Accessibility links

რამზან კადიროვი დიეგო მარადონას წინააღმდეგ


რამზან კადიროვი (მარცხნივ) დიეგო მარადონასთან ორთაბრძოლაში

რამზან კადიროვი (მარცხნივ) დიეგო მარადონასთან ორთაბრძოლაში

გროზნოში, ჩეჩნეთის ახლა უკვე აღდგენილ დედაქალაქში, განახლებულ სტადიონზე უცნაური საფეხბურთო მატჩი შედგა: ერთ გუნდში თამაშობდნენ ფეხბურთის ლეგენდები - დიეგო მარადონა, ლუიშ ფიგუ და სხვები, მეორის კაპიტანი კი ჩეჩნეთის მოსკოვის მიერ დასმული მმართველი, რამზან კადიროვი იყო. ამ უკანასკნელის გუნდმა ეს საჩვენებელი თამაში მოიგო ანგარიშით 5-2.

რამზან კადიროვისთვის ასეთ შოუს სარეკლამო დანიშნულება აქვს. მისი სურვილია, აჩვენოს მსოფლიოს და თავის ხალხსაც, რომ რუსეთის არმიასთან ჩეჩენი მეამბოხეების ომების შედეგად დანგრეული რეგიონი აშენდა და იქ ცხოვრება შეიძლება. მან ჩვეულ სტილში მიმართა მამამისის, ახმად კადიროვის სახელობის სტადიონზე მისულებს, 30 ათას ადამიანს:

„სწორ გზას რომ ვადგავართ, ალაჰი ამიტომ გვშველის. ალაჰმა ინებოს, რომ მუდამ წარმატება გვდევდეს თანო.“

თამაში სტადიონზე, რომლის აღდგენა 225 მილიონი დოლარი დაჯდა, დაიწყო ნელი ტემპით. პირველ ნახევარში გოლი არ გასულა და გამტანიც ნაკლებად იყო მოედანზე, რადგან „კავკაზად“ წოდებულ ნაკრებში კადიროვთან ერთად ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალურ ოლქში პრეზიდენტის წარმომადგენელი ალექსანდრ ხლოპონინი და კადიროვის ადმინისტრაციის წარმომადგენლები თამაშობდნენ. მოგვიანებით ხლოპონინი მოედნიდან გავიდა, მისგან კაპიტნობა კადიროვმა არ მიიღო და სამკლაური გადასცა რინატ დასაევს, საბჭოთა პერიოდში ნაკრების მეკარეს, რომელმაც უკვე მეორე ტაიმში კადიროვს გადაულოცა კაპიტნობა. მსოფლიოს ვეტერანთა ნაკრებში მარადონას და ფიგუს გარდა თამაშობდნენ ბარეზი, კოსტაკურტა, პაპენი, სამორანო...

დიეგო მარადონა, რომლის გვერდით წონაში მომატებული კადიროვიც არ გამოირჩეოდა სიმსუქნით, გოლის - და არცთუ ულამაზო გოლის - ავტორი გახდა. 34 წლის კადიროვს ბურთი არ გაუტანია, მაგრამ მისი ჩაწოდებით გაახვიეს მოწინააღმდეგის ბადეში ხუთი გოლი, რაც უკვე პროფესიონალი ფეხბურთელებით - „თერგის“ გუნდის მოთამაშეებით - ადმინისტრაციის თანამშრომლების შეცვლას მოჰყვა.

მსგავსი სპექტაკლი კადიროვმა ადრეც გამართა. მან ბრაზილიის ნაკრების მოთამაშეები მიიწვია და მათთან გროზნოს გუნდი გამოიყვანა, თავისი კაპიტნობით. ყველა იკითხავს, რა გადაუხადა ასეთი მარადონას თუ სხვას, იქ ჩასვლას რომ დათანხმდნენო. ჩეჩენი ოფიციალური პირები კატეგორიულ უარს ამბობენ ამ თემაზე ილაპარაკონ. ცხადია, თამაშმა ააღელვა უფლებადამცავები, რადგან კადიროვის ჩეჩნეთი ადამიანის უფლებების უხეში დარღვევით არის ცნობილი. მაგრამ, ამის მიუხედავად, ლუიშ ფიგუ, წარსულში ცნობილი პორტუგალიელი ფეხბურთელი, კმაყოფილია თამაშით:

„ჩემი აზრით, კარგია, რაც ვიხილე. ეს არის ქალაქი, რომელშიც ვითარდება ინფრასტრუქტურა. იმედია, მომავალში კიდევ უკეთესი გახდება და ხალხი შეძლებს აქ მართლა კარგად იცხოვროს“, უთხა მან „როიტერს“.

გროზნო არ შედის იმ 13 ქალაქის სიაში, სადაც მოსკოვი აპირებს 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების გამართვას, თუმცა კადიროვმა გამოთქვა ინტერესი, რომ ისიც გამხდარიყო უდიდესი საფეხბურთო ასპარეზობის მასპინძელი.
XS
SM
MD
LG