Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დვანში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა და ომის დროს დაღუპულთა გადმოსვენების საკითხებზე მსჯელობდნენ


მესამე წელია მშობლები უშედეგოდ ეძებენ გორის სატანკო ბატალიონის დაკარგულ ჯარისკაცებს: ზაზა ბირთველიშვილს, ოთარ სუხიტაშვილს და გია რომელაშვილს. ბოლოს 406-ე ტანკი, რომელშიც ეს ჯარისკაცები იმყოფებოდნენ, 2008 წლის 8 აგვისტოს ცხინვალში ნახეს. ამის შემდეგ მათ მშობლებს არანაირი ინფორმაცია აღარ აქვთ. მათი დედები ქართულ-ოსური შეხვედრების დროს როგორც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს, ისე ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს თომას ჰამარბერგს შვილების ბედის გარკვევას სთხოვდნენ.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა და ომის დროს დაღუპულთა გადმოსვენების საკითხებზე სპეციალური კომისია შექმნა, რომელშიც ქართული, ოსური და რუსული მხარეების წარმომადგენლები შედიან. ოთხშაბათს ამ კომისიის მე-4 შეხვედრა დვანში გაიმართა. წინა 3 შეხვედრის დროს მხარეებმა დაკარგულთა და დაღუპულთა შესახებ დოკუმენტები, ფოტოები და სხვადასხვა მონაცემი გაცვალეს.

ამ დროისთვის დაკარგულად ითვლება სულ 44 ადამიანი. ქართული მხარე 33 ადამიანის მოძებნას და გადმოსვენებას ითხოვს. აქედან უმრავლესობა სამოქალაქო პირია, 12 მათგანი კი შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი იყო.

ოსური მხრიდან დაკარგულად ითვლება 7 ადამიანი. 3 დაკარგულ ჯარისკაცს რუსული მხარე ეძებს. წითელი ჯვრის მიერ შემუშავებული ახალი მექანიზმის ფარგლებში, ერთი პრეცედენტი უკვე დაფიქსირდა, როცა ოსურმა მხარემ 3 წლის წინანდელი ომის დროს დაღუპული თამარ ზამბახიძის ცხედარი გასულ ხუთშაბათს ქართულ მხარეს გადასცა.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენელმა ევა პუხარმა ჩვენი რადიოსთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ თამარ ზამბახიძის საფლავის პოვნა რთული არ იყო, მაგრამ, მისი აზრით, დანარჩენი დაღუპულების მოძებნა უფრო გართულდება. პუხარი იმედს გამოთქვამს, რომ პირველი პრეცედენტის შემდეგ პროცესი გაგრძელდება.

დვანში გამართული შეხვედრის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა განაცხადა, რომ პროცესი გრძელდება, ხდება ინფორმაციის გაცვლა, მაგრამ ეს ყველაფერი ძალიან რთულად მიმდინარეობს.

დვანის შეხვედრა, რომელიც 5 საათის განმავლობაში გრძელდებოდა, ჟურნალისტებისთვის დახურული იყო. ოსური მხარე შეხვედრების გაგრძელების წინაპირობად, პირველ რიგში, სამი დაკარგულის - ხაჩიროვის, ხუგაევის და პლიევის - საკითხის გარკვევას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი ბორის ჩოჩიევი ოსური მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ ასეთი შეხვედრების გაგრძელებას აზრი აღარ ექნება. წითელ ჯვარში იმედს გამოთქვამენ, რომ პროცესი გაგრძელდება და ახლო მომავალში მოიძიებენ როგორც დაკარგულებს, ისე დაღუპულთა საფლავებს.
XS
SM
MD
LG