Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როდის გახდება ”ძალიან ღარიბი” საქართველო სინგაპური?


საქართველო ”ჯერჯერობით ძალიან ღარიბი ქვეყანაა” და ”ვართ ძალიან ჩამორჩენილი ცხოვრებას”, - თქვა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 11 მაისს ეროვნული ბიზნესდაჯილდოების, "მერკური- 2011“-ის, ცერემონიაზე გამოსვლისას. ამ რთული მდგომარეობიდან გამოსვლის გზებზე საუბრისას პრეზიდენტს ისევ სინგაპურის მაგალითი მოჰყავს და ამბობს იმასაც, რომ სამომავლოდ საქართველომ რეგიონში სინგაპურის მსგავსი ცენტრალური ”ფუნქცია” უნდა იტვირთოს. რამდენად შესაძლებელია ეს ყველაფერი ქვეყნისთვის, რომელიც ევროკავშირისკენ მიისწრაფვის?

ფაქტია, რომ სინგაპურად გადაქცევის თემა საქართველოს პრეზიდენტის უცვლელ აქცენტად რჩება, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ამ თემაზე საუბარმა ბოლო პერიოდში გარკვეული ცვლილებები განიცადა. აშკარაა, რომ, როცა სინგაპურზე ლაპარაკობს, მიხეილ სააკაშვილი აუცილებლად თვლის იმის განმარტებასაც, რომ სინგაპურის მოდელი მას მხოლოდ ეკონომიკური თვალსაზრისით იზიდავს და რომ აქ არაფერ შუაშია პოლიტიკური სისტემა:

”ჩვენ როცა ვიძახით, რომ საქართველო უნდა გახდეს სინგაპური, ეკონომიკურად ვამბობთ, თორემ ჩვენ არ ვაპირებთ არც საღეჭი რეზინების აკრძალვას, როგორც ეს სინგაპურში იყო, და არც პოლიტიკური თავისუფლების გაუქმებას, როგორც ისინი ათწლეულების განმავლობაში აკეთებდნენ... ჩვენი ეკონომიკური მოდელი უნდა იყოს ლიბერალური, როგორც სინგაპურში, უნდა გამოვიყენოთ ეკონომიკური, გეოგრაფიული მდგომარეობა, როგორც ისინი იყენებდნენ...”

პრეზიდენტი სააკაშვილი თვლის, რომ ევროპაში დამკვიდრებული დემოკრატიული ღირებულებები აბსოლუტურად თავსებადია სინგაპურში დამკვიდრებულ ეკონომიკურ მოდელთან. თუმცა ასეთ მიდგომას ექსპერტულ წრეებში არაერთი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა და მათ შორის ერთ-ერთი პირველია სოსო ცისკარიშვილი - ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტი:

”ვერ იქნება სინგაპურის ეკონომიკური მოდელი ქვეყანაში, რომელსაც სურს, რომ დემოკრატიის სტანდარტები შემოიღოს ევროკავშირისგან; რადგან სწორედ დემოკრატიის მიმართ დამოკიდებულების სხვადასხვაობა განაპირობებს ეკონომიკური მოდელის ერთ ან მეორე შესაძლებლობას. ამიტომ, ორი კურდღლის მადევრის როლში რომ არ აღმოვჩნდეთ, ჯობია ავირჩიოთ უფრო მიმზიდველი კურდღელი და, გაკიდებას თუ ვერ შევძლებთ, კვალში მაინც გავყვეთ მას...”

სოსო ცისკარიშვილი წმინდა ეკონომიკურ ჭრილშიც აბსოლუტურად შეუთავსებელად მიიჩნევს სინგაპურისა და ევროკავშირის ”ურთიერთგამომრიცხავ მოდელებს”. შესაბამისად, მისთვის გაუგებარია, თუკი სინგაპური იზიდავს, მაშინ რატომ მიისწრაფვის საქართველო თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებისკენ ევროკავშირთან.

ევროკავშირისა და სინგაპურის ეკონომიკურ სისტემებს შორის სერიოზული განსხვავება რომ არსებობს და, მაგალითად, სინგაპურში გადასახადები დაახლოებით 3-ჯერ დაბალი რომ არის, ვიდრე ევროკავშირის წამყვან ქვეყნებში, ამას გია ჯანდიერიც აღნიშნავს. თუმცა ”ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს” ვიცე-პრეზიდენტი მაინც სხვაგვარად უყურებს შეუთავსებლობის საკითხს:

”თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება არის ვაჭრობის შესახებ და არაფერ კავშირში არ არის იმასთან, შენს ქვეყანაში დაბალი გადასახადებია თუ მაღალი... ეს შეიძლება იყოს კავშირში, მაგალითად, იმასთან, თუ როგორი საბაჟო ტარიფები გაქვს ან რამდენად ეფექტიანია შენი საბაჟო-გამშვები პუნქტები. რაც შეეხება სინგაპურის მოდელს, მასში თუ ვიგულისხმებთ დაბალ გადასახადებსა და ბიზნესის კეთების სიმარტივეს, არ მესმის, რატომ უნდა იყოს ეს მიუღებელი ევროკავშირისთვის?! ”

თუკი ისევ პრეზიდენტის გამოსვლას დავუბრუნდებით, მიხეილ სააკაშვილის წარმოდგენით, საქართველომ სამომავლოდ სინგაპურის მსგავსი ფუნქციაც უნდა იტვირთოს და უნდა იქცეს რეგიონალურ ცენტრად ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის თვალსაზრისით. ”ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი რამ, რითაც ყველა შემთხვევაში აღმოვჩნდებით წაუგებელ სიტუაციაში”, ამბობს პრეზიდენტი სააკაშვილი და იქვე წაუგებელი სიტუაციის არსსაც განმარტავს:

”ვთქვათ, რუსეთში არის ძალიან დიდი კორუფცია და რუსეთიდან გარბის ბევრი კაპიტალი... საქართველომ უნდა წამოიღოს ამ კაპიტალის ნაწილი, იმიტომ რომ საქართველოში არ არის კორუფცია და საქართველოში არის ყველაფერი ის, რასაც რუსები ნატრულობენ... თურქეთში არის კარგი ეკონომიკური განვითარება, არის ბევრი კაპიტალი და, მათ შორის, ჭარბი. ამ კონკურენციაში ჩვენ გვაქვს ჩვენი პატარა უპირატესობები თურქეთთან და ამიტომ როგორც რუსეთის წარუმატებლობით უნდა ვისარგებლოთ, ასევე უნდა ვისარგებლოთ თურქეთის წარმატებით...”

პრეზიდენტი სააკაშვილი არ აკონკრეტებს, თუ რამდენი წელიწადი დასჭირდება სინგაპურის მსგავს რეგიონალურ ცენტრად ჩამოყალიბებისთვის საქართველოს. თუმცა, მისი გათვლით, რამდენიმე წარმატებული წელიწადი დასჭირდება იმას, რომ საქართველომ ეკონომიკური ზრდის იმ მაჩვენებელს მიაღწიოს, რაც მას ”ომამდე და კრიზისამდე” ჰქონდა; ხოლო მინიმუმ 15-20 წელიწადია საჭირო იმისათვის, რომ საქართველო მენტალურად შეიცვალოს და ”შეუქცევადად” დაადგეს მდიდარი ქვეყნის გზას.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG