Accessibility links

logo-print

სამეცნიერო დასკვნის მიხედვით, ჩერქეზები გენოციდის მსხვერპლნი არიან


დიასპორისა და კავკასიის საკითხებში საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე ჩერქეზების გენოციდის აღიარების საკითხზე მომზადებული სამეცნიერო დასკვნა განიხილეს.

დიასპორისა და კავკასიის საკითხებში საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე ჩერქეზების გენოციდის აღიარების საკითხზე მომზადებული სამეცნიერო დასკვნა განიხილეს.

13 მაისს დიასპორისა და კავკასიის საკითხებში საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე ჩერქეზების გენოციდის აღიარების საკითხზე მომზადებული სამეცნიერო დასკვნა განიხილეს. ისტორიკოსებისა და ექსპერტების აზრით, ჩერქეზთა გენოციდის აღიარება საქართველოსთვის პრესტიჟის საქმეა. დიასპორისა და კავკასიის საკითხებში საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, პოლიტიკური გადაწყვეტილების მიზნით საკითხის განხილვას საქართველოს პარლამენტი უახლოეს მომავალში დაიწყებს. არ არის გამორიცხული, რომ საკითხის ინიცირება საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე მოხდეს.
ჩერქეზთა საერთო მოსახლეობის 20 პროცენტზე მეტი დახოცეს. ამას აღიარებს ყველა მკვლევარი როგორც ამერიკაში, ისე ევროპაში და რუსეთშიც კი...

რუსეთის იმპერიის პოლიტიკას, რაც დემოგრაფიის ძალადობრივად შეცვლას გულისხმობდა, მე-19 საუკუნის შუა ხანებში, ასეულათასობით კავკასიელი მუსულმანი შეეწირა. ჩერქეზები რუსეთის მთელ შავიზღვისპირეთში ცხოვრობდნენ - ანაპიდან აფხაზეთამდე და აღმოსავლეთისკენ - ჩეჩნეთის საზღვრებამდე. კავკასიის ომის დროს ისინი რუსებს წინააღმდეგობას უწევდნენ და მათ სამხრეთისკენ სვლას აბრკოლებდნენ. თუმცა ჩერქეზების ისტორია ამ რეგიონში მაინც დასრულდა 1864 წელს, როცა ალექსანდრე მეორის ჯარმა კავკასია დაიპყრო. რუსეთის ჯარებმა ჩერქეზები თურქულ გემებში ჩასხეს და ოსმალეთის იმპერიისკენ გზას გაუყენეს. 300 ათასი ჩერქეზი მხოლოდ შიმშილისა და ავადმყოფობებისგან დაიღუპა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, კავკასიოლოგი მერაბ ჩუხუა ჩერქეზთა გენოციდის შესახებ შექმნილი სამეცნიერო დასკვნის ერთ-ერთი ავტორი, ჩერქეზთა ისტორიის ყველაზე ტრაგიკულ ეპიზოდს ასე აღწერს: ”ჩერქეზთა საერთო მოსახლეობის 20 პროცენტზე მეტი დახოცეს. ამას აღიარებს ყველა მკვლევარი როგორც ამერიკაში, ისე ევროპაში და რუსეთშიც კი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს იყო აშკარად გამოხატული გენოციდი. მოგიყვანთ ერთ მაგალითს: ერთ-ერთმა რუსმა გენერალმა, ბაბიჩმა, სულ რაღაც ერთი თვის განმავლობაში გაანადგურა ბჟედუღების 44 სოფელი. ეს გახლავთ ჩერქეზების ერთ-ერთი სუბეთნიკური ჯგუფი. საქართველოს აქვს შანსი აღადგინოს სამართლიანობა და მიაგოს პატივი მილიონობით დაზარალებულსა და ასეულობით მოკლულ ჩერქეზთა ხსოვნას”, - ამბობს მერაბ ჩუხუა:

ზუსტად ერთი წლის წინ, რამდენიმე ჩერქეზულმა ორგანიზაციამ საქართველოს პარლამენტს ჩერქეზთა გენოციდის აღიარების თხოვნით მიმართა. სწორედ მას შემდეგ გადაწყდა სპეციალური სამეცნიერო დასკვნის შექმნა, რომელიც მე-19 საუკუნეში ცარისტული რუსეთის მხრიდან ჩერქეზების მიმართ ჩადენილი სისასტიკის ფაქტებს გამოიკვლევდა. ანდრო გაბისონია, ჩერქეზთა კონგრესების ქსლის წარმომადგენელი საქართველოში, ამბობს, რომ ჩერქეზთა გენოციდის აღიარება ისტორიული სამართლიანობის აღდგენა იქნება. ის ჩერქეზების უკანასკნელ ბრძოლას იხსენებს, რომელიც 1864 წლის 21 მაისს ზუსტად იმ ადგილას გაიმართა, სადაც 2014 წელს რუსეთმა ზამთრის ოლიმპიადა საზეიმოდ უნდა გახსნას: ”დღესაც კი, როდესაც იქ გათხრები მიმდინარეობს, დახოცილი ჩერქეზების ძვლებს პოულობენ. მთელი ზღვისპირეთი სავსე იყო ჩერქეზების ძვლებით და მოკვეთილი თავის ქალებით. იქ საშინელება ტრიალებდა”, - ამბობს ანდრო გაბისონია.
მაგალითად, ჩერქეზთა უდიდესი ნაწილი თევზს არ ჭამს. როდესაც ჩვენი წინაპრები გემებით ოსმალეთის გზას გაუყენეს, ბევრი მათგანი გზაში დაიღუპა და თევზის საკვებად იქცა...

დიასპორისა და კავკასიის საკითხებში საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, უახლოეს მომავალში გადაწყდება, მიეცემა თუ არა საკითხს პოლიტიკური გადაწყვეტილება. მისივე თქმით, არ არის გამორიცხული, რომ საკითხის ინიცირება საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე მოხდეს: ”ქართველი მეცნიერების დასკვნა არის სრულიად ცალსახა. ის ეყრდნობა რამდენიმე ათეული ექსპერტის, მეცნიერისა და ისტორიკოსის პოზიციას და ეს პოზიცია გახლავთ ის, რომ ჩერქეზები გენოციდის მსხვერპლნი არიან”, - ამბობს ნუგზარ წიკლაური.

უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში თბილისში ორი კონფერენცია ჩატარდა, რომელიც ჩერქეზებისა და ჩრდილოეთ კავკასიის ხალხების წარსულსა და მომავალზე მსჯელობას მიეძღვნა. სწორედ აღნიშნულ კონფერენციებზე გაისმა ის განცხადებაც, რომ ჩერქეზების ერთ-ერთი მთავარი მიზანი საკუთარი სახელმწიფოს შექმნა და სოჭის 2014 წლის ოლიმპიადის ჩაშლაა. რა გავლენა შეიძლება იქონიოს აღნიშნულმა განცხადებებმა და საქართველოს პარლამენტის მხრიდან ჩერქეზთა გენოციდის შესაძლო აღიარებამ რუსეთთან ისედაც გამწვავებულ ურთიერთობებზე? ამ კითხვაზე კონფერენციების ერთ-ერთი ორგანიზატორი, ილიას უნივერსიტეტის რექტორი გიგი თევზაძე, ასე პასუხობს: ”ეს ფაქტი პირდაპირ რუსეთს არ ეხება, რადგან აქ საუბარია რუსეთის იმპერიაზე. თუკი რუსეთის ხელისუფლება თავის თავს რუსეთის იმპერიის სამართალმემკვიდრედ მოიაზრებს, ეს მათი პრობლემაა. არ მგონია, რომ სოჭის ოლიმპიადის ჩატარებას რაიმემ ხელი შეუშალოს, ყოველ შემთხვევაში, დღევანდელი გადასახედიდან ასე ჩანს, თუმცა თავისთავად იმ ფაქტმა, რომ გენოციდის აქტი განხორციელდა მიწაზე, სადაც ოლიმპიადა ტარდება, შესაძლოა ვიღაცები სერიოზულად დააფიქროს. რაც შეეხება გენოციდის აღიარებას, ეს ძალიან კარგ როლს შეასრულებს კავკასიის ჩრდილოეთით მცხოვრებ ხალხებთან ურთიერთობის დარეგულირებაში”, - ამბობს გიგი თევზაძე.

22 წლის ჩერქეზი თემურ დოროგოვი, რომელიც წინაპრების მიერ მოყოლილ ამბებზე გაიზარდა, ამბობს, რომ მათთვის აღარ არსებობს შორეული და ახლობელი ჩერქეზი, ისინი ტრაგედიამ იმდენად გააერთიანა, რომ დღეს ყველა ჩერქეზი ერთია: ”ჩერქეზთა თითოეულ გვარს შეეხო ეს ტრაგედია. ამბები და თქმულებები იმ პერიოდიდან დღემდე ცოცხლობს ჩვენს მეხსიერებაში. პატარა ბავშვებმაც კი, რომლებიც ახლა იწყებენ ლაპარაკს, კარგად იციან ამ ტრაგედიის შესახებ. მაგალითად, ჩერქეზთა უდიდესი ნაწილი თევზს არ ჭამს. როდესაც ჩვენი წინაპრები გემებით ოსმალეთის გზას გაუყენეს, ბევრი მათგანი გზაში დაიღუპა და თევზის საკვებად იქცა. და ეს ჩვენთვის ძალიან მტკივნეულია”.
XS
SM
MD
LG