Accessibility links

აჰმადინეჟადის „ჯადოქარი“ თანამშრომლები და ირანის პოლიტიკური კრიზისი


ვითომ მართლა დაუპირისპირდა ირანის პრეზიდენტი, მაჰმუდ აჰმადინეჟადი, ისლამური რესპუბლიკის უზენაეს სასულიერო პირებს? მართლა გააწნა რევოლუციური გვარდიის მეთაურმა პრეზიდენტს სილა, როცა აჰმადინეჟადმა პრესის თავისუფლება მოითხოვა? ეს შეკითხვები გაჩნდა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ხმები, აჰმადინეჟადს გარშემო სპირიტისტები შემოუკრებია და განსაკუთრებით პატრიოტულ-ნაციონალისტური მოსაზრებებით გამოდისო. მისი გარემოცვის, ადმინისტრაციის წევრების დაპატიმრებასთან ერთად, გავრცელდა ხმები, რომ თეირანში, ისევე როგორც სხვა ქალაქებში, პარასკევის ლოცვის დროს, ქადაგებების ჟამს, მას ძლიერ შეუტიეს. ერთ-ერთმა გავლენიანმა მოლამ, აჰმად ხათამიმ, ის გააფრთხილა, ოფიციალური ხაზიდან გადახრა შეინიშნება შენს გარემოცვაშიო, და მძაფრად გაილაშქრა ესფანდიარ რაჰიმ-მაშაის წინააღმდეგ. სწორედ მაშაის თანამშრომლებზე გავრცელდა ცნობები, რომ დააპატიმრეს, „ჯადოქრობის“, სპირიტიზმის, მარჩიელობის ბრალდებით. რაჰიმ-მაშაი პრეზიდენტის კანცელარიის ხელმძღვანელი იყო. მისი თანამშრომლების - აბას ღაფარის და აბას ამირიფარის - გვარები გამოაცხადა თეირანის გენერალურმა პროკურორმა. ღაფარის დაცინვით „აჰმადინეჟადის ექსორცისტს“, ბოროტი სულებისგან მის „განმათავისუფლებელს“ უწოდებენ. ამირიფარი კი პრეზიდენტის კულტურის ოფისის ხელმძღვანელია, რომელიც უშუალოდაა დაკავშირებული დოკუმენტურ ფილმთან - „მოსვლა მოგვიახლოვდა“. ფილმი ეხება, შიიტების წარმოდგენით, ლეგენდარული მეთორმეტე, ეგრეთ წოდებული გაუჩინარებული იმამის, მაჰდის გამოცხადებას. აჰმადინეჟადის შესახებ ცნობილია, რომ მას ღრმად სწამს ამ „მოსვლისა“. მოკლედ გეტყვით, რომ შიიტური წარმოდგენით, იმამი მაჰდი, რომელიც გაუჩინარდა, კვლავ მოევლინება სამყაროს და აღადგენს ისლამის უწინდელ სიწმინდეს. ამ დოკუმენტური ფილმის ავტორები - ის დიდი ტირაჟით გავრცელდა - ამტკიცებენ, რომ იმამის მეორედ მოსვლა 2012 წლის იანვარში მოხდება. ისლამურ რესპუბლიკაში კი ეს მწვალებლობაა, რადგან იმამის მეორედ მოსვლის თარიღზე სპეკულაციები აკრძალულია. EA World View ჰქვია ვებსაიტს, რომელსაც განაგებს სკოტ ლუკასი, ირანის სპეციალისტი ბირმინგემის უნივერსიტეტში. ლუკასის თქმით, საქმე გვაქვს 2009 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგდროინდელ ირანში უდიდეს პოლიტიკურ კრიზისთან:

„ბატონი ამირიფარი დააპატიმრეს იმის თაობაზე კამათთან დაკავშირებით, რომ გაუჩინარებული იმამი მაჰდი დაბრუნდება, პრეზიდენტი კი წინასწარმეტყველია, რომელიც მას შეეგებება. ბატონ ღაფარის კი კონსერვატულმა ვებსაიტმა სულების გამოძახებასა და შავ მაგიაში დასდო ბრალი. აჰმადინეჟადის მტრები აცხადებენ, რომ ის და მისი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი რაჰიმ-მაშაი მისტიციზმს მიმართავენ გაუჩინარებული იმამის გარშემო. ერთ-ერთი ვებსაიტი იუწყებოდა, რომ გამომძიებელს, რომელიც დაკითხავდა ღაფარის, გულის შეტევა მოსვლია იმის გამო, რომ მაშაი შავი მაგიის ძალებს ფლობს. ეს ზღაპრები რომ ვრცელდება და მათი გამწვავება ხდება, იმის ნიშანია, რომ საქმე გვაქვს ძალიან ცხარე პოლიტიკურ დაპირისპირებასთან.“

დაპატიმრებები მოჰყვა სასულიერო პირებსა და აჰმადინეჟადს შორის დაპირისპირებას დაზვერვის მინისტრის, ჰეიდარ მოსლეჰის გადაყენების გამო. მოსლეჰი აჰმადინეჟადმა აიძულა გადამდგარიყო. მიზეზი, თუ რატომ არ სურდა აჰმადინეჟადს კაბინეტში მოსლეჰი, არაა ცხადი. გავრცელდა ხმები, რომ მოსლეჰის ხალხმა რაჰიმ-მაშაის კაბინეტში მოსასმენი მოწყობილობა დაამონტაჟა მალულად, რაც არ მოეწონა პრეზიდენტს. მაგრამ მისი სურვილი, არ ყოფილიყო ეს პირი კაბინეტში, ვერ დაკმაყოფილდა. პრეზიდენტს წინ აღუდგა ძლევამოსილი აიათოლა ალი ხამენეი, ირანის უზენაესი სასულიერო ლიდერი. ამას პრეზიდენტმა უცნაურად უპასუხა. ის 11 დღის განმავლობაში აღარ ესწრებოდა კაბინეტის სხდომებს, ასევე არ ჩავიდა ყომში, რელიგიურ ცენტრში დაგეგმილ შეხვედრაზე და როცა უკვე დაბრუნდა, თანამდებობაზე აიათოლას მიერ აღდგენილი მინისტრი აღარ დაესწრო სხდომას. გერმანიაში გამომავალ „ტაგესცაიტუნგში“ ბაჰმან ნირუმანდი წერს, ირანის პრეზიდენტის მეორედ არჩევის შემდეგ აჰმადინეჟადმა ამ ქვეყნის ძველი კულტურა თავიდან აღმოაჩინა და მისი პატრიოტიზმი იქამდე მივიდა, რომ მთავრობას დაავალა, სახელმწიფო ტელევიზიის კულინარიულ გადაცემებში, აღარ წარმოედგინათ უცხოური კერძების რეცეპტებიო. პრეზიდენტისვე აზრით, წერს ნირუმანდი, ისლამური რესპუბლიკა იმგვარ ისლამს უნდა წარმოადგენდეს, რომელსაც განსაზღვრავს ირანული კულტურა, რადგან ირანელები კულტურით ბევრად აღემატებიან მათ, ვინც ირანში ისლამი შემოიტანაო. ირანში კი ასეთი ნაციონალისტური პოზიცია მწვალებლობად მიიჩნევა. აჰმადინეჟადის ეს ნაციონალისტური მიდრეკილებები თავის გამოხატვას პოულობს, „ტაგესცაიტუნგის“ ავტორის აზრით, სწორედ შიიტების მესიის, გაუჩინარებული იმამის, მაჰდის მოლოდინში. ნირუმანდი ამბობს, პრეზიდენტს მთავრობის ამოცანად მიაჩნია ამ იმამის მეორედ მოსვლა მოამზადოსო. არგუმენტი, რომ ყურანის თანახმად, ისლამის ლოკალიზება ერთ ქვეყანაზე მიუღებელია, იუსტიციის მინისტრმა სადეღ ლარიჯანიმაც გამოიყენა აჰმადინეჟადის კრიტიკისას.

საკითხავია, რა სურს აჰმადინეჟადს, მართლაც ესწრაფვის ის თავის სამხედროებთან ერთად სასულიერო პირების შეზღუდვას თუ მხოლოდ ლაიცისტურად განწყობილი, ანუ სახელმწოფოსგან რელიგიის გამოყოფის მომხრე მოსახლეობის გულის მოგება სურს? ფაქტი ერთია, რომ მას ანტაგონიზმი აქვს სასულიერო პირებთან და მასვე აბრალებენ ნაციონალისტობას. 2 მაისს ის ირანის რევოლუციის გუშაგთა ჯარში, ანუ ფასდარანში, უზენაესი რელიგიური ლიდერის წარმომადგენელმა, ჰოჯათოლესლამ მოჯთაბა ზონურმა აჰმადინეჟადის ურთიერთობა მისი ადმინისტრაციის ყოფილ ხელმძღვანელთან, რაჰიმ მაშაისთან, შეაფასა როგორც უჩვეულო, უკიდურესი, და მთავარი ხაზიდან გადახვევა უწოდა მას. ზონურის თქმით, მაშაი არის ახლა პრეზიდენტი, აჰმადინეჟადი კი „თავისუფალ ვარდნაშია“ და მას მხოლოდ მაშაი აკავებს. მანვე პრეზიდენტს დააბრალა „სპირიტუალური პოლიტიკის“ წარმართვა. თვით აიათოლა მოჰამად-თაღი მესბაჰ-იაზდიმ, რომელიც პრეზიდენტის რელიგიურ დამრიგებლად მიიჩნეოდა, საჯაროდ გააფრთხილა აჰმადინეჟადი, უზენაესი ლიდერის მიმართ დაუმორჩილებლობა ღალატია, ისლამური სამართლის თანახმადო.

ირანში დაბადებული მიმომხილველი მეირ ჯავედანფარი, რომელიც ისრაელში მოქმედ ახლო აღმოსავლეთის ეკონომიკისა და პოლიტიკური ანალიზის კომპანიაში მუშაობს, ამბობს, რომ რაშაის მეტიც კი დააბრალეს - რომ ის ნათესაურ კავშირშია, „მუჯაჰედინ-ე- ხალყთან“, მემარცხენე ოპოზიციურ მოძრაობასთან, რომელიც ირანშიც და აშშ-შიც ტერორისტულ ჯგუფად არის მიჩნეული.

ლუკასის დასკვნით, აჰმადინეჟადის წინააღმდეგ ახლანდელი ბრძოლა იმას ემსახურება, რომ არ მისცენ მას საშუალება განახორციელოს დასახული გეგმა და მემკვიდრედ თავისი ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, რაჰიმ მაშაი, დაასახელოს. ამ კრიზისში, ლუკასის თანახმად, აჰმადინეჟადი „დაეცემა“, მაგრამ მას არ გადააყენებენ, უბრალოდ, კუთხეში მიიმწყვდევენ:

„შეზღუდავენ მის ეკონომიკურსა და პოლიტიკურ ინიციატივებს და საშუალებას არ მისცემენ თვითონ აირჩიოს მემკვიდრე; აიძულებენ არ დაასახელოს მემკვიდრედ, ვინც სურს, ანუ რაჰიმ მაშაი, და ამით განახორციელოს თავისი გეგმები.“ თუმცა შოტლანდიის წმინდა ენდრიუს ირანული კვლევის ინსტიტუტის ხელმძღვანელი ალი ანსარი ფიქრობს, რომ აჰმადინეჟადის პოლიტიკური სიკვდილის შესახებ ხმები გადაჭარბებულია. ანსარის აზრით, აჰმადინეჟადი გაიბრძოლებს, ის არ დათმობს პოზიციას უბრძოლველად; შეიძლება მას დარტყმა მიაყენეს, შეიძლება მსუბუქად დაჭრეს კიდეც, მისი „ეგო“ შეიძლება გარკვეულად დაზიანდა, მაგრამ ის წელში გამართვის სხვა გზას მონახავს. ეს ამ კაცის ბუნებაშია. მან იცის, რომ საყოველთაო ყურადღების ცენტრშია და, ვფიქრობ, ამ ყველაფერს ასეთ ახსნას მოუძებნის: ხამენეის არასწორი რჩევა მისცესო.“

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG