Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაძლება და მარგინალიები


გამომცემლობა “ინტელექტი” აგრძელებს თავის სერიას, სადაც თანამედროვე ქართველი მწერლების ჩანაწერები გამოიცემა. ამჯერად ოთარ ჩხეიძისა და ლევან ბრეგაძის უბის წიგნაკებზე ვისაუბრებთ.

ჩანაწერების ჟანრის თავისებურებების განხილვა ალბათ მომავალშიც არაერთხელ მოგვიწევს, რადგან გამომცემლობა “ინტელექტის” მიერ აღებული ტემპი იძლევა ამის საშუალებას. ეს ის ჟანრია, რომელიც საქართველოში მაინცდამაინც დიდი ინტერესით არასდროს სარგებლობდა, ჯერ ერთი, იმიტომ რომ გულახდილობა აკლდა, მეორეც, სიღრმის, ერუდიციის, მახვილგონიერების, სისხარტის გამო. მხოლოდ რამდენიმე გამონაკლისი არსებობდა და ამ გამონაკლისებზე მომავალშიც ვისაუბრებთ, დღეს კი, მოდი, კრიტიკოს ლევან ბრეგაძეს მოვუსმინოთ, რომელიც ამ ჟანრის ისტორიას სულხან-საბადან იწყებს:

“ჩვენში ალბათ ეს ჟანრი სულხან-საბა ორბელიანით უნდა დავიწყოთ. თუმცა მისი “მოგზაურობა ევროპაში” ჟანრულად სამგზავრო რეპორტაჟია, მაგრამ ტექნიკა, რითაც ის ამ რეპორტაჟს წერს, არის ჩანაწერების ტექნიკა. ნამდვილი ჩანაწერები კი, ჟანრობრივად, მაინც იონა მეუნარგიადან იწყება – იგი, ჩემი აზრით, პირველია. “ჩემი აზრით” იმიტომ ვამბობ, რომ ამ ჟანრის ისტორია და თეორია შეუსწავლელია, თორემ შესაძლოა სხვაც გამოჩნდეს უფრო ადრინდელი და მე არ ვიცოდე. ჩემზე ასევე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ლადო ასათიანის ჩანაწერებმა, რომელიც 1978 წელს გამოცემულ ერთტომეულში შევიდა...”

მხოლოდ ერთ შესწორებას შევიტან ბატონ ლევანის სიტყვებში და გაგახსენებთ მეუნარგიამდე გაცილებით ადრე შესრულებულ, უკვე კლასიკად ქცეულ ჩანაწერებს - გრიგოლ ორბელიანის “მგზავრობა ჩემი ტფილისიდამ პეტერბურღამდის”, ასევე - მის დღიურებს.

ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე გამომცემლობა “ინტელექტმა” სპეციალურ სერიაში 6 წიგნი გამოსცა. ოთარ ჭილაძისა და ბაჩანა ბრეგვაძის ჩანაწერებზე უკვე გვქონდა საუბარი, დღეს კი ოთარ ჩხეიძის წიგნზე ვისაუბრებთ და ასევე ლევან ბრეგაძის მარგინალიების კრებულზე.

ოთარ ჩხეიძის ჩანაწერები 1965 წლიდან იწყება და მის პირველივე აბზაცს გადავყავართ ქართული ლიტერატურული სცენის მიღმა, კულისებში, იქ, სადაც სულ სხვა ვნებები ტრიალებდა. ავტორის პირველივე ჩანაწერი მისი რომანის, “კვერნაქის” განხილვას შეეხება. აქ დეტალურადაა გადმოცემული მომხსენებლების გამოსვლები, აღწერილია გარემო, დამოკიდებულება:

“კრიტიკისა და ცენზურის მიერ განაწამები მწერალი იყო ოთარ ჩხეიძე და ასეთი ძნელი ცხოვრება იშვიათად ჰქონია მწერალს. და ხშირად გასაგებიც არის მისი წუხილი. ეს ჩანაწერები მრავალფეროვანია, აქ არის სატირული ჩანახატები, იუმორი, ისეთი ჩანაწერებიცაა, სადაც ის თითქოს დეპრესიაშია... ერთგან ასეც ამბობს, ნეტა რაღაც უცებ მომიღებდეს ბოლოს, რადგან ასე ნელ-ნელა რომ მკლავენ, ეს საშინელება არისო. რითი იყო გამოწვეული ეს მისი პრობლემა? საქმე ისაა, რომ თითქმის ვერც ერთი რომანი (ოთარ ჩხეიძემ, საბოლოოდ, 22 რომანი დატოვა, რომ აღარაფერი ვთქვათ სხვა ჟანრებზე - დრამაზე, ნოველებზე, თარგმანებზე და ესეებზე) ოთარ ჩხეიძემ იმ სახით ვერ გამოაქვეყნა, რა სახითაც დაწერა და მწერლისთვის ეს ძალიან დიდი უბედურება გახლავთ.”

ჩანაწერებში ძალიან საინტერესო პორტრეტებია დახატული: გიორგი ლეონიძე, ლევან გოთუა, სერგო კლდიაშვილი, ვახტანგ ჭელიძე და მრავალი სხვა. ძალიან ხშირია უაღრესად ზუსტი და იმ დროისთვის სრულიად ახალი დაკვირვებები. მაგალითად, ასეთი: “გალაკტიონის პირველ ლექსებში ილიას ინტონაცია, ილიას ნაღველი და ელეგიური განწყობილებანი მოისმის. გალაკტიონის კრიტიკოსებს ეს არასოდეს შეუმჩნევიათ. თვითონაც, გალაკტიონიც, არ მოიგონებდა ამ შთაგონებასა, ის უფრო აკაკის ეფერებოდა, აკაკის აღიარებდა თავის წინაპრადა, მაგრამ აკაკისა მხოლოდ გარეგნობაა მის პოეზიაში, ხოლო ილიასი – სული და ინტონაცია...”

ოთარ ჩხეიძეს, მისი ჩანაწერების მიხედვით, ძალიან ხშირად ვხედავთ საგამოფენო დარბაზებში. იგი ბევრს წერს მხატვრებზე, მხატვრობაზე, ელენე ახვლედიანის თბილისზე, გუდიაშვილზე, თავისი თაობისა და შედარებით უმცროსი თაობის მხატვრებზეც. არის კულუარული ისტორიებიც. ამაზე ჩემთან საუბარში ლევან ბრეგაძემაც გაამახვილა ყურადღება:

“ერთი რამ მინდა აღვნიშნო, რაც განსაკუთრებით საინტერესოს ხდის ამ ჩანაწერებს. აქ არის კულუარული ამბები, რომლებიც სხვაგვარად ვერ შემორჩებოდა ან ნაკლებად შემორჩებოდა ისტორიას. ძალიან საინტერესოა მწერლების ეს ურთიერთდამოკიდებულება. ავტორის დამოკიდებულება იმათთან, ვინც მას ებრძვის. როდესაც ავტორი ინიშნავს ამ თავის დამოკიდებულებას, იმ წუთში ის შეიძლება არაფერი არ არის, მაგრამ უცნაური რაღაცა ხდება, გადის დრო, გადის წლები და ძალიან მნიშვნელოვანი ხდება ეს ჩანაწერი. ამ ჟანრის დამახასიათებელი თვისებაა ესეც და აქ ძალიან კარგად ჩანს რამ გააძლებინა ავტორს ამ ვითარებაში. გააძლებინა მოწინააღმდეგეებზე სულიერი აღმატებულობის შეგნებამ, ეს საერთოდ აძლებინებს ადამიანებს და ეს კარგად ჩანს ამ ჩანაწერებში.”

სრულიად განსხვავებულია თავად ლევან ბრეგაძის “მარგინალიები”, რომელიც რამდენიმე ათწლეულის მანძილზე მოგროვილი ფრაზების, პორტრეტებისა და დაკვირვებების შედეგია. წიგნი თემატურ თავებადაცაა დაყოფილი, სადაც ერთი ნაკვეთი ბიბლიოფილებს ეძღვნებათ, მეორე - თარგმანის პრობლემებს, სხვები - ბავშვებს. ლევან ბრეგაძის “მარგინალიები” ძალიან ლაღად იკითხება, ხშირად გაგეცინებათ, ბევრჯერ გაოცდებით, ერთი მხრივ, ავტორის მიგნებებით, მეორე მხრივ კი, იმ ადამიანთა მახვილსიტყვაობით თუ სიბრძნით, ვისაც ავტორი იმოწმებს:

“ჩემი ჩანაწერები სხვაგვარად არის შეგროვებული. ეს მართლა უბის წიგნაკია, უბის წიგნაკში ჩანიშნული აზრებით და კიდევ, “უბის წიგნაკის” გარდა, ეს არის წიგნის არშიები, სადაც კითხვის დროს რაღაცა აზრი მოგივა თავში, ინიშნავ, მერე მიუბრუნდები, დაამუშავებ, ლიტერატურულ ფორმას მისცემ... მე მაინც ვცდილობდი, რომ ესენი რაღაცა პატარა მინიატურული ნოველებივით ყოფილიყო.”

ასეთ მინიატურულ ნოველებს, შემეცნებითის გარდა, სხვა დანიშნულებაც აქვს. იგი ართობს მკითხველს და აფიქრებს კიდეც. ზოგიერთი ხუმრობა კი სწორედ ლევან ბრეგაძის წყალობით შემორჩება ლიტერატურის ისტორიას. როგორც, მაგალითად, ეს:

“ახალი გამოქვეყნებული იყო ბესიკ ხარანაულის “კარტოფილის ამოღება”, როცა დაიბეჭდა რევაზ ინანიშვილის “ღორის დაკვლა”. ნიკა აგიაშვილმა თქვა: “კარტოფილი ამოღებულია, ღორი დაკლულია. ახლა დროა, ვინმემ დაწეროს "სოუზის მომზადება”.
XS
SM
MD
LG