Accessibility links

logo-print

კანის კინოფესტივალზე პატიმრობაში მყოფ ირანელ რეჟისორებს მიაგებენ პატივს


დღეს საღამოს კანში 64-ე საერთაშორისო კინოფესტივალი გაიხსნება - აჩვენებენ ამერიკული კინოს ვეტერანის, ვუდი ალენის ფილმს „შუაღამე პარიზში“. ჟიურის თავმჯდომარე ამერიკული კინოს კიდევ ერთი ვეტერანი, მსახიობი რობერტ დე ნიროა, საკონკურსო პროგრამა კი ავტორიტეტიანი რეჟისორების სიჭარბით გამოირჩევა - კანში ახალი ფილმები ჩაიტანეს პედრო ალმოდოვარმა, ძმებმა დარდენებმა, ტერენს მალიკმა, ლარს ფონ ტრიერმა, აკი კაურისმაკიმ და სხვებმა.

საკონკურსო პროგრამაში ჩართული ფილმების ჩვენების გარდა, ბუნებრივია, ფესტივალზე ბევრი სხვა ღონისძიებაც ეწყობა. წელს, მაგალითად, განსაკუთრებულ პატივს მიაგებენ ორ ირანელ რეჟისორს - ჯაფარ ფანაჰის და მუჰამედ რასულოფს. კინოფესტივალზე პირველად იქნება ნაჩვენები ამ რეჟისორის ფილმები. მათ სამშობლოში ახლახან 6-6 წლით მიუსაჯეს თავისუფლების აღკვეთა.

ამჟამად რეჟისორები გირაოს სანაცვლოდ არიან გათავისუფლებული და სასამართლოს საბოლოო პასუხს ელიან. მათ ქვეყნის დატოვება აკრძალული აქვთ.

კინოფესტივალის ორგანიზატორების თქმით, ფანაჰი და რასულოფი ფილმებს „ნახევრად გასაიდუმლოებულ“ პირობებში იღებდნენ და მათი სურათები სიმწვავით „წინააღმდეგობის აქტს“ უტოლდება.

ფანაჰი და რასულოფი ცალ-ცალკე გაასამართლეს დეკემბერში. მათ ირანის საწინააღმდეგო ქმედებებში დასდეს ბრალი, თავისუფლების აღკვეთა 6 წლით მიუსაჯეს და 20 წლის განმავლობაში ფილმის გადაღება აუკრძალეს.

„ეს არ არის ფილმი“ - ასე ეწოდება კანის ფესტივალზე ჩატანილ სურათს, რომელიც ჯაფარ ფანაჰიმ კიდევ ერთ რეჟისორთან, მიჯთაბა მირ-თაჰმასბთან ერთად გადაიღო. ამ ფილმის შესახებ რადიო თავისუფლების ირანული სამსახური ესაუბრა პარიზში მოქმედი ირანის კულტურული ცენტრის თავმჯდომარეს, აბას ბახტიარის: „ფილმი ასახავს ფანაჰის ცხოვრებას - პერიოდს, როცა ის თავის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდა. ამ ფილმის გადაღებით ფანაჰიმ და მისმა კოლეგამ, მირ-თაჰმასბმა, ფანაჰის ცხოვრების ერთი დღის მაგალითზე იმ სირთულეების აღწერა სცადეს, რომელიც ირანში კინემატოგრაფისტებს ხვდებათ.“

სხვათა შორის, ჯაფარ ფანაჰი თბილისშიც არის ნამყოფი - რადიო თავისუფლების მსმენელს შესაძლოა ახსოვდეს, რომ 2004 წელს თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე მის ფილმს, სახელწოდებით „მეწამული ოქრო“, მთავარი პრიზი - ოქროს პრომეთე - გადაეცა.

დაპატიმრებამდე ფანაჰის სურდა დოკუმენტური ფილმი გადაეღო ირანის ოპოზიციურ, მწვანე მოძრაობაზე, რომელიც 2009 წლის საკამათო საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ჩამოყალიბდა.

მისი დაპატიმრება კინემატოგრაფისტებისთვის მიყენებულ დიდ დარტყმად აღიქვეს - ირანელი ხელოვანების გაფრთხილებად, თავი შორს დაიჭირონ პოლიტიკისგან.

კანის ფესტივალზე ფანაჰის საგანგებო პრიზს - ოქროს ეტლს - მიანიჭებენ. აბას ბახტიარის თქმით, „ეს არ არის ფილმი“ რეჟისორმა მართლაც რთულ პირობებში გადაიღო: „ფილმი მოგვითხრობს კინორეჟისორის ცხოვრებაზე - რეჟისორის, რომელსაც შინაპატიმრობა აქვს მისჯილი და მუშაობა არ შეუძლია. ამიტომ ის მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ ფილმი თავისი სახლის ოთხ კედელში გადაიღოს. მას სჯერა, რომ თავის საქმეს თუ არ გააგრძელებს, ეს ცუდად დამთავრდება.“

მეორე რეჟისორის, მუჰამედ რასულოფის ფილმს „მშვიდობით“ ჰქვია. ის თეირანელი ახალგაზრდა ადვოკატის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ქვეყნის დატოვების მიზნით ვიზის მიღებას ცდილობს. სწორედ ასეთ სიტუაციაში იმყოფებოდა თავად რეჟისორი, სანამ დააპატიმრებდნენ.

7 მაისს გავრცელებულ განცხადებაში კანის ფესტივალის პრეზიდენტი, ჟილ ჟაკობი წერს, ორივე ფილმი „ამ დღეებში“ მივიღეთო და ფილმების ფესტივალზე გაგზავნას სიმამაცის აქტს და ასევე ხელოვნების არაორდინარულ მესიჯს უწოდებს.
XS
SM
MD
LG