Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის კავშირმა საქართველოს 46 მილიონი ევრო გამოუყო


ამ დღეებში ცნობილი გახდა, რომ ევროპის პარლამენტმა დაამტკიცა ევროპის კომისიის წინადადება საქართველოსთვის 46 მილიონი ევროს დახმარების გამოყოფის შესახებ. თანხის ნაწილი გრანტია, ნაწილი კიდევ სესხი და ის საქართველოს ეკონომიკის გაჯანსაღებას მოხმარდება. ეს შემადგენელია იმ პროგრამისა, რომლის განხორციელება ევროკავშირმა საქართველოს დასახმარებლად 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ დაიწყო.

ბრიუსელში ევროპარლამენტმა საქართველოსთვის ფინანსური დახმარების შესახებ 10 მაისს იმსჯელა და ერთხმად დაუჭირა მხარი 46 მილიონი ევროს გამოყოფის წინადადებას.
დახმარება განკუთვნილია ჩვენი ქვეყნის იმ მიმართულებებისათვის, რომელთაც ჩვენი მთავრობა შეათანხმებს შესაბამისად ევროკომისიასთან და მოიცავს როგორც გრანტებს, ასევე სესხს...

დახმარება მოხმარდება მიკროფინანსურ სტაბილურობას, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმებული პროგრამის ფარგლებში, ასევე ეკონომიკური ზრდის წახალისებას, უმუშევრობის დონის შემცირებას და ექსპორტის ზრდას. ევროკავშირში საქართველოს ელჩის სალომე სამადაშვილის განცხადებით, თანხის ნაწილი გრანტის, ნაწილი კი შეღავათიანი სესხის სახით გამოიყოფა.

”დახმარება განკუთვნილია ჩვენი ქვეყნის იმ მიმართულებებისათვის, რომელთაც ჩვენი მთავრობა შეათანხმებს შესაბამისად ევროკომისიასთან და მოიცავს როგორც გრანტებს, ასევე სესხს. ვფიქრობ, რომ ეს ძალზედ მნიშვნელოვანია,რადგან არსებულ ფონზე, როდესაც ევროპაში საკმაოდ ბევრი პრობლემაა, მსგავსი რაოდენობით დახმარების გამოყოფა საქართველოსთვის ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური მხარდაჭერის მნიშვნელოვანი ნიშანია.”

ეს განცხადება სალომე სამადაშვილმა აქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გააკეთა. ევროპარლამენტის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში კი აღნიშნულია, რომ ჯერჯერობით არ არის განსაზღვრული ის მექანიზმი, თუ როგორ მოხდება დახმარების შედეგების შეფასება. მის შემუშავებაზე მსჯელობა ევროპელ კანონმდებლებს მომავალში მოუწევთ.

46 მილიონი ევრო ნაწილია იმ დიდი დახმარებისა, რომელიც ევროკავშირმა საქართველოს 2008 წლის შემდეგ გაუწია. დახმარების საერთო მოცულობა დაახლოებით 700 მილიონ ევროს შეადგენს. ამ დახმარების მიზნების შესახებ ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი საუბრობს:
ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი

”ეს დახმარება არ შეიძლება გავიგოთ ისე, რომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ აგვისტოს ომის შედეგების ლიკვიდაციისთვის გამიზნული დახმარება. მათ შორის ის გეგმებიც, რომლებიც ევროკავშირს უკვე ჰქონდა საქართველოს მიმართ, წარმოდგენილია ამ 700 მილიონში. შეიძლება ითქვას, რომ ევროკავშირმა ამ დახმარების ნახევარზე მეტი საქართველოს უკვე მიაწოდა.”

ევროკავშირის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ფინანსური დახმარების მეშვეობით საქართველომ შედარებით უმტკივნეულოდ მოახერხა გლობალური ფინანსურ-ეკონომიკური კრიზისის დაძლევა. მიუხედავად ამისა, საგარეო ფინანსურ დახმარებას თან ახლავს უარყოფითი მხარეც. ძირითადად ეს არის ინფლაცია და მთავრობის ანგარიშვალდებულების შემცირება გადასახადის გადამხდელთა მიმართ, - აღნიშნავს ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტი მერაბ ჯანიაშვილი.
ბიუჯეტის დეფიციტის გაზრდა ხდება საგარეო გრანტებისა თუ სესხების მეშვეობით, ამიტომ უკეთესი იქნება, თუ მთავრობა არ იქნება ჩამოკიდებული საგარეო დახმარებებზე...

”ინფლაციის იმპორტი ხდება გარკვეული დახმარებების მიღების შედეგად. იმავე ბიუჯეტის დეფიციტის გაზრდა ხდება საგარეო გრანტებისა თუ სესხების მეშვეობით, ამიტომ უკეთესი იქნება, თუ მთავრობა არ იქნება ჩამოკიდებული საგარეო დახმარებებზე. როდესაც ქვეყანა იღებს დახმარებებს, მთავრობა ამ დახმარებით რაღაც პრობლემების გადაგორებას ახერხებს და ნაკლებად პასუხისმგებლიანი ხდება თავისი ქვეყნის წინაშე.”

საგარეო დახმარებებზე დამოკიდებულების შემცირებას ეკონომიკის ექსპერტები შესაძლებლად მიიჩნევენ სახელმწიფო ხარჯების შემცირების გზით.
XS
SM
MD
LG