების პროცესში მიდიოდა ძალზე ინტენსიური ურთიერთობა. პირველ რიგში, თვითონ სენატორებს კვირაში რამდენჯერმე სხვადასხვა ფორმატში ვხვდებოდით და ვაწვდიდით ჩვენს მასალებს, ჩვენს არგუმენტებს. შემდეგ უკვე რაღაც დეტალებს ვაზუსტებდით ეგრეთ წოდებულ სტაფერებთან - მათ თანამშრომლებთან... ეს პროცესი რამდენიმე თვის განმავლობაში გრძელდებოდა და ყველა დონის შეხვედრას მოიცავდა. ასევე ამ მუშაობის პროცესში შედიოდა ვაშინგტონში განხორციელებული მაღალი დონის ვიზიტების დროს ამ საკითხების ერთ-ერთ მთავარ სასაუბრო თემად წამოწევა. და ყველაფერმა ამან - სინქრონულმა მუშაობამ - გამოიღო, ბუნებრივია, ის შედეგი, რომ ჩვენ მივიღეთ ასეთი მყარი რეზოლუცია.”

ყოფილი ელჩის მსგავსად, სენატში წარდგენილმა რეზოლუციამ კმაყოფილი დატოვა საქართველოს ამჟამინდელი ელჩი აშშ-ში თემურ იაკობაშვილიც.

”ამ ტიპის დოკუმენტები არა მარტო აძლიერებს ჩვენს პოზიციებს, არამედ ქმნის საკმაოდ სერიოზულ ბაზას იმისთვის, რომ მოხდეს მთელი რიგი ქმედებები, პოლიტიკური თუ სხვა ფორმის, რომ ადრე თუ გვიან ეს ოკუპაცია შეწყდეს”, - აცხადებს იაკობაშვილი ტელეეთერით გავრცელებულ კომენტარში.

დემოკრატი და რესპუბლიკელი სენატორები, შაჰინი და გრეჰემი, რომლებმაც შეერთებული შტატების სენატს საქართველოსთან დაკავშირებული რეზოლუციის პროექტი წარუდგინეს, ატლანტიკური საბჭოს მიერ დაარსებული საქართველოს საკითხებზე მომუშავე სპეციალური ორპარტიული კომისიის თანათავმჯდომარეები არიან. უნდა ითქვას, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია, საერთაშორისო პოლიტიკის კვლევის ცენტრი „ატლანტიკური საბჭო“ მეტად გავლენიან ორგანიზაციად მიიჩნევა შეერთებული შტატების პოლიტიკურ წრეებში და მის მიერ ინიცირებული წინადადებები, როგორც წესი, დიდ ყურადღებას იმსახურებს.
მას ანგარიშს უწევს ნებისმიერი ადმინისტრაცია; ეს სერიოზულად მოქმედებს ქვეყნის პოლიტიკის განვითარებაზე, ჩამოყალიბებაზე თუ ამა თუ იმ მიმართულების გამოკვეთაზე...

სენატში მიმდინარე პროცესებს საქართველოსთვის მეტად მნიშვნელოვნად მიიჩნევს ირაკლი მენაღარიშვილი, საქართველოს „ატლანტიკური საბჭოს“ ხელმძღვანელი. ანალიტიკოსი ასახელებს 3 ფაქტორს, რომელთა გამოც საკმაოდ დიდ წონას იძენს შეერთებული შტატების სენატის მიერ მიღებული ნებისმიერი პოლიტიკური დეკლარაცია:

”...მას ანგარიშს უწევს ნებისმიერი ადმინისტრაცია; ეს სერიოზულად მოქმედებს ქვეყნის პოლიტიკის განვითარებაზე, ჩამოყალიბებაზე თუ ამა თუ იმ მიმართულების გამოკვეთაზე და, მესამე, იმიტომ რომ მსგავს განცხადებებს ყურს უგდებს მსოფლიო, მათ შორის - საერთაშორისო ორგანიზაციები...”

ანალიტიკოსების დიდი ნაწილი პრაქტიკულად ვერ ხედავს მიზეზს, რის გამოც სენატმა შეიძლება არ მიიღოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუცია. თბილისი ვარაუდობს, და ეს ჩვენთან საუბრისას ბათუ ქუთელიამაც აღნიშნა, რომ სენატი საქართველოსთან დაკავშირებულ რეზოლუციას საკომიტეტო მოსმენების შემდეგ, მაისის ბოლოს დაამტკიცებს.
XS
SM
MD
LG