Accessibility links

logo-print
გაზეთებში გრძელდება ოპოზიციის გეგმების განხილვა. დღევანდელი ”ვერსიის” პირველ გვერდზე მთავარი ადგილი ირინა სარიშვილთან ინტერვიუს ეთმობა. ის თვლის, რომ ნინო ბურჯანაძე ოქრუაშვილის პროვოკაციაზე წამოეგო. სარიშვილი ამბობს: ”ბურჯანაძე უნდა გამოვიდეს არა ლანძღვა-გინებით, არამედ სიტყვით, ოქრუაშვილმა ისეთი განცხადება გააკეთა, ე.ი. რეალურად აპირებს ხელისუფლების დამარცხებას, ამიტომ არ მინდა ხელი შევუშალო და ასპარეზს ვუთმობო. ამგვარად, მოედანზე რჩება ყველაზე მარგინალური ძალა, ოქრუაშვილის პარტიის სახით, რომელიც იმის მსგავსის გაკეთებასაც კი არ აპირებს, რაზეც საუბრობს. ამით, ერთი მხრივ, სააკაშვილს არეულობის მოწყობის საშუალება აღარ ექნება, მეორე მხრივ კი, ოქრუაშვილი განიარაღდება. გამოდის, რომ ერთმანეთის პირისპირ დარჩენილმა სააკაშვილმა და ოქრუაშვილმა უნდა იჩხუბონ, თუ არადა, ყველასთვის ყველაფერი გასაგები გახდება.”

”ვერსიისთვის” მიცემულ ინტერვიუში კონსერვატორების ლიდერი ზვიად ძიძიგური ამბობს: ”თუ ვინმეს ჰგონია, რომ ქუჩაში გამოსული თუნდაც ასი ათასი ადამიანით მიადგებიან სააკაშვილს და აიძულებენ გადადგომას, რის შემდეგაც დავით ბაქრაძე დანიშნავს ახალ საპრეზიდენტო არჩევნებს, ძალიან გულუბრყვილოები ყოფილან.” - ამავე ინტერვიუში ძიძიგური იმასაც ამბობს, რომ ”უახლოეს მომავალში” ”რვიანიც” აპირებს აქციებს, ”მაგრამ რა არის ამაში რევოლუციური, გამაგებინეთ”, - კითხულობს კონსერვატორების ლიდერი.

”ვერსიაშივე” უმრავლესობის წარმომადგენელი ლაშა თორდია ამბობს, რომ მანიფესტაციაში პრობლემას ვერ ხედავს და ხელისუფლება არც ჩარევას აპირებს. ”ხოლო, თუ ვიღაცებს სურთ ხალხის გასაჭირი და კრიტიკული აზრი ძალადობრივი ქმედებებისთვის გამოიყენონ, მით უმეტეს, ჩრდილოელ მეზობელთან შეთანხმებითა და მისი ფინანსური რესურსების გამოყენებით, ეს არ გამოვა”. თორდია ინტერვიუში სახალხო დამცველის ანგარიშზეც ლაპარაკობს.

ამავე თემას ეძღვნება ინტერვიუ დეპუტატ პაატა დავითაიასთან, რომელსაც ”ახალი თაობის” კორესპონდენტი ესაუბრა. დავითაია ამბობს: ”როდესაც ერთი მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი იკვეთება, ჯანდაცვის სისტემაში დარღვევები იკვეთება, ეს მთავრობა მინისტრებისგან შედგება, ე.ი. პრემიერ-მინისტრია სუსტი, ამიტომ დგება მთელი მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხი. ხელისუფლებამ უნდა გაატაროს საკადრო ცვლილებები.”

დღეს გამოვიდა გაზეთი ”Weekend”-ი, რომელშიც ახალი მემარჯვენეების ლიდერ დავით გამყრელიძესთან ვრცელი ინტერვიუ ქვეყნდება: ”ხშირად ჩემს მეგობრებს პარტიაში ვეუბნები - მე რომ ვიყო სააკაშვილის ადგილას, მარტივად ვეტყოდი საზოგადოებას, რომ აღარ ვაპირებ ვიყო პრეზიდენტი, აღარ ვაპირებ დავრჩე პოლიტიკაში, ვფიქრობ, შევასრულე ის მისია, რაც მქონდა დაკისრებული და მე, როგორც ნეიტრალური, ვიქნები თავისუფალი არჩევნების არბიტრი და გარანტი...”.

”რეზონანსი” თბილისსა და ცხინვალს შორის უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საკითხის გარკვევის პროცესზე წერს სტატიაში სათაურით - ”ცხინვალი და თბილისი ომის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ცხედრებს ცვლიან”. ”რეზონანსის” კორესპონდენტი შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროს შოთა უტიაშვილს დაუკავშირდა და ჰკითხა: ”მოხდება თუ არა გაცვლები პერმანენტულად - ამაზე თუ ყოფილა რაიმე შეთანხმება?” უტიაშვილი პასუხობს: ”სამწუხაროდ, ამაზე არანაირი შეთანხმება არ ყოფილა. თუმცა ვმუშაობთ იმაზე, რომ მოხდეს დაკარგულების მოძიება, რომლებზეც ჯერჯერობით არაფერია ცნობილი”. ”რეზონანსის” სტატიაში კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილის კომენტარებსაც წაიკითხავთ: ”მე გახლდით ადრე ასეთი კომისიის ხელმძღვანელი და ასეთი სამარცხვინო რამ არასოდეს მომხდარა: მე ერთი გვამი გადავეცი და ახლა მაგათი რიგია და ა.შ. ასეთი სიტუაცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არამარტო ერთის, ორივე მხარის ბრალია”. ზაქარეიშვილი აგრეთვე აღნიშნავს: ”ასეთ შემთხვევებში აფხაზური მხარე ყოველთვის დამთმობი იყო, იმიტომ რომ მათთვის ადამიანის ბედი და ჭირისუფლის ინსტიტუტი ცალკე იდგა პოლიტიკისგან.”
XS
SM
MD
LG