Accessibility links

logo-print

სერგეი ლავროვი: რუსეთს ვმო-ში გაწევრიანება თბილისთან შეთანხმების გარეშეც შეუძლია


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კვლავ განაცხადა, რომ მის ქვეყანას ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანება საქართველოსთან შეთანხმების გარეშეც შეუძლია. გაზეთ ”მოსკოვსკიე ნოვოსტისთან” ინტერვიუში სერგეი ლავროვი აღნიშნავს, რომ ქართველი კოლეგები, რომლებმაც ამ თემაზე მისი კომენტარები ახირებად შეაფასეს, როგორც ჩანს, არ იცნობენ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის დოკუმენტებს. ლავროვის თქმით, თუ კონსენსუსი არ არსებობს, ორგანიზაციის წესებით დაშვებულია ქვეყნის გაწევრიანება კენჭისყრის საფუძველზე და ამის პრეცედენტი უკვე არსებობს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ შვეიცარიის შუამავლობით ქართულ მხარესთან კონსულტაციები გრძელდება და ერთადერთი პრობლემა, რომელსაც თბილისი ქმნის, პოლიტიკური ხასიათისაა. შეგახსენებთ, რომ საქართველო მოითხოვს მდინარე ფსოუსა და როკის გვირაბთან საბაჟო-გამშვები პუნქტების ლეგალიზაციას. ლავროვის თქმით, დანარჩენი საკითხები ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის რეჟიმს განეკუთვნება და მათი გადაწყვეტა ექსპერტების დონეზეა შესაძლებელი.
XS
SM
MD
LG