Accessibility links

logo-print

ბელორუსიაში პრეზიდენტობის კიდევ ორი კანდიდატის სასამართლო გაიმართა


მიკოლა სტატკევიჩისა და დმიტრი ვუსის სასამართლო

მიკოლა სტატკევიჩისა და დმიტრი ვუსის სასამართლო

დღეს მინსკში სასამართლოს წინაშე წარდგნენ პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატები მიკოლა სტატკევიჩი და დმიტრი ვუსი, რომლებსაც დეკემბრის გაყალბებული არჩევნების დღეს მომხდარ არეულობაში მონაწილეობის ბრალდება აქვთ წაყენებული და 15 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. მათ გარდა სასამართლო კიდევ 20-ზე მეტი აქტივისტის საქმეს განიხილავს.
ეს არის გაგრძელება გაყალბებული არჩევნებისა, საზოგადოებაში შიშის დანერგვისა და შურისძიებისა იმათზე, ვინც არჩევნებში გაიმარჯვა...

ბელორუსიის ყოფილმა პრეზიდენტმა სტანისლავ შუშკევიჩმა, ოპოზიციის ლიდერების სასამართლო პროცესი მინკსში დაახასიათა, როგორც სპექტაკლი:

„ეს არის პოლიტიკური საქმე. ეს არის გაგრძელება გაყალბებული არჩევნებისა, საზოგადოებაში შიშის დანერგვისა და შურისძიებისა იმათზე, ვინც არჩევნებში გაიმარჯვა.“

მიკოლა სტატკევიჩი და დმიტრი ვუსი, პრეზიდენტობის სხვა კანდიდატებსა და ათასობით მოქალაქესთან ერთად, გასული წლის 19 დეკემბერს მინსკის ქუჩებში გამოვიდნენ პროტესტის გამოსახატავად, მათი შეფასებით, გაყალბებული საპრეზიდენტო არჩევნების წინააღმდეგ, რამაც პრეზიდენტ ლუკაშენკოს მორიგი ხუთი წლის ვადით გაუხანგრძლივა ქვეყნის სათავეში ყოფნა.

ბელორუსიის ხელისუფლებამ ძალის გამოყენებით დაშალა მშვიდობიანი დემონსტრაცია, დააპატიმრა ასობით პოლიტიკოსი და აქტივისტი, რომელთა უმრავლესობა საერთაშორისო ზეწოლის შემდეგ გაათავისუფლეს წინასწარი დაკავების იზოლატორებიდან, დაახლოებით 25 პირზე კი აღიძრა სისხლის სამართლის საქმე მასობრივი არეულობის ორგანიზების ბრალდებით.

19 დეკემბერს დაკავებულ 14 პირს სასამართლომ უკვე მიუსაჯა 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთა. დღესვე პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატების, მიკოლა სტატკევიჩისა და დმიტრი ვუსის გარდა, სასამართლოს წინაშე წარდგა ჟურნალისტი ირინა ხალიპი და ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, პაველ სევიარინეცი, რომლებსაც სამი წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ანდრეი სანიკოვი

ხალიპი პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის, ანდრეი სანიკოვის ცოლია. სანიკოვმა, რომელსაც 19 დეკემბერს სასტიკად სცემეს, ოფიციალური შედეგებით, განვლილ საპრეზიდენტო არჩევნებში ხმათა 2,5 პროცენტი მიიღო, მოქმედმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ კი - 80 პროცენტი. თუკი მასობრივი ორგანიზების ბრალდებას სასამართლო ძალაში დატოვებს, ანდრეი სანიკოვს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა ელოდება, ისევე როგორც პრეზიდენტობის კიდევ ორ ყოფილ კანდიდატს - მიკოლა სტატკევიჩსა და დმიტრი ვუსს.

ბელორუსიაში მიმდინარე სასამართლო პროცესს დღეს ევროკავშირის საგარეოპოლიტიკური ლიდერი კეთრინ ეშტონი გამოეხმაურა:
მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გავაფართოოთ ჩვენი მხარდაჭერა ბელორუსიის სამოქალაქო სექტორსა და ადამიანებთან პირადი ურთიერთობების დასამყარებლად ...

„ბელორუსიის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ არ დაგვიტოვა ჩვენ სხვა არჩევანი გარდა იმისა, რომ შემოგვეღო მკაცრი სანქციები რეჟიმის იმ წარმომადგენლებისა და, მათ შორის, პრეზიდენტ ლუკაშენკოს მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან რეპრესიებზე. გარდა ამისა, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გავაფართოოთ ჩვენი მხარდაჭერა ბელორუსიის სამოქალაქო სექტორსა და ადამიანებთან პირადი ურთიერთობების დასამყარებლად.“

სანქციების მიუხედავად, ლუკაშენკოს რეჟიმი განაგრძობს რეპრესიებს პოლიტიკურ ოპონენტებზე. სააგენტო „ფრანს პრესის“ ინფორმაციით, 10 მაისს ბელორუსიის სასამართლომ ბელორუსიის „სახალხო ფრონტს“ უბრძანა გაათავისუფლოს მინსკის ოფისი, რაც, პარტიის ხელმძღვანელობის შეფასებით, პარტიის ლიკვიდაციას გამოიწვევს. 6 მაისს ბელორუსიიდან გააძევეს რუსეთის ადამიანის უფლებათა სამი დამცველი, რომლებიც სასამართლოს მიმდინარეობას უწევდნენ მონიტორინგს.
XS
SM
MD
LG