Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინიციატივა ბიზნესის კონკურენტუნარიანობისათვის


აშშ-ის ელჩი საქართველოში ჯონ ბასი,”ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივის” პრეზენტაცია
აშშ-ის ელჩი საქართველოში ჯონ ბასი,”ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივის” პრეზენტაცია
ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა საქართველოში პროექტის -”ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივის” - განხორციელებას იწყებს. ეს არის ოთხწლიანი პროგრამა, 40 მილიონი დოლარის ბიუჯეტით. პროგრამის ამოცანაა ხელი შეუწყოს საქართველოში კერძო ბიზნესის განვითარებასა და ბიზნესის სფეროში კონკურენციის გაზრდას.

მთავრობამ და კერძო სექტორმა ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის ზრდისთვის ცალკეული რეფორმები უნდა გაატარონ...
ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს ეკონომიკის გაძლიერებას პროდუქტიულობის, დასაქმებისა და ექსპორტის გაზრდის, უცხოური ინვესტიციების მოზიდვისა და ფინანსების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიმართულებებით. ამ ხუთი პრიორიტეტული ამოცანის განსახორციელებლად ”ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივა”ქვეყნის კონკურენტუნარიანობის გაზრდას ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის კონკურენტუნარიანობის გაძლიერების გზით შეეცდება. საქართველოში პროცესები ისე უნდა წარიმართოს, რომ ვითარების გაუმჯობესება თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს, განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ადმინისტრატორის მოადგილემ დონალდ სტაინბერგმა პროექტის ოფიციალური გახსნის ცერემონიალზე. მისი განმარტებით, საქართველოს ეკონომიკური რეფორმების სფეროში შესამჩნევი პროგრესი აქვს, თუმცა, ამის მიუხედავად, ქვეყანაში ახლა დგას გარდამტეხი მომენტი, როდესაც ბიზნესის განვითარებისათვის ხელსაყრელი გარემო უნდა შეიქმნას. დონალდ სტაინბერგის თქმით, ამ გარემომ, თავის მხრივ, უნდა განაპირობოს ეკონომიკური ზრდა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და ექსპორტის მატება:

ეს არის ჩვენი ვალდებულებების ნაწილი, დავეხმაროთ ამ ქვეყნის ხალხს, ჩამოყალიბდეს ძლიერ და დამოუკიდებელ ერად...
”ამას საჭიროებს ქვეყნის მომავალი და იმისათვის, რომ დასახულ მიზნებს მივაღწიოთ, მთავრობამ და კერძო სექტორმა ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის ზრდისთვის ცალკეული რეფორმები უნდა გაატარონ. ”ეკონომიკის აღმავლობის ინიციატივა” ამ მცდელობების ხორცშესხმისთვის მთავრობის, კერძო სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების მხარდასაჭერად შეიქმნა.”

ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ადმინისტრატორის მოადგილე დონალდ სტაინბერგი ამბობს, რომ ცვლილებებს დრო დასჭირდება. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში ჯონ ბასი კი აღნიშნავს, რომ ”ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივა” კიდევ ერთი მაგალითია იმ ინტერესისა, რომელსაც შეერთებული შტატები საქართველოს მომავლისადმი იჩენს:

”ეს არის ჩვენი ვალდებულებების ნაწილი, დავეხმაროთ ამ ქვეყნის ხალხს, ჩამოყალიბდეს ძლიერ და დამოუკიდებელ ერად, რომელიც, თავის მხრივ, ამ რეგიონისა თუ მსოფლიოს სხვა ქვეყნებისათვის იმის მაგალითი იქნება, თუ როგორ გაიარონ რთული გარდამავალი ეტაპი, როგორ შექმნან თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა, რომელიც ყველა მოქალაქეს მოუტანს კეთილდღეობას.”

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის თანახმად, ”ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივა” კონცენტრირებულია ეკონომიკის იმ დარგებზე, სადაც მეტი ეფექტის მიღწევაა შესაძლებელი. წინასწარი კვლევებისა და შეფასების შედეგად გამოვლენილი სამიზნე სექტორებია საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები და ტრანსპორტირება და ლოჯისტიკა, ეგრეთ წოდებული ღირებულებათა ჯაჭვი კი მოიცავს როგორც სასოფლო-სამეურნეო, ისე არასასოფლო-სამეურნეო დარგებს. კიდევ უფრო კონკრეტულად, „ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივა“ იმუშავებს კომპანიების დონეზე მათი ინდივიდუალური შესაძლებლობების განსავითარებლად საბაზრო მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით. პროექტი მუშაობს ასევე პროდუქციის წარმოებისა და დისტრიბუციის სხვადასხვა სფეროში მოქმედი ფირმების ჯგუფებთან სექტორების დონეზე და, ბოლოს, „ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივა“ თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასთან და სხვა ნაციონალურ ინსტიტუტებთან ზოგადად ქვეყნის დონეზე კონკურენტუნარიანობის გაზრდის თვალსაზრისით.

როგორც ეკონომიკის ექსპერტი ნოდარ ხადური ამბობს, მისასალმებელია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ინიციატივა, ხელი შეუწყოს საქართველოში არსებული ბიზნესის კონკურენტუნარიანობის გაზრდას:

ეს, რა თქმა უნდა, ამერიკის მთავრობის მესიჯია ჩვენი ქვეყნის მთავრობისადმი, რომ ამ სფეროს რეფორმირება არის საჭირო და აუცილებელი...
”ქვეყანაში არის ბაზარი, რომელზეც არ არის სრულყოფილი კონკურენცია და ძალიან მნიშვნელოვანია ამ სფეროების დაფინანსება იმისათვის, რათა კვლევები ჩატარდეს და ქვეყანამ მიიღოს შესაბამისი ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა და მეორე, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, საქართველო თავად არის არაკონკურენტული მსოფლიო ბაზრებზე. ძალიან მძიმე მდგომარეობაშია ქართული პროდუქცია. მას პრაქტიკულად არ შეუძლია, იშვიათი გამონაკლისის გარდა, დღეისათვის კონკურენცია გაუწიოს მსოფლიო ანალოგებს არათუ ევროპის ან ამერიკის, ან აზიის ბაზრებზე, არამედ საქართველოშიც კი. ამდენად ძალიან საინტერესოა ის მიმართულებები, რომლის დაფინანსებაც ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ დაიწყო.”

კონკურენტუნარიანობის სტრატეგია საქართველოში მხოლოდ 2010 წლის მიწურულიდან არსებობს, - განმარტავს, თავის მხრივ, ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში დავით ნარმანია, რომელიც მიიჩნევს, რომ ”ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივა” არის პროექტი, რომელსაც არამარტო ეკონომიკური დატვირთვა აქვს:

”ეს, რა თქმა უნდა, ამერიკის მთავრობის მესიჯია ჩვენი ქვეყნის მთავრობისადმი, რომ ამ სფეროს რეფორმირება არის საჭირო და აუცილებელი. ეს ფინანსები, რა თქმა უნდა, არ არის მიმართული მხოლოდ იმისთვის, რომ საქართველოს ფინანსები სჭირდება, - ეკონომიკურ დატვირთვასთან ერთად, ძალიან დიდი პოლიტიკური დატვირთვაც აქვს.”

პროექტის წარმატების იმედი აქვს საქართველოს ეკონომიკის მინისტრს ვერა ქობალიას, რომელიც ვარაუდობს, რომ ოთხი წლის შემდეგ საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის წილი, დღევანდელთან შედარებით, მეტი იქნება.
XS
SM
MD
LG