Accessibility links

logo-print
„ქართული პარტია“ 16 მაისს საქართველოში ამერიკის საელჩოს შენობასთან საპროტესტო აქციის გამართვას აპირებს. პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ოქრუაშვილმა, ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში განაცხადა, რომ სააკაშვილის მხარდაჭერით ამერიკის ადმინისტრაცია ასამარებს დემოკრატიას საქართველოში. „რუსები გვართმევენ ტერიტორიებს, ამერიკელები გვართმევენ თავისუფლებას“, - განაცხადა ოქრუაშვილმა. რას ფიქრობენ „ქართულ პარტიაში“ ამერიკა-საქართველოს ურთიერთობაზე და როგორ გამოეხმაურნენ საქართველოში ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებას?
ჩვენ ვაპირებთ პირდაპირ ვუთხრათ, რომ ისინი ამ რეჟიმისადმი მხარდაჭერით ასამარებენ საქართველოში დემოკრატიას...

ირაკლი ოქრუაშვილი, „ქართული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი და საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ტელეკომპანია „მაესტროს“ 10 მაისის საღამოს ეთერში საფრანგეთიდან ჩაერთო. ჟურნალისტ ეკა ბერიძესთან საუბრისას მან განაცხადა, რომ ხელისუფლების შესაცვლელად პარტიას კონკრეტული გეგმა აქვს, ამერიკის საელჩოსთან მასშტაბური საპროტესტო აქციის გამართვა კი ამ გეგმის ნაწილია. „ჩვენ უნდა მივიდეთ სათავესთან და გადავკეტოთ ონკანი“, - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა:

„ეს ონკანი მდებარეობს დიღომში, ამერიკის საელჩოსთან, საიდანაც მოდის ის ნიაღვარი, რომლითაც იწამლება ქართული საზოგადოება. ჩვენ ვაპირებთ პირდაპირ ვუთხრათ, რომ ისინი ამ რეჟიმისადმი მხარდაჭერით ასამარებენ საქართველოში დემოკრატიას. თუ ჩვენ რუსები გვართმევენ ტერიტორიებს, ამერიკელები გვართმევენ თავისუფლებას. ვერასოდეს ტერიტორიებს ვერ გამოვიყენებთ შესაბამისად, თუ არ გვექნება თავისუფლება.“

ირაკლი ოქრუაშვილმა საკენკს შეადარა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიური ანგარიში, სადაც საქართველოს ხელისუფლება ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის გამოა გაკრიტიკებული. რადიო თავისუფლებამ კომენტარისათვის „ქართული პარტიის“ სხვა ლიდერებს მიმართა. სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ ირაკლი ოქრუაშვილს არ ეთანხმება მხოლოდ ანგარიშის შეფასებაში, რომელიც უკიდურესად კრიტიკული იყო, თუმცა, მისივე თქმით, ეს საკმარისი არ არის:
”ქართული პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი სოზარ სუბარი

„ის, რომ საქართველოში არ არის სამართლიანი სასამართლო, არ არის თავისუფალი მედია, ხდება ბიზნესის დატერორება, ყვავის ნომენკლატურული ბიზნესი, ის, რომ საქართველოში არიან პოლიტპატიმრები - ეს არის მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ სააკაშვილის რეჟიმი არის გათამამებული და ამ გათამამების მთავარი წყარო არის შეერთებული შტატების მხარდაჭერა. მხარდაჭერა რეჟიმისადმი არის ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედება.“
ეს განცხადება და ნაბიჯი, რა თქმა უნდა, მიმართულია ხელისუფლების წინააღმდეგაც, მაგრამ, უპირველეს ყოფლისა, ეს მიმართულია ქართველი ხალხის არჩევანის წინააღმდეგ...

თუმცა საკითხავია, სად გადის ზღვარი, რომელიც ერთმანეთისგან გამოყოფდა მოქმედი ხელისუფლებისა და ქვეყნისათვის გაწეულ დახმარებებს. საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის რექტორი გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსური და სხვა სახის დახმარება ემსახურება ქართული სახელმწიფოს მხარდაჭერასა და გაძლიერებას:

„ამერიკის დეკლარირებული პოზიცია არის სახელმწიფოს მხარდაჭერის პოზიცია, არა კონკრეტულად ‘ნაციონალური მოძრაობის’, არამედ სახელმწიფოსი და ამ სახელმწიფოს ხელმძღვანელობა რაღაც მომენტში შეიძლება იყოს, მაგალითად, ‘ნაციონალური მოძრაობა’ ან ‘მოქალაქეთა კავშირი’.“

რაც შეეხება ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებას, გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ განცხადება არასერიოზულია:

„თუ ოქრუაშვილმა გადაწყვეტა, რომ აშშ-ს დაუპირისპირდეს, ეს არის, სულ ცოტა, არასერიოზული. თუ ის აშშ-ს მიიჩნევს მტრად და ასე ღიად უპირისპირდება, ვფიქრობ, რომ ეს არის პოლიტიკურად ძალიან უმწიფარი.“

შეფასებისას კიდევ უფრო რადიკალურია რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ბერძენიშვილი, რომლის თქმითაც, „ქართულმა პარტიამ“ გააკეთა გააზრებული ანტიამერიკული განცხადება, რომელსაც სულ მალე ასევე გააზრებული ანტიამერიკული საპროტესტო აქცია მოჰყვება:
რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი

„ეს განცხადება და ნაბიჯი, რა თქმა უნდა, მიმართულია ხელისუფლების წინააღმდეგაც, მაგრამ, უპირველეს ყოფლისა, ეს მიმართულია ქართველი ხალხის არჩევანის წინააღმდეგ. ხალხმა ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ პროდასავლური არჩევანი აქვს. ჯერჯერობით რამე სხვა ქართული არჩევანის შესახებ არაფერი მსმენია. ერთი წამით წარმოვიდგინოთ, რომ ბატონი ოქრუაშვილი მოდის ხელისუფლებაში, ჩვენ ასევე უნდა წარმოვიდგინოთ, რომ საქართველოს ხელისუფლებაში იქნება ხალხი, რომელიც ეწინააღმდეგება მსოფლიოს ნომერ პირველ ქვეყანას და მტრად, ბოროტებად აცხადებს და ასე შემდეგ. ეს არ არის სასარგებლო საქართველოსთვის. რუსეთთან ომი ჩვენ უკვე წავაგეთ, არა მგონია ახლა მოვსინჯოთ რა არის ამერიკასთან ომი“, - განუცხადა ლევან ბერძენიშვილმა რადიო თავისუფლებას.
ძალიან დიდი მხარდაჭერა გვაქვს აშშ-ის მხრიდან ჩვენს საქმიანობაში. მედიის თავისუფლების, სასამართლოს დამოუკიდებლობის საკითხებში ძალიან გვიჭერს მხარს USAID-იც და ამერიკის საელჩოც. მათი დახმარებით ვახორციელებთ ძალიან მნიშვნელოვან პროექტებს...

ლევან ბერძენიშვილის ვარაუდით, „ქართული პარტია“ იმედოვნებს, რომ კრიტიკული განცხადებით ამერიკის პოლიტიკით უკმაყოფილო ელექტორატს მიიმხრობს, თუმცა, ბერძენიშვილის თქმითვე, მათი რაოდენობა, საქართველოსათვის გაწეული სხვადასხვა სახის დახმარების გამო, დიდი არ არის და, შესაბამისად, არც 16 მაისის საპროტესტო აქცია იქნება მასშტაბური. ოფიციალური ინფორმაციით, უკანასკნელი 18 წლის განმავლობაში მარტო ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო სააგენტოს ხაზით საქართველომ მილიარდ-ნახევარი დოლარის დახმარება მიიღო. ამასთან, ამ თანხაში არ შედის 2008 წლის ომის შემდეგ გამოყოფილი ერთი მილიარდი დოლარი. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ გამგეობის თავმჯდომარის თამარ ჩუგოშვილის თქმით, ამერიკის მთავრობისთვის კვლავინდებურად პრიორიტეტულია საქართველოში დემოკრატიის განვითარება და ადამიანის უფლებების დაცვა:

„ძალიან დიდი მხარდაჭერა გვაქვს აშშ-ის მხრიდან ჩვენს საქმიანობაში. მედიათავისუფლების, სასამართლოს დამოუკიდებლობის საკითხებში ძალიან გვიჭერს მხარს USAID-იც და ამერიკის საელჩოც. მათი დახმარებით ვახორციელებთ ძალიან მნიშვნელოვან პროექტებს. შესაბამისად, ჩვენი ორგანიზაციის გამოცდილების საფუძველზე ძალიან თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მათთვის ეს არის ძალიან სერიოზული საკითხი და სერიოზულადაც მუშაობენ ამ თემაზე. ალბათ, ჩვენი დაფინანსება და მხარდაჭერაც ამას ნიშნავს.“

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG