Accessibility links

logo-print

დევნილების ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლება დარღვეულია


აღდგენითი სამუშაოების შემდეგ დაზიანებული კოტეჯი

აღდგენითი სამუშაოების შემდეგ დაზიანებული კოტეჯი

ტარიელ გოჩაშვილისთვის ყოველი დილა წამლის მიღებით იწყება, მესამე თვეა მას ფილტვები და თირკმელები აწუხებს. აგვისტოს ომის შემდეგ იგი მეუღლესთან ერთად ბერბუკის დევნილთა დასახლებაში, ერთ-ერთ კოტეჯში ცხოვრობს. ეს კოტეჯი კი შესახლებიდან სამი წლის შემდეგ აღსადგენი გახდა.

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა კოტეჯების სარემონტო სამუშაოები გასული წლის ბოლოს ჩაატარა, მაგრამ სამშენებლო ხარვეზები მალე გამოჩნდა. კედლები დანესტიანდა, გაშავდა და ობი მოიკიდა. გოჩაშვილების კოტეჯში კედლები ჯერ სამზარეულოში დასველდა, შემდეგ კი ნესტი საძინებელსა და მისაღებ ოთახშიც გავრცელდა.

გოჩაშვილების კოტეჯის მსგავსად, სხვა კოტეჯებიც დაზიანდა. დევნილების ნაწილი სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობით თავიდანვე უკმაყოფილო იყო, რადგან აღდგენითი სამუშაოები გასული წლის სექტემბრიდან დეკემბრამდე ავდარში სრულდებოდა. იძულებით გადაადგილებული პირების აზრით, უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო კოტეჯები ხელახლა აღსადგენია.

აგვისტოს ომის შედეგად იძულებით გადაადგილებული პირები მათთვის სპეციალურად აშენებულ კოტეჯებში 3 წლის წინ შეასახლეს. კოტეჯები ნაჩქარევად აშენდა და სამშენებლო ხარვეზებმა სწრაფად იჩინა თავი. კედლები დაიბზარა, ღარებგაჩენილი იატაკიდან ბალახი ამოვიდა, ჭერიდან წყალმა ჩამოჟონა, მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯარამ კი დეფორმაცია განიცადა.

გასულ წელს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ კოტეჯების აღდგენისთვის 6 მილიონი ევრო გამოიყო. სამშენებლო კომპანიებთან ხელშეკრულებები გაფორმდა. ამ თანხით კედლები შეკეთდა, იატაკი გამოიცვალა, წყლის სისტემა აღდგა, მაგრამ კოტეჯების ნაწილი ისევ აღსადგენია. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორის მოადგილე ზურაბ ჩინჩილაკაშვილი ამბობს, რომ სამშენებლო კომპანიებს ხარვეზების გამოსასწორებლად ერთი წელი აქვთ. გარდა ამისა, ფონდი უკვე მუშაობს კოტეჯების დათბუნების პროექტზე, რადგან ნესტის წარმოქმნას თხელი კედლები უწყობს ხელს.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაცია“ დევნილთა საცხოვრებელი პირობების მონიტორინგს მუდმივად ახორციელებს. გორის ოფისის ხელმძღვანელის ქეთი ბებიაშვილის თქმით, სარემონტო სამუშაოების შემდეგ კოტეჯებში წარმოქმნილი ნესტის გამო ბევრი დევნილის ჯანმრთელობა გაუარესდა. მისი აზრით, იძულებით გადაადგილებული პირების ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლება ირღვევა.

როგორც დევნილები აცხადებენ, აღდგენითი სამუშაოების შემსწავლელმა სპეციალურმა კომისიამ სამუშაო დაასრულა, მაგრამ ყველა კოტეჯის შემოწმება არ მომხდარა. რემონტით უკმაყოფილო დევნილებმა საქმის კურსში ხელისუფლება უკვე ჩააყენეს. ახალგაზრდა იურისტები კი მათ ურჩევენ, რომ პრეტენზიებით მუნიციპალური განვითარების ფონდს მიმართონ, რომელიც სამუშაოების ხარისხზე იყო პასუხისმგებელი. ფონდი პასუხისმგებლობას არ გაურბის და პირობას დებს, რომ ხარვეზებს მალე გამოასწორებს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG