Accessibility links

ირაკლი ალადაშვილი: თუ აკრიტიკებ, ესე იგი შენ ქვეყნის მოღალატე ხარ


სამხედრო ჟურნალისტი ირაკლი ალადაშვილი

სამხედრო ჟურნალისტი ირაკლი ალადაშვილი

„როგორ ჩამოყალიბდება საბრძოლო მეგობრობა, როდესაც სამხედრო ნაწილებში ყვავის დაბეზღების ინსტიტუტი? რომელი ბრძოლისუნარიანობის ამაღლებაზეა ლაპარაკი, თუკი არმიის საქმიანობას სამხედრო პოლიცია წარმართავს? როგორც აღმოჩნდა, თურმე კარგად ჩაცმული და აღჭურვილი არმია სულაც არ უზრუნველყოფს გამარჯვებას, როგორც ეს ხელისუფლებაშიც ბევრს ეგონა.“ - ეს სიტყვები ცნობილი ქართველი სამხედრო ჟურნალისტის, ირაკლი ალადაშვილის, ანალიტიკური სტატიიდანაა, რომელიც ყოველკვირეულ გაზეთ „კვირის პალიტრაში“ გასულ კვირაში გამოქვეყნდა. ირაკლი ალადაშვილმა რადიო თავისუფლებასთან საუბარში განაცხადა, რომ სამხედრო თემატიკაზე წერა საქართველოში ჟურნალისტისათვის სულ უფრო პრობლემატური და სარისკო ხდება.

ირაკლი ალადაშვილი, რომელიც ანალიტიკურ სტატიაში 20 წლის ქართული არმიის ისტორიას აჯამებს, თავიდანვე ხაზს უსვამს დღევანდელი ხელისუფლების მთავარ მიღწევას - არმიის იმიჯის სასიკეთოდ შეცვლას, იმიჯისა, რომელიც, ავტორის თქმით, წინა წლებში „დაკავშირებული იყო მშიერ და ჯარში ძალით წაყვანილ, ჩამოხეულფორმიან ჯარისკაცთან.“

თუმცა მედალს მეორე მხარეც აქვს. რაც დრო გადის, არმია სულ უფრო შორდება საზოგადოებას, ეს კი, ადრე თუ გვიან, „სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის სახელმწიფოს უსაფრთხოებასო, - წერს ირაკლი ალადაშვილი და საზოგადოებას არცთუ ისე დიდი ხნის წინანდელ მაგალითს შეახსენებს:

„მე, უბრალოდ, იმის თქმა მინდა, რომ ყველაზე კარგად ცნობილი ირაკლი ოქრუაშვილის მინისტრობის დროს, როგორიც იყო მაშინ არმია ჩაკეტილი და რაც ხდებოდა (რაც შემდეგ ქვეყანამაც და თავად ხელისუფლებამაც აღიარა, როდესაც მოხსნა ის თავდაცვის მინისტრობიდან), - დღეს, მე მგონი, არანაკლებ ჩაკეტილია შეიარაღებული ძალები და არანაკლებ დახურულია იგი საზოგადოებისათვის.“

კარჩაკეტილობის მიუხედავად, სამხედრო უწყებიდან იშვიათად, მაგრამ მაინც ჟონავს საგანგაშო ინფორმაცია უწყების შიგნით მომხდარი საწესდებო თუ საკადრო დარღვევების შესახებ. ამის ძალზე იშვიათი შემთხვევაა ოფიცერ ბადრი ხითარიშვილის საქმე, რომელსაც ეყო გამბედაობა და საზოგადოებას აცნობა იმ არაკანონიერ მოქმედებებზე, რომელიც მის მიმართ მეოთხე ბრიგადის მეთაურმა და გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილემ განახორციელეს, - წერს ირაკლი ალადაშვილი და რადიო თავისუფლებასთან საუბარში იხსენებს ხითარიშვილს ისტორიას:

„როგორც ქართული გაზეთები წერდნენ, ერთ-ერთი ბრიგადის მეთაურმა ის აითვალწუნა, როგორც თავად აცხადებს, ჯერ კიდევ 2005 წელს. შემდეგ უკვე მოხვდა იმავე ბრიგადაში, სადაც ის პირი მეთაური იყო. და იყო რაღაც პირადი პრობლემები. შემდეგ მას სამხრეები ჩამოახიეს, რისი უფლებაც არავის არ აქვს აბსოლუტურად, რადგან ეს სწორედ არასაწესდებო ურთიერთობაა. შემდეგ სცემეს და სწორედ ამაზეა საუბარი. ეს ფაქტი უნდა იქნეს გამოძიებული. ხომ შეიძლება, რომ ეს ადამიანი სწამებდეს ცილს სხვას? მაგრამ თუ ის მართალია, მაშინ უნდა დაისაჯონ ის პირები, რომლებმაც ოფიცრის წინააღმდეგ განახორციელეს არასაწესდებო ქმედებები.“

„როგორ გგონიათ, ასეთი სამხედროების საბრძოლო სულისკვეთება მაღალი იქნება? როგორ ჩამოყალიბდება საბრძოლო მეგობრობა, როდესაც სამხედრო ნაწილებში ყვავის დაბეზღების ინსტიტუტი? რომელ სამხედრო კარიერაზე იფიქროს ახალგაზრდა ოფიცერმა, როდესაც ხედავს, როგორ აწინაურებენ ახლობლებსა და "დაბეზღების ინსტიტუტის წარჩინებულებს"?“ - კითხულობს გაზეთ „კვირის პალიტრაში“ გამოქვეყნებულ ანალიტიკურ სტატიაში ირაკლი ალადაშვილი და საკუთარ სათქმელს ჩვენს რადიოსთან საუბარში კიდევ ერთხელ აზუსტებს:

„იმის თქმა მინდა, რომ დისციპლინა და წესრიგი ნებისმიერ სამხედრო სტრუქტურაში უნდა იყოს და არმია ამის გარეშე არც იარსებებს. მაგრამ, როდესაც ეს ყველაფერი გადადის შიშში, ეს საშინელებაა. არმიის პირადი შემადგენლობის ბევრ წევრს აქვს იმის შიში, რომ შეიძლება ის დაასმინონ ან დააბეზღონ მისმა თანამებრძოლებმა. და ამ დროს, მეორე დღეს რომ დაიწყოს საბრძოლო მოქმედებები ან ომი, ეს პიროვნებები ერთმანეთს არ გადაეფარებიან. ის ადამიანები, რომლებმაც იციან, რომ მათზე ხმა მიაქვთ ან რაღაც პრობლემებია, ისინი უკვე ბრძოლაში სხვანაირად მოიქცევიან, რაც, საბოლოო ჯამში, სამხედრო სულისკვეთებას აკნინებს და დაბლა სცემს.“

გაზეთ „კვირის პალიტრაში“ გამოქვეყნებული შეკითხვების მთავარი ადრესატი საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი და თავდაცვის მინისტრი არიან. თუმცა, როგორც ირაკლი ალადაშვილი აღნიშნავს, ამ შეკითხვებზე არ არსებობს პასუხები. სამაგიეროდ, ჟურნალისტი, რომელიც კრიტიკულ სტატიას გამოაქვეყნებს კარჩაკეტილ შეიარაღებულ ძალებში მომხდარ გახმაურებულ თუ გაუხმაურებელ სამართალდარღვევაზე, რისკავს, რომ დაიმსახუროს მუქარა და შეურაცხმყოფელი იარლიყები:

„წერის გამო პრობლემები იჩენს თავს. არის ბრალდებები თვით სამშობლოს ღალატის დონეზე, თუ როგორ შეიძლება შენ გააკრიტიკო ან თავდაცვის სამინისტრო, ან შეიარაღებული ძალები. თუ აკრიტიკებ, ესე იგი შენ ხარ ქვეყნის მოღალატე, ხარ რუსებთან. ეს ყველაფერი ძალიან მტკივნეულია, როდესაც ამას გაბრალებს ის ხალხი, ვისაც არმიასთან არ ჰქონია შეხება და საერთოდ ჩვენი სტატიებით მიხვდნენ, ტანკს მუხლუხები აქვს თუ არა.“

ასე ამთავრებს თავის სტატიას სამხედრო ჟურნალისტი ირაკლი ალადაშვილი, რეპორტიორი, რომელსაც სამხედრო ჟურნალისტიკაში მოღვაწეობის ზუსტად იმდენწლიანი სტაჟი აქვს, რამდენ წელსაც თავად საქართველოს არმია ითვლის.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG